№51 როდის გადიოდა ლუკა ნოზაძე ჯასთინ ბიბერის მსგავს მზადებას კარიერაში და როგორ შექმნა მან 300-ზე მეტი სიმღერა
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
მომღერალი, პროდიუსერი და 300-ზე მეტი სიმღერის ავტორი, 24 წლის ლუკა ნოზაძე ევროპას იპყრობს. ის გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში ცხოვრობს. მისი წარმატებული კარიერა ჯერ კიდევ საქართველოში დაიწყო. უფრო დაწვრილებით ლუკას შესახებ სტატიიდან შეიტყობთ.
ლუკა ნოზაძე: ამ წლის აგვისტოში გამოვუშვი ჩემი რიგით მეორე ალბომი The Rebornation – ხელახლა დაბადება, აღზევება. რამდენიმე დღის წინ კი გერმანიაში არსებული ფრაიბურგის მუსიკალური კონსერვატორია დავამთავრე. მუსიკალურ სასწავლებელში ექვსი წლის ასაკში შემიყვანა ბებიამ, ოღონდ ძალიან არ მიყვარდა იქ მისვლა, არც მეცადინეობა. ერთხელ, სკოლაში გაკვეთილზე ვიჯექი, როდესაც ერთ-ერთმა მასწავლებელმა კლასელების წინაშე ირონიით მითხრა, რომ მუსიკით ცხოვრებაში არაფერი გამომივიდოდა, მე კიდევ მანამდე ღამეები არ მეძინა იმაზე ფიქრში, თუ როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი – ალბომებით, მსოფლიო ტურებითა და მუსიკალური ვიდეოებით. 13 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ რაც უნდა მომხდარიყო, მიზანს მაინც მივაღწევდი. აქვე მინდა ყველაზე დიდი მადლობა გადავუხადო დედაჩემს – მაიკო მურაჩაშვილს. ერთი, რომ ჩემი სწავლა-განათლებისთვის ყველა საჭირო თანხა გაიღო და მეორე – ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო, მაშინაც კი, როცა მეც ეჭვი მეპარებოდა ჩემს შესაძლებლობაში.
– როგორ ცხოვრობდი გერმანიაში წასვლამდე და რა ხდებოდა შენს კარიერაში?
– 2011 წელს ტელევიზიით ვნახე რეკლამა „ლეიბლი ქართული ოცნება“ იწყებს ახალ პროექტს მომღერლებისთვის. ოღონდ ეს ის პერიოდია, 2011 წლის ივნისი. მაშინ კოალიცია და პოლიტიკური პარტია იდეაშიც არ ყოფილა. მივედი ქასთინგზე, დამხვდა ძალიან უცხო ამერიკული გარემო. ბოლოს მოვხვდი ამ ლეიბლში და დავიწყე ისეთივე მომზადება ჩემი კარიერისთვის, როგორსაც იმ დროს ჯასთინ ბიბერი გადიოდა. გვყავდა მენტორები ამერიკიდან, აშერის, კრის ბრაუნის ქორეოგრაფი. მაიკლ ჯეკსონის ბექ ვოკალისტი. რეალურად 2011-ში ავიღე ჩემი კარიერის ძალიან დიდი სტარტი. შემდეგ იყო ქართული „ვოისი“. 2013 წელს მოვხვდი ფორჩხიძის გუნდში და უცებ ამოვყავი თავი ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ გურუსთან. 2015 წელს ჩემი მეკვლე იყო და ორი რამე მისურვა, ორივე ამისრულდა: ერთ-ერთი იყო გერმანიაში, ფრაიბურგის კონსერვატორიაში ჩაბარება, 2015 წელს ონლაინ-ქასთინგით ჩავირიცხე.
– რა სირთულეების გადალახვა მოგიწია წარმატების მისაღწევად?
– წარმატების მისაღწევად საჭიროა ბევრი დათმობა, დისციპლინა, ყოველდღე ახლის შესწავლა, არა მარტო მუსიკალურ სფეროში. ჩემი მათემატიკის კლასში მიღებული გადაწყვეტილება ბევრჯერ დამიყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდოდა, ჩემი მიზანი ეგოისტური აკვიატება ყოფილიყო. ძალიან ბევრი შრომის, იდეებისა და დროის ინვესტირების შემდეგ მიჩნდება შესაძლებლობები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ ვუშვებ ხელიდან. ამ ყველაფრის მიღმა Bedroom artist, ანუ ოთახის არტისტი ვარ. ეს იუმორით შერქმეული სახელია დღევანდელი თაობის არტისტებზე, რადგან ჩემი ყველა სიმღერა საძინებელში იქმნება.
– გერმანულ „ვოისში“ მონაწილეობდი, როგორ დასრულდა შენთვის ეს პროექტი?
– ქასთინგზე სპონტანურად, ღამის ავტობუსით წავედი, ისე, რომ არავისთვის არაფერი მთქვამს. ერთი, დედამ იცოდა და საუკეთესო მეგობარმა. როდესაც ღამის ავტობუსით 1 000 კილომეტრს გადიხარ, რომ ერთ ქასთინგს დაესწრო, ღმერთი ამ დროს არ გტოვებს და სამყაროც გეხმარება, თუმცა, მარტო სამყაროს იმედზე არ წავსულვარ (იცინის). იმ დღეს შესარჩევ ქასთინგზე 500 ადამიანში გავედი და კონტრაქტიც მაშინვე მომცეს, როდესაც სხვებს პასუხსაც არ ეუბნებოდნენ. ბოლო შესარჩევს საღამოს 7-8 საათზე გავდიოდი პროექტის პროდიუსერებთან. ვიმღერე, გამოვედი და მეძახიან: „ლუკა, მესამე სართულზე ჩადი, იქ მოგხედავენ“. რომ ჩავედი, უკვე ყველამ იცოდა ჩემი სახელი. მამღერეს კიდევ ერთი სიმღერა, აიღეს გრძელი ინეტერვიუ, ჩაიწერეს თვალის ფერი, თმის სიგრძე, ტანის ზომები... საბოლოოდ, ივონ კატერფელდის გუნდში მოვხვდი და ისე თბილად მიმიღო, ოჯახის წევრი გეგონებოდა. რინგზე ჩემი მეტოქე ნახევრად შავკანიანი, ნახევრად ჩინელი იყო. სიმღერა, რა თქმა უნდა, მისთვის იყო არჩეული მაგრამ არ დავნებდი, მით უმეტეს დეტონაციები ჰქონდა და ხანდახან სულ სხვა ტონალობაში იწყებდა სიმღერას. ვამეცადინებდი და ვასწავლიდი ტექნიკას, ხმაში გაშლას, საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ჰარმონიზაციებს მარტო მე ვაკეთებდი სცენაზე. სულ, მოსამზადებლად 10 დღე გვქონდა. 7 დღის შემდეგ პარტიები გაგვიცვალეს და ეს ცოტა ცუდად მომხვდა. მაგრამ ჩემი მიზანი იყო, რომ 2018 წლის საუკეთესო რინგი დამედო და ასეც მოხდა. ჩვენი რინგი ერთი წლის შემდეგ დადეს „იუთიუბზე“, არ ვიცი რატომ დააგვიანეს, მაგრამ 2 თვეში მაინც ნახევარი მილიონ მაყურებელზე ავედით. მოკლედ როგორც მიხვდით, ეს რინგი წავაგე. დგება მომენტები, როდესაც აგებ და ღონდები, თუმცა დასაღონებლად დრო არ მქონდა. სცენიდან ძალიან ლაღი და ამაყი ჩამოვედი. მერე რა? ხან შენ გაგიმართლებს, ხან სხვას. თან, ნათიამ ერთხელ გვასახელა და ეს საკმარისი აღმოჩნდა.
– შენს ბენდს მსოფლიო ბენდის სახელი მიენიჭა... როგორც ვიცი, მეორე ალბომის გამოშვების შემდეგ საინტერესო წინადადება მიიღე.
– დიახ, მსოფლიო ბენდის სახელი 2018 წელს მოგვენიჭა. ბენდი NighTunes ოთხი წელია, არსებობს და დასაწყისიდანვე მისი წევრი ვარ. ჩემი მეორე ალბომი საკუთარი დანაზოგით გამოვუშვი, პრომოაქცენტი დასავლეთ ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე გავაკეთე. ყველაზე მეტად ამერიკაში გაამართლა. ლოს-ანჯელესიდან, ჩიკაგოდან, მაიამიდან 2 000 მოსმენა მქონდა დღიურად. ბოლოს კი ბრიტანული კომპანია შემეხმიანა – Warner Music-ის პრომოუტინგის განყოფილება. განყოფილების უფროსი მაიკი 1 საათის განმავლობაში მელაპარაკა და ვერ იჯერებდა, რომ ალბომი დამოუკიდებლად დავწერე, ესეც მითხრა: „ჩვენ ნამუშევარი გვაქვს ედ შერანისთვის და დუა ლიპასთვის. შენი მუსიკა იმსახურებს მსოფლიო აღიარებას, უბრალოდ, სწორ დროსა და ადგილზე მოხვედრა გჭირდება. მე მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად მსოფლიო პოპულარიზაცია გავუკეთო შენს შემოქმედებას.” სოლიდური თანხის სანაცვლოდ პარტნიორობა შემომთავაზეს. ჯერ 24 წლის ვარ, სწავლას ახლა მოვრჩი. ვიცი, რომ უფრო დიდი წარმატება გარდაუვალია, თუმცა საჭირო თანხა არ მქონდა და შესაბამისად, შემოთავაზებაზე უარის თქმა მომიწია. გული დამწყდა, მაგრამ მეტი მოტივაცია მომეცა.