№52 გულისგულში ნასროლები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მდინარის პირას – მტრის ცხედრების მოლოდინში
მაშინ, როდესაც რფ-ის პრ.-ი მოსახლეობას ებაასებოდა პირდაპირ ეთერში (ტრადიციულად), იმასაც კი მოვესწარით, რომ რუსეთის გულის (მოსკოვის) გულში (ლუბიანკაზე) თვით „ეფ ეს ბეს“ შენობას დაესხნენ თავს. ოფიციალური ინფორმაციით, ერთმა პირმა გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ერთი რუსი სამართალდამცველი დაიღუპა, სამი კი – დაიჭრა (მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა). ოფიციალური კრემლი უარყოფს, რომ თავდამსხმელი რამდენიმე იყო და ერთადერთის ვერსიას ავითარებენ. ასევე, ირწმუნებიან, რომ შენობაში არავინ შეჭრილა.
უნდა შევნიშნოთ, რომ რფ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავს დაესხნენ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ უწყებას. აქამდე რფ-ის ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ტერაქტი თუ თავდასხმა მოქალაქეებისადმი იყო მიმართული, რაც იმას მიშნავს, რომ თვისებრივად ახალ რეალობის მომსწრენი ვართ, თუმცა უცნობია, ვინ არის ამ ინციდენტის შემოქმედი, მაგრამ, ვინც უნდა იყოს, როგორც ჩანს, ვითარება ჩრდილოეთშიც იცვლება. ხოლო, რაკი ჩვენ, ჩვეულებისამებრ, ყოველთვის ემოციურად ვმოქმედებთ (და დაგეგმილი და რაციონალური არაფერი გაგვაჩნია), შესაძლოა, ისეც კი ხდება, რომ მდინარის პირას მშფოთავთ ცხოვრებამ მართლაც მოგვასწროს მტრების ცხედრების ჩამოტარებას.