№52 ღალატზე უფრო მძიმე
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
არსებობს სამი განსაკუთრებული შეცდომა, რაც ღალატზე მძიმედ აღიქმება და შემდგომში „ჩუმად“ – ანუ, ისე რომ რეალურ სიმპტომებს ვერ დაინახავთ, გაანადგურებს თქვენს ურთიერთობას.
ალბათ, ფიქრობთ, რომ ღალატზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს. მაგრამ სტატისტიკამ აჩვენა, რომ ღალატი იშვიათად ანგრევს ურთიერთობას. ქალებისა და კაცების უმეტესობა პარტნიორს ღალატს პატიობს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობას ღალატი საკმაოდ მძიმედ გადააქვს, კრიზისი გადის და საბოლოოდ, მაინც ერთად რჩებიან. მაგრამ ის სამი განსაკუთრებული შეცდომა, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, დაუნდობლად დაასრულებს თქვენს კავშირს.
* უყურადღებობა – ანუ, როცა არ უთმობთ ერთმანეთს სათანადო დროს. ბუნებრივია, თქვენ ამას განგებ არ აკეთებთ, ვერც კი გრძნობთ, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ხშირად ხდება ასე. სხვადასხვა საქმით ზედმეტად დაკავებული სულ უფრო ნაკლებად უსმენთ ერთმანეთს, ნაკლებ დროს ატარებთ ერთად და აღარ იქცევით ისე, როგორც შეყვარებულები.
* ნდობის გაქრობა – აღარ ენდობით ერთმანეთს. ნდობის დეფიციტი ურთიერთობაზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება. პარტნიორის მიმართ უნდობლობა – ეჭვები ღალატზე დიდ დაძაბულობას იწვევს, რაც საკმაოდ დიდხანს რჩება. ზოგჯერ ხდება, რომ ტყუილ ეჭვს ღალატის პროვოცირებაც მოუხდენია.
* სიახლოვის დეფიციტი – ამაში მხოლოდ სექსი არ მოიაზრება, არამედ სიყვარულის გამოხატვის ყველა სხვა ფიზიკური და სიტყვიერი შესაძლებლობა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ემოციური სიახლოვე, რის გარეშეც ფიზიკური და სექსუალური სიახლოვე არაფერია. არასდროს გამოიყენოთ შანტაჟისთვის თქვენი ინტიმური ურთიერთობა.
P.S. დაიმახსოვრეთ, ეს სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ურთიერთობას მაშინვე არ კლავს, ნელ-ნელა შლის და ისეთ დასასრულამდე მიჰყავს, როცა გამოსავალი აღარ რჩება. ადამიანები იტანჯებიან, ითმენენ, იმედი აქვთ, რომ რაღაც გამოსწორდება, უკთესობისკენ შეიცვლება... მაგრამ ბოლოს ვეღარ ითმენენ და მიდიან. ეს ერთ, გაუაზრებელ ღალატზე უარესია.
სიყვარულის უნარი
სიყვარულსაც ნიჭი სჭირდება, უნარი, რომელიც ან გაქვს, ან არა. თუმცა, ამბობენ, რომ სიყვარულის სწავლაც შეიძლება. ამას უკვე მონდომება შეგაძლებინებთ. თუ ისეთ წვრილმანებს გაითვალისწინებთ, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, შესაძლოა, თქვენში ეს არაჩვეულებრივი გრძნობა გააღვიძოთ.
* გაითავისეთ, რომ სიყვარულს იმსახურებთ. მიეცით სწორი დანიშნულება და მიმართულება ამ გრძნობას;
* იზრუნეთ თქვენი რჩეულის ბედნიერ თვალებზე. თვალებით ხომ ყველაფრის თქმა შეიძლება. ბედნიერებაც ყველაზე მეტად თვალებს ეტყობა.
* გახსოვდეთ, სიყვარულში არ არსებობს საზღვრები და წესები. გააკეთეთ რამე მხოლოდ იმ ერთი წუთისთვის. რადგან ამ ერთ წუთშია თავმოყრილი ყველაფერი, თითქმის მთელი სიცოცხლე.
* ეცადეთ, არასდროს გაგიფუჭოთ რომანტიკულ განწყობა დაღლამ, წვიმამ, ყინვამ ან სხვა უმნიშვნელო გარემოებამ. გარემოს ხომ ჩვენით ვიქმნით.
* დაიჯერეთ, რომ სინამდვილეში, ურთიერთობები ძალიან მარტივია. დაივიწყეთ უსაფუძვლო და აზრს მოკლებული „პრინციპები“ – მაგალითად, ჩვენ, ქალბატონები, ხანდახან განგებ ვაჩვენებთ პარტნიორებს თავს სუსტ არსებებად, რადგან გვსიამოვნებს, ჩვენ გვერდით ძლიერ კაცს ვხედავდეთ. არადა, ნებისმიერ ქალს შეუძლია, წამის მეათასედში იქცეს ძლიერად, თქვენ, უბრალოდ, იზრუნეთ იმაზე, რომ ეს არ დაგჭირდეთ..
* ნურასოდეს ატკენთ გულს საყვარელ ადამიანს. დააფასეთ ურთიერთობა, როგორც უძვირფასესი საჩუქარი. იგრძენით ეს სასიამოვნო პასუხისმგებლობა.
* ყოველთვის დაანახვეთ, რომ მისი პირველი გულშემატკივარი ხართ. თქვენგან წამოსული სტიმული არ ჰგავს სხვისას, ეს ის სტიმულია მთებსა და ზღვებს რომ გადაგადგმევინებთ. არასოდეს დატოვოთ საყვარელი ადამიანი მარტო ცხოვრების გამოწვევებთან.
* დაარწმუნეთ თქვენი რჩეული საკუთარ შესაძლებლობებში. გაუმყარეთ რწმენა არა მარტო საკუთარი თავისადმი, არამედ თქვენდამიც.
* თქვით: „მერე რა“, თუ რაღაც ისე ვერ გააკეთა, როგორც საჭირო იყო.
* ხშირად გამოიყენეთ სიტყვები: „უკეთესად გამოგივა“, „ერთად ვისწავლოთ“, „გავაუმჯობესებთ“ და სხვა მრავალი მოტივაციის ასამაღლებელი „ჯადოქრობა“, რომ მოუნდეს თქვენთვის გემრიელი საჭმლის მომზადება ან, უბრალოდ, ჩახუტება.
* მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ მისი რჩეული – ეს განსაკუთრებული გრძნობაა.
სანდო
„მიჯაჭვულობა“
წყვილის ურთიერთობა მთელი ფილოსოფიაა. ყველა წყვილს საკუთარი „გაიდლაინი“ აქვს. მაგრამ არსებობს მსგავსებაც. კვლევების თანახმად, წყვილები, რომლებიც ჩხუბის შემდეგ მალე რიგდებიან, ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, დიდი ალბათობით, სამუდამოდ ერთად რჩებიან. ამ მოვლენის სათავე უფრო ღრმა ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ანუ, ვისაც „სანდო მიჯაჭვულობის“ შინაგანი მოდელი ახასიათებდა, მოზრდილობისას უკეთესად აკონტროლებს ემოციებს და თავის ხელში აყვანაც უკეთესად გამოსდის.
რა არის „სანდო მიჯაჭვულობა“ – ამ მოდელის თანახმად, ბავშვები გრძნობენ მზრუნველობას მშობლებისაგან და ენდობიან მათ. ასეთი პატარები კი გამძლეობის მაღალი უნარითაც გამოირჩევიან. იგივე ხდება მოზრდილობაშიც: ადამიანები, რომლებიც თავს დაცულად გრძნობენ და ენდობიან პარტნიორებს, მეტად აკონტროლებენ ემოციებს ყოველ სიტუაციაში, მათ შორის, კამათშიც. ასევე, შეუძლიათ ურთიერთობის სწრაფად აღდგენა კონფლიქტის შემდეგ. თუ ერთი პარტნიორი კონფლიქტის აღდგენის პროცესს მართავს, ეს მეორე პარტნიორისთვის და საერთოდ, ურთიერთობისთვის დამცავ ზონად იქცევა. ზოგიერთი წყვილი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ახერხებს ძალიან მწვავე დისკუსია უცებ სასიამოვნო საუბრად გადააქციოს.
ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ საკმარისია, წყვილში ერთ პარტნიორს ჰქონდეს დამამშვიდებელი გავლენის თვისებები და ურთიერთობის სწრაფად აღდგენის უნარი, რომ მათ შორის კავშირი აუცილებლად შენარჩუნდება.