№52 „თინეიჯერულად“ გაბრექილები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ როგორ ამართლებს „ნაცმოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ოცნებას
თითქოს სხვა პრობლემა არ იყოს, ოპოზიცია, სატელევიზიო კამერებით ზომაზე მეტად უზრუნველყოფილი, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად კვლავ მხოლოდ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას ასახელებს (და მერე რა, რომ ამჟამინდელი ოპოზიციის მებაირახტრე „ნაციონალური მოძრაობა“, თავის წიაღიდანვე ნაშობ „ევროპულ საქართველოსთან“ უნისონში, თავის დროზე, მაჟორიტარების გაუქმებას ქვეყნის დაქცევად მიიჩნევდა და ამიტომაც გაზარდეს პარლამენტში მათი ოდენობა 50-დან 75-მდე, მაგრამ ეს სხვა ოპერის პოლიტიკური არიაა).
რაკი პრიორიტეტი არაადეკვატურია (ვინაიდან მოსახლეობას სულ სხვა პრობლემები აწუხებს და ხეირიანად ვერც ვერავინ აუხსნის, რით გააუმჯობესებს მის ცხოვრებას 150 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი და გააუარესებს 75 მაჟორიტარული წესით არჩეული), სავსებით ბუნებრივია, რომ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს ვერ ატარებენ (რაც, მეორე მხრივ, ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, პრობლემების მოგვარებაზე კი არ იფიქროს, არამედ დატკბეს მოცემულობით, ანუ ოცნებაშიც კი ვერ ინატრებდნენ ასეთ ოპოზიციას), სამაგიეროდ, საქმეში ჩვენი დასავლელი პარტნიორ-მეგობრები ჩაერთნენ.
მართალია, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ჯერ ვერაფერზე მოილაპარაკეს (ოპოზიცია ისეთ მოდელს ითხოვს, რომელიც მას დამარცხების შემთხვევაშიც მოუტანს გამარჯვებას, ხელისუფლება კი, ცხადია, ცდილობს, საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო გააუმჯობესოს), მაგრამ ოპოზიციისთვის ისიც საქმეა, რომ იმაზე წონიანი პოლიტიკური მოთამაშის ილუზიას ქმნის, ვიდრე არის (მოსახლეობის მხარდაჭერის მხრივ). რაც მთავარია, დასავლელები (საქართველოში აშშ-ს ელჩის თაოსნობითა და ევროკავშირის ელჩთან უნისონში) კმაყოფილები არიან, დიალოგი მიმდინარეობსო (პათოსით, ნუ იქნება ოღონდ ბუნტი).
მმართველი პარტია ოპოზიციას 100/50-ზე მოდელს სთავაზობს, როდესაც 100 დეპუტატი პროპორციული წესითაა არჩეული, ხოლო 50 – მაჟორიტარულით. ოპოზიცია კვლავ უარზეა (ცხადია, იქნება, იმიტომ რომ პოლიტიკურ სცენაზე ყოფნის აუცილებელი პირობა მუდმივი უკმაყოფილებაა) და, მაგალითად, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავაც ჩვეულ ფორმაშია (მომყავს ციტატა): „...ეს უგვანები მოვიდნენ სისტემით, რომელიც ხუნდაძე-ბერაიასთან შეათანხმეს და გვეუბნებიან ახლა ჯოკერიც ქვემოდან ამოდეთო. ყველა სიკეთესთან ერთად უბრალო იდიოტებთან გვაქვს საქმე.“
თითქოს ნიუანსია (ადრე თუ გვიან, საარჩევნო სისტემას ეშველება), მაგრამ აი, ქართველი პოლიტიკოსები როდის დაძლევენ ინფანტილიზმსა და გაეშვებიან „თინეიჯერულ“ ბრექას, ეს კითხვათა კითხვაა.