№52 ექიმის რჩევები
კითხვა: რაზე მიუთითებს, როცა ერითროციტები ნორმაზე ცოტა მეტია?
პასუხი: სისხლში ერითროციტების რაოდენობა ნორმას აღემატება დაბალი არტერიული წნევის პირობებში, გულის მანკების, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, გულის იშემიური დაავადებების, ფილტვისმიერი გულის, არტერიო-ვენოზური ანევრიზმებისა და სხვა შემთხვევებში. დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია პაციენტის ჩივილების მოსმენა, გასინჯვა და სხვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რისთვისაც ოჯახის ექიმს ან ჰემატოლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: რომელი თვიდან ამოსდით პატარებს კბილები?
პასუხი: პირველი სარძევე კბილების ამოჭრის ვადა საშუალოდ 6-9 თვეა.
კითხვა: 3 დღეა, რაც უცხოეთიდან დავბრუნდი. ყოველ ღამე მაქვს სიცხე. დღის განმავლობაში არაფერი მაწუხებს, მხოლოდ შარდია შედარებით მუქი ყვითელი შეფერილობის. შეიძლება, ამას რამე კავშირი ჰქონდეს იმასთან, რომ წამოსვლის წინ მქონდა დაუცველი სექსი? ვარ 21 წლის მამაკაცი.
პასუხი: სასქესო ინფექციას სხვა ჩივილებიც უნდა ახლდეს თან, თუმცა გამორიცხული არაფერია. რადგან შარდი გაქვთ მუქი, დააკვირდით განავალსაც, თუ ღია ფერისაა, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ვირუსული ჰეპატიტი. თუმცა ზომიერად მუქი შარდი ტემპერატურის მატების ფონზეც შეიძლება იყოს. ზეპირად ზუსტი დასკვნის გაკეთება, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება. თუ მაღალი ტემპერატურა კვლავ გაგრძელდება, აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევა.
კითხვა: ზამთარში ხშირად მიჩნდება ჰერპესი ტუჩთან. რით არის ეს განპირობებული და როგორ შეიძლება, დავიცვა თავი მისგან?
პასუხი: რადგან ხშირი რეციდივი გაქვთ, აუცილებელია დერმატოლოგის კონსულტაცია ანტივირუსული მკურნალობის ჩასატარებლად და იმუნოდეფიციტური მდგომარეობის გამოსავლენად. ინფორმაციისთვის: ჰერპესი ქრონიკული ხასიათის დაავადებაა, ანუ მისგან საბოლოოდ განკურნება შეუძლებელია, ჰერპეს-ვირუსი რჩება ორგანიზმში და მისთვის სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში (მაგალითად: იმუნიტეტის დაქვეითება, ცხელებით მიმდინარე დაავადებები და ასე შემდეგ) აქტიურდება. ჰერპესის მკურნალობის არსს წარმოადგენს მისი არააქტიურ ფაზაში გადაყვანა. ზოგადად, ეფექტურია შინაგანად მისაღები ანტივირუსული პრეპარატები.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე