№52 ჭარხლის სამკურნალო თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ჭარხლის სასარგებლო თვისებებზე ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში წერდა ჰიპოკრატე – მაშინ ეს მცენარე მხოლოდ სამკურნალო მიზნით გამოიყენებოდა. ჭარხალი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ვაშლისა და ლიმონის მჟავას, რაც დადებითად მოქმედებს მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე, ხოლო რკინის შემცველობით ის მხოლოდ ნიორს თუ ჩამოუვარდება. გარდა ამისა, ჭარხალი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რაც დაბერების პროცესს ანელებს. ის, აგრეთვე, შეიცავს კალიუმს, მაგნიუმსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ჭარხლის ახალგამოწურული წვენი ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას. ეს პროდუქტი აუმჯობესებს გულისა და ტვინის მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. სასურველია, ჭარხლის წვენი იმავე რაოდენობით სტაფილოს წვენით გააზავოთ და ისე მიირთვათ.
ჭარხალი სასარგებლოა როგორც მოხარშული, ისე უმი. მოხარშულს აქვს გამხსნელისა და შარდმდენის თვისება, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს, მარილებს. 100-150 გრამი მოხარშული ჭარხალი რეკომენდებულია შეკრულობის დროს.
ახალგამოწურული ჭარხლის წვენი 2 საათით შედგით მაცივარში, შემდეგ მიიღეთ ოდნავ შემთბარი, ჭამამდე 15 წუთით ადრე. სასურველია, ჭარხლის წვენს შეურიოთ თანაბარი რაოდენობის სტაფილოს წვენი.
ყოველდღიურ მენიუში ჭარხლის ჩართვა განსაკუთრებით იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელთაც მომატებული აქვთ ქოლესტერინი. ჭარხალი მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის, მეხსიერებისთვის, ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის. ჭარხალში ასევე, ბევრია ფოლიუმის მჟავა, რომელიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. ამ სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარია როგორც ჭარხლის ფესვი (ძირხვენა), ასევე, ფოთლები, ხოლო ცილები (ამინომჟავები) და მინერალური ნივთიერებები ფოთლებში 2-3-ჯერ უფრო მეტია. ეს ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მოზრდილთათვისაც.
ჭარხალი შეიცავს დაბერების პროცესის ხელის შემშლელ B ჯგუფის ვიტამინებს და უხვად – ანტიოქსიდანტებს (ბეტა-კაროტინს, C ვიტამინს), P ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებას, აქვს ალერგიის საწინააღმდეგო თვისება და აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას.
ჭარხალს წითელ ფერს სძენს ბეტაინი, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი ტოქსიკური ამინომჟავების – ჰომოცისტეინის დონეს, ადნობს სისხლძარღვებში დაგროვებულ კალციუმს, რითაც აუმჯობესებს გულისა და ტვინის მუშაობას. ანტიოქსიდანტი ბეტაინი ამაღლებს ფიზიკურ აქტიურობას და ამტანიანობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
მოხარშული ჭარხალი, პირველ რიგში, შესანიშნავი შარდმდენი და მოსადუნებელი საშუალებაა. ის ორგანიზმის ყველაზე კარგი გამწმენდია. ბოჭკოვანას, ორგანული ელემენტებისა და სხვა ნივთიერებების წყალობით, ჭარხალი შესანიშნავად არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აძლიერებს ნაწლავის პერსიტალტიკას, ანადგურებს ლპობის ბაქტერიებს.