№51 რატომ ვერ მოიცალა შალვა ნათელაშვილის შვილმა პირადი ცხოვრებისთვის
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
26 წლის ბექა ნათელაშვილი ბოლო დროს აქტიურადაა ჩაბმული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ამის გამო ორჯერ დააკავეს, თუმცა ხელწერილით გამოუშვეს. მიაჩნია, რომ მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და იმავდროულად, ქვეყნისთვის საჭირო.
ბექა ნათელაშვილი: ბავშვობაში, ცაში რომ ვიხედებოდი და ვხედავდი, თვითმფრინავები როგორ დაფრინავდნენ, ძალიან მომწონდა. მეგონა, ზემოდან ყველაფერი ლამაზი და კარგი იყო და ამიტომ, ძალიან მინდოდა პილოტი გამოვსულიყავი და მეც მეფრინა. ზემოდან უფრო მარტივია შეფასება და დაკვირვება, რაც ქვემოთ ხდება. ცაში რომ აფრინდები, გადმოხედავ და დაინახავ, რა ლამაზია ქართული მიწა, მაგრამ ისე არ არის დამუშავებული, როგორც ამერიკაში, ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, გული გტკივა. თან, რომ ზიხარ თვითმფრინავში და დღევანდელ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გახსენდება, უფრო მეტად გინდება დედამიწაზე დაფრენა და ყველაფრის მოგვარება. ახლა რომ ვფიქრობ, პილოტი მაშინ გამოვიდოდი, თუ ჩემს ქვეყანაში ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც უნდა ყოფილიყო. მეც მშვიდად ვიფრენდი, ზემოდანაც სიამაყით გადმოვიხედავდი.
– ესე იგი, ცაში ფრენის დრო არ გვაქვს და მიწაზე მყარად უნდა ვიდგეთ?
– ზუსტად! ახლა სჯობს, ყველამ ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა გავითავისოთ და წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. პილოტიც, პოლიციელიც და პურის მცხობელიც იმაზე უნდა ფიქრობდეს, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისული, დაძაბული სიტუაციიდან.
– ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში აქტიურად ხარ ჩართული. ორჯერ დაგაკავეს კიდეც. როგორ ფიქრობ, რომ არა პოლიტიკოსი მამა, ასე აქტიურად იქნებოდი ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში?
– 16 წლიდან ჩავერთე აქტიურად პოლიტიკაში, თუმცა არასოდეს მხიბლავდა საჯაროდ ტელევიზიებში გამოსვლა. ახლა კი საჭიროა, ახალგაზრდებმა აიმაღლონ ხმა, ტელევიზიის კამერის წინაც გამოთქვან თავისი აზრი და საჯარო გამოსვლებშიც ჩაერთონ. ბევრი კარგი ახალგაზრდა ვიცი, რომელიც საჯაროდ ერიდება გამოსვლას და თავისი აზრის დაფიქსირებას. მათ მოვუწოდებ, რაც მეტად გააგონებენ ხალხს თავის ჯანსაღ პოზიციას, მით მეტად გააკეთებენ კარგ საქმეს. რაც შეეხება მამის გავლენასა და როლს ჩემს პოლიტიკურ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ძალიან დიდი იყო. პოლიტიკოსის ოჯახში გავიზარდე და ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში ხდებოდა, ჩემს თავზე გადაიარა, ფაქტობრივად, მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი. მე და მამას ახლა ბევრი საერთო გვაქვს. ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ და გაერთიანება-მოძრაობა „გაბედეს“ წევრი. ეს მოძრაობა სხვადასხვა შეხედულების ადამიანების გაერთიანებაა და მასზე ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ ახდენს გავლენას, მათ შორის, ვერც მამა. ახალგაზრდები, დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვიღებთ ყველა გადაწყვეტილებას, მამა ამაში არ ერევა. შეიძლება, აზრი ვკითხო, თუმცა თავად არ ჩაერევა. უფროსი თაობა ცოტა ფრთხილია, ჩვენ კი იმ ხალხის მხილებასა და მათთან პირდაპირ საუბარს არ ვერიდებით, ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირების გარეშე, აწეული ხელებით. ამის გამო ორჯერ დამაკავეს. ცუდია, როცა შერჩევითი სამართალი არსებობს. ჩვენ სხვანაირი პოლიტიკური შეხედულება თუ გვაქვს, რატომ უნდა დავიჩაგროთ და ვინც ხელისუფლების მხარესაა, ის რატომ უნდა იყოს სულ მართალი? ესაა სისტემური პრობლემა. წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო და იმიტომ გადაირჩია ხალხმა. ახლაც იგივე გრძელდება და სავარაუდოდ, იგივენაირად დაასრულებენ, როგორც მათმა წინამორბედებმა დაასრულეს. ჩვენ გულწრფელები ვართ და ასეთივე გულწრფელობას ვითხოვთ სხვებისგანაც. გვინდა, კითხვებზე მივიღოთ პასუხი, არ გვეშინია და ბრძოლას აუცილებლად გავაგრელებთ. ხელაწეულები, მართლები მივდივართ, სიმართლის დასაცავად. ჩვენი დაჭერა რომ შეეძლოთ, რამე ფაქტს დადებდნენ. ათასი კამერა გვიღებდა და დააფიქსირებდნენ, თუ ვინმეს შურაცხყოფას ვაყენებდით. კიდევ ვამბობ, ჩვენი დაჭერა რომ შეეძლოთ, დაგვიჭერდნენ და არ გამოგვიშვებდნენ. ვერც ასაბუთებენ და არც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამის გამო, დაგვაკავეს და გაგვათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. იმედია, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და არც ჩვენ ჩავიდენთ ისეთ რამეს, თავის მართლება მოგვიწიოს.
