№52 „სისხლი სისხლის წილ“
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ მოძალადეების სამართალი
გასულ კვირას საზოგადოება მორიგმა ტრაგედიამ შეაძრწუნა, 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა და, ჩვეულებისამებრ, საზოგადოებამ, პოლიტიკური სპექტრიანად (სიკვდილი ისეთი რამაა, რაზეც ქართველი პოლიტიკოსი ყველაზე სარფიანად ვაჭრობს), დამნაშავის თავის გაგორება მოითხოვა. ამიტომაც გამომძიებლის დაპატიმრებამაც ვერ დააშოშმინა (წინასწარი ინფორმაციით, მას მოზარდზე ზეწოლაში ადანაშაულებენ), მთელი ეს პროცესი კი გაჟღენთილია სლოგანით: „ამ ცხოვრების დედაც...“ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მას ზრდასრულებიც აჰყვნენ, იმას გარდა, რომ თვითმკვლელობის ფაქტს ქართული ტელევიზიები ისე აქტიურად და ისტერიულად აშუქებენ, ჭკუადამჯდარ ადამიანს (თუკი ამ ქვეყანაში ასეთი დაგვრჩა) ეგონებოდა, რომ აპოკალიფსია დაწყებული.
მე არ ვიცი, მედიასა და საზოგადოებას ეს უცოდინრობით მოსდის (სუიციდის გაშუქებას თავისი წესი აქვს) თუ, უბრალოდ, თვითგანადგურების კოდია შეუქცევადად ჩართული, მაგრამ ის კი დანამდვილებითაა ცნობილი (თანაც – მეცნიერულად დადასტურებული), რომ უბედური შემთხვევების ტელევიზიით გადაცემა, მათ შორის, მკვლელობებისა და თვითმკვლელობების – შეუქცევადად ზრდის მკვლელობებისა და თვითმკვლელობების რიცხვს! ამდენად, სრულიად გაუგებარია, რატომ ეწყობა ხელი მოზარდებისთვის თავის მოკვლის სურვილის გაღვივებას?!