№51 სად აშენებდა სტალინი საბჭოეთის საიდუმლო დედაქალაქს
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინს საბჭოთა კავშირის (რუსეთის) აღმშენებლობის გრანდიოზული გეგმა ჰქონდა და ამ გეგმის განხორციელების ძირითადი ეტაპი 1926 წელს დაიწყო. გადახედეთ საბჭოთა კავშირის ისტორიას და თვალნათლივ დაინახავთ, თუ რა ჯოჯოხეთურ პირობებში უწევდა მას და ჩვენ (მის მომხრეებს) მუშაობა. უამრავი ხელის შემშლელი პირობა გვქონდა და თანაც, მტრებს ვუმკლავდებოდით როგორც საგარეო, ასევე, საშინაო ასპარეზზე. მიუხედავად ამისა, აღმშენებლობის პროცესი წამითაც კი არ შენელებულა. პირიქით – ტემპი ყოველდღიურად იზრდებოდა. ენთუზიაზმი და მომავლის რწმენის კოეფიციენტი მაქსიმუმს აღწევდა და სტალინის წინამძღოლობით, მაინც მივაღწიეთ დასახულ მიზანს“. მოლოტოვის დამოწმებამ შეიძლება, სტალინზე „მოიერიშეებში“ ეჭვი გამოიწვიოს და თქვან, – ისიც (მოლოტოვიც) სტალინურ „მარაქაში“ იყო გარეულიო, მაგრამ რა ვუყოთ ბერნარდ შოუს, ჰერბერტ უელსს, ლიონ ფოიხტვანგერს, ანდრე ჟიდსა და კიდევ უამრავ იმ „მსოფლიო სახეებს“, რომლებიც აღფრთოვანებული იყვნენ სტალინითა და სტალინური აღმშენებლობით და მთელ მსოფლიოს მოუთხრეს ამის შესახებ. მათზე ხომ არც „სