№51 ვინ იყო ის ქართველი ფსიქიატრი, ვინც ოთხი ადამიანი სასტიკად მოკლა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
პუბლიკაციის ყველა მონაწილის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
საბედისწერო გასროლები
1996 წლის 13 ოქტომბერს თბილისში ცოლ-ქმარ ჟანა და ვალერი კორღალიძეების ბინაში ბინის პატრონებისა და იოსებ კოდალაშვილის ცხედრები იპოვეს. სამივე „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან იყო მოკლული და თითოეულს ორ-ორი სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თავის არეში. მოკლულები პროფესიით ფსიქიატრები იყვნენ და ერთ-ერთი კლინიკის ფსიქიატრიულ განყოფილებაში მუშაობდნენ. მოკლულთა ცხედრები კორღალიძეების ვაჟმა, იურიმ აღმოაჩინა, რომელიც 13 ოქტომბერს მოსკოვური მივლინებიდან დაბრუნდა. იური კორღალიძეც ფსიქიატრი იყო, მშობლებთან ერთად მუშაობდა და მოსკოვში სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდა. ამ ფაქტზე ქალაქის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობების მუხლით და მას ირაკლი კოროშინაძე იძიებდა. მიუხედავად ვერსიების სიმრავლისა, გამოძიებას არანაირი ხელჩასაჭიდი არ ჰქონდა, თუმცა, ამ ფაქტიდან ოთხი დღის შემდეგ, 17 ოქტომბერს, ლისის ტბის მიდამოებში 36 წლის მარლენ კოდუას ცხედარი აღმოაჩინეს. მას ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული მარცხენა საფეთქლის არეში. იქვე ეგდო „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ კოდუამ თავი მოიკლა. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ უჩვენა, რომ კოდუას თვითმკვლელობა და ფსიქიატრების მკვლელობა ერთი და იმავე იარაღით იყო განხორციელებული. ხოლო, როდესაც კოდუას დოსიეს გაეცნო, ირაკლი კოროშინაძემ აღმოაჩინა, რომ კოდუას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და აღრიცხვაზე იმ განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც მოკლული ფსიქიატრები მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე, გამოძიებამ მკვლელად მარლენ კოდუა ჩათვალა და საქმე დაიხურა. თუმცა ეს ზემდგომების ზეწოლით მოხდა. კოროშინაძე კი სხვაგვარად ფიქრობდა და ამ საქმეს უკვე არაოფიციალურად იძიებდა.
„უვნებელი გიჟი“
დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ირაკლი კოროშინაძემ ვერ მოახერხა უფროსობის დარწმუნება, რომ გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო. მისმა უშუალო უფროსმა კი კოროშინაძეს უთხრა:
– ისედაც ბევრი გაუხსნელი საქმე გვაწევს კისერზე და ვისაც არ ეზარება, ყველა გვიტევს. რა ბევრი ფიქრი უნდა იმას, რომ გიჟმა ჯერ თავისი ექიმები დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ყველაფერი ნათელზე ნათელია. მოკლედ, ეგ საქმე დახურე და არქივს ჩააბარეო.
ერთი შეხედვით, მართლაც ასე ჩანდა, რომ ფსიქიკურად დაავადებულმა ადამიანმა საძულველი ექიმები დახოცა და თავისი საქციელი რომ გაიაზრა, თავი მოიკლა. ასეთი შემთხვევები ხდება ხოლმე. თუმცა კოროშინაძე კოდუას ოჯახის წევრებისა და მისი მეგობრების ჩვენებებმა დააფიქრა. ისინი ამბობდნენ, რომ აფხაზეთის ომის მონაწილე მარლენი უბოროტო ადამიანი იყო, ადასტურებდნენ, რომ მან ომში მიიღო სტრესი, თუმცა არ სჯეროდათ, რომ მას ასეთი სისასტიკის ჩადენა შეეძლო. კოდუას ახლო მეგობარმა და თანამებრძოლმა, ტიტე ლომჯარიამ კი კოროშინაძეს უთხრა: „მარლენს ჩვენ, ბიჭები „უვნებელ გიჟს“ ვეძახდით. მას ღირსების გრძნობა ჰქონდა და ტყვედ ჩავარდნილ მტერს, ზოგიერთისგან განსხვავებით, არავის აჩაგვრინებდა. ერთხელ ამის გამო ერთ სადისტ პოლკოვნიკთანაც კი მოუვიდა კონფლიქტი. ამასთანავე, მარლენმა არაერთი მამაცური, გმირული საქციელი ჩაიდინა. სწორედ ამიტომ ვუწოდეთ მას „უვნებელი გიჟი“ და ვერაფრით დავიჯერებ, რომ ის დაუნდობელი მკვლელია. სხვათა შორის, ექიმებს თავად მიაკითხა დახმარებისთვის. მას არც არაფერი სჭირდა, მაგრამ ამბობდა – რეაბილიტაცია უნდა გავიარო, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გავხდეო.“ საგულისხმო იყო ისიც, რომ მარლენ კოდუას მკურნალი ექიმი, იური კორღალიძე იყო და არა რომელიმე მოკლული. კორღალიძემ დაკითხვაზე თქვა, რომ კოდუა მხოლოდ მცირე რეაბილიტაციას საჭიროებდა და ფაქტობრივად, უაგრესიო ადამიანი იყო. ამიტომ უკვირდა მისი საქციელი. ექიმმა ისიც დაადასტურა, რომ კოდუას მხოლოდ კლინიკაში უტარებდა სეანსებს და რომ მან მისი ბინის მისამართი არ იცოდა. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით განაგრძობდა კოროშინაძე არაოფიციალურ ძიებას.
„ჯოჯოხეთის მოციქული“
არაოფიციალური გამოძიებისას ირაკლი კოროშინაძეს მხოლოდ შინაგანი რწმენა და კოდუას ახლობლების ჩვენებები ჰქონდა, ხოლო რეალურ ფაქტებს კი პოვნა სჭირდებოდა. ამიტომ, გამოცდილმა მაძებარმა ივარაუდა, რომ „ძაღლის თავი“, შესაძლოა, ფსიქიატრიულში ყოფილიყო „დამარხული“ და ამ ვერსიით ხელმძღვანელობდა. კოროშინაძემ ფსიქიატრიული განყოფილების თორმეტკაციანი კოლექტივის შესწავლას მიჰყო ხელი, რომელსაც მედიცინის დოქტორი, პროფესორი დევი სხილაძე ხელმძღვანელობდა. 58 წლის პროფესორთან საუბარმა გამომძიებელს უსიამოვნო შთაბეჭდილება დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ სხილაძეს საერთოდ არ ემჩნეოდა დაძაბულობა, კოროშინაძეს ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ ის თამაშობდა და თავს ისეთად აჩვენებდა, როგორიც არ იყო. და, მართლაც, როდესაც კოროშინაძემ სხილაძის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი იპოვა და ესაუბრა, მან პირდაპირ განაცხადა: „სხილაძე მონსტრია. ნამდვილი სისხლისმსმელი ჯალათი და მასეთები ამქვეყნად არ უნდა დადიოდნენ. მოსკოვში ერთად ვმუშაობდით და სისასტიკისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს. შემდგომ შევიტყვე, რომ ყაზანის ფსიქიატრიულ ციხე-კლინიკაში მოწყობილა. სწორედ რომ, თავისი ადგილი უპოვია, რადგან იქ მასზე უარესები მუშაობდნენ. მე თბილისში დავბრუნდი, რამდენიმე წლის შემდეგ კი ისიც ჩამოვიდა და განყოფილების უფროსად დაინიშნა. მე კი ერთ კვირაში წამოვედი, რადგან მაგ ჯალათთან ერთად ვერ ვიმუშავებდი. ცხონებულ ჩემს კოლეგებსაც ვურჩიე, რომ სხილაძეს გასცლოდნენ, მაგრამ მასთან ერთად კერძო კლინიკის დაფუძნებაზე მუშაობდნენ და მეც მთხოვეს, იქ მივსულიყავი, თუმცა, იქ რა მინდოდა?!“ ამ საუბრის შემდეგ კოროშინაძემ დაადგინა, რომ პროფესორ სხილაძეს სამი თვის წინ კერძო, მცირე კლინიკა გაუხსნია, რომელიც თავის უზარმაზარ კერძო კარ-მიდამოში მდებარეობდა. ამიტომ, გამომძიებელმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ამ კლინიკაში, ვითომდა სამკურნალოდ, თავისი დისშვილი მიაგზავნა, თან მას დაავალა, რომ პროფესორისთვის ეთვალთვალა და თუკი შეძლებდა, რაიმე სამხილიც მოეპოვებინა. პარალელურად კი, კოროშინაძემ კლინიკის ფინანსური დოკუმენტაცია ჩაიგდო ხელში და აღმოაჩინა, რომ ამ საქმის დაფინანსება 550 ათასი დოლარი დაჯდა. კოროშინაძეს უკვე ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ სხილაძემ საქმეში ფული მოკლულ კოლეგებს ჩაადებინა, შემდგომ კი, ვალი რომ არ დაებრუნებინა, ისინი დახოცა და მკვლელობისა და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო. ამ ვერსიას ისიც ამაგრებდა, რომ პროფესორის კაბინეტში შეგზავნილმა „პაციენტმა“ „მაკაროვის“ პისტოლეტის ვაზნები აღმოაჩინა, რომლებიც იმ სერიიდან იყო, რითაც ოთხი ადამიანი მოკლეს. „პაციენტმა“, აგრეთვე, გადაიღო ფარული კადრები, რითაც დასტურდებოდა, რომ სხილაძე ჯოჯოხეთურ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებდა პაციენტებზე და მათ ზომბირებას ახდენდა. მიუხედავად არაკანონიერად მოპოვებული სამხილებისა, სხილაძემ ოთხივე მკვლელობა აღიარა და ის გაასამართლეს, ხოლო, რადგან სიკვდილით დასჯა გაუქმებული იყო, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ის 2001 წელს საკანში გარდაიცვალა. კედელზე კი დატოვა წარწერა: „მძულხართ!“