№52 ვის ემუქრება მენისკი და როგორ გავუმკლავდეთ მას
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მენისკი – მუხლის სახსარში ჩართული 2 ნამგლის მოყვანილობის სახსარშიგა ხრტილი. მენისკები მდებარეობს დიდი წვივის როკებზე ზემოდან, მათი გარეთა განიერი ნაპირი შეხორცებულია მუხლის სახსრის ჩანთასთან, წინა ბოლოებს კი ერთმანეთთან აკავშირებს მუხლის განივი იოგი. მენისკი ასუსტებს მოძრაობით გამოწვეულ მექანიკურ ტრავმას, ამცირებს ხახუნს და ზრდის მუხლის სახსარში შემავალი ძვლების სასახსრე ზედაპირების შესატყვისობას (კონგრუენტობას). მენისკი ყველაზე ხშირად უზიანდებათ სპორტსმენებს, უმეტესად ფეხბურთელებს, სიმაღლეზე მხტომელებს, მოჭიდავეებს, აგრეთვე, ბალეტის მსახიობებს. ადამიანებს, რომლებიც მუდმივად მძიმე შრომით არიან დაკავებული.
ხშირად მენისკთან ერთად ზიანდება მუხლის სახსრის სხვა ელემენტებიც. მენისკის დაზიანებისას საჭიროა მენისკის მთლიანად ან მისი ნაწილის ოპერაციული მოცილება. ოპერაციის შემდეგ აუცილებელია სახსრის ფიქსაცია (7-10 დღე), 10-14 დღის შემდეგ სახსრის მსუბუქი დატვირთვა; გაურთულებელ შემთხვევაში, 5-6 კვირის შემდეგ სახსრის ფუნქცია სრულიად აღდგება.
მენისკის დეგენერაციულ ცვლილებებს შესაძლოა, სათავე დაუდოს ქრონიკულმა მიკროტრავმამ, ასევე – რევმატიზმმა, პოდაგრამ, ქრონიკულმა ინტოქსიკაციამ, განსაკუთრებით – თუ ადამიანს ბევრი სიარული ან ფეხზე დიდხანს დგომა უხდება.
განასხვავებენ მენისკის დაზიანების შემდეგ სახეებს:
1. მენისკის მოცილება მიმაგრების ადგილიდან;
2. მენისკის დაზიანების სხვადასხვა კომბინაცია;
3. მენისკების ზედმეტი მოძრაობა (მენისკებს შორის იოგის გაგლეჯის ან მისი დეგენერაციის გამო);
4. მენისკის ქრონიკული ტრავმატიზაცია;
5. მენისკის კისტოზური გადაგვარება (მენისკის კისტა).
ხასიათის მიხედვით კი განასხვავებენ სრულ, არასრულ, შუამდებარე, გარდიგარდმო და დაფლეთილ დაზიანებებს.
არსებობს მენისკის კისტოზური დაავადების რამდენიმე დონე:
დონე 1: კისტა განისაზღვრება მხოლოდ ჰისტოლოგიურად;
დონე 2: მენისკის გარე ნაწილზე არის მცირედი ამობურცული ნაწილი, რომელიც ქრება სახსრის გაშლისას;
დონე 3: ლორწოვანი კისტების წარმოქმნა, არა მარტო მენისკის, არამედ დამაკავშირებელ ქსოვილებშიც.
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
* მენისკის მიკრო და განმეორებითი ტრავმები;
* მუხლის სახსრის ჭარბი დატვირთვა;
* მძიმე ფიზიკური შრომა, მძიმე ტვირთის აწევით;
* კონსტიტუციური მიდრეკილება;
* ქსოვილებში შეშუპების, ლიმფური და დეგენერაციული გამოვლენები.
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
* მწვავე ტკივილი როგორც მშვიდ, ისე აქტიურ მდგომარეობაში;
* კუნთის უჯრედების კვების დარღვევა;
* დაზიანებულ ადგილას მაღალი ტემპერატურა;
* ტკაცუნი ფეხის მოხრის დროს;
* სახსრის გადიდება.
პროფილაქტიკა:
* ორთოპედთან რეგულარული ვიზიტი;
* მენისკის პრობლემის გაჩენისას ფიზიოპროცედურების ან მედიკამენტური თერაპიის ჩატარება; ფიზიოთერაპევტის მიერ დანიშნული მასაჟი.
ოპერაციული მკურნალობა მენისკის ამოკვეთას გულისხმობს. თაბაშირის ლონგეტის მოხსნის შემდეგ ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, ბარძაყის მასაჟი, ფიზიოთერაპია. შრომის უნარი აღდგება 1-1,5 თვის შემდეგ. დროულად ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.