– მამას რა რეაქცია ჰქონდა შენს დაკავებაზე?
– მამას არ გაჰკვირვებია ჩემი დაკავება. ყველამ იცის, რა სიტუაციაცაა საქართველოში და გაკვირვებას არ იწვევს დაკავება. უბრალოდ, მშობელი მაინც ნერვიულობს და ეს ბუნებრივია. მამასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და არც „შებოჭილი“ ბავშვობა მქონდა.
– რას ნიშნავს შენთვის, შალვა ნათელაშვილის შვილობა?
– შალვა ნათელაშვილის შვილობა, პირველ რიგში, ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას. კი ვარ დამოუკიდებელი ინდივიდი, მაგრამ ჩემ უკან დგას ოჯახი და შალვა, რომელიც არის პოლიტიკოსი, პარტიის თავმჯდომარე და რომელსაც იცნობს ხალხი. ამიტომ, ჩემი მხრიდან საჭიროა მეტი მოზომილობა მოქმედებებში, რომ არ დაზარალდეს მამა, პარტია ან მეგობრები. ხომ ამბობენ, ყველა ადამიანი, თავისი ოჯახის სახეაო? ჰოდა, ყველამ უნდა იფიქროს, რამეს რომ სჩადის, მის გარემოცვას, მეგობრებსა და ოჯახს სცეს პატივი. ამიტომ, უნდა ვიყოთ გულწრფელები და მართლები. შალვა ჩემთვის კარგი პოლიტიკოსი, კარგი მამა და კარგი მეგობარია – სამივე ერთად. პირად ურთიერთობებზეც ვსაუბრობ მასთან და არასდროს იცის დეტალებში ჩაღრმავება.
– ამერიკაში სწავლობდი და როგორც ვიცი, საკმაოდ კარგ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ. რატომ გადაწყვიტე სამშობლოში დაბრუნება, პოლიტიკურ ქაოსში ჩაბმა და უარი თქვი მშვიდ კარიერაზე?
– ჩემი ოჯახი მომხრე იყო, უცხოეთში მიმეღო განათლება, თუმცა, მე არასოდეს მქონია ქვეყნის დატოვების სურვილი. კარგია, თუ სწავლას უცხოეთში გაიღრმავებ, მაგრამ აუცილებლად უნდა დაბრუნდე, რომ საქართველო ნიჭიერი ახალგაზრდებისგან არ დაიცალოს. წარმოიდგინეთ, დღეს უცხოეთში გაფრენა 35 ევრო ღირს, იქიდან ჩამოფრენა კი – 150-200 ევრო. არადა, პირიქით, სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ქართველები დაბრუნდნენ და ყველა გაქცევაზე არ იყოს. მე ჩემს თავს აქ ვთვლი საჭიროდ და არა უცხოეთში და მინდა, ქვეყნის სწორად განვითარებაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანო.
– ამ ბობოქარი პოლიტიკის ფონზე, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ისეთ ბობოქარ პოლიტიკურ პროცესებში ვარ, რა დროს რომანტიზმი და სიყვარულია? (იცინის) სიყვარულის დრო სულ არის, მაგრამ ჯერჯერობით არ მცალია და მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით. სიყვარულში ხელოვნურად ვერ დავაჩქარებ პროცესებს, მით უმეტეს, თუ ინტერესის ობიექტიც არ არსებობს (იცინის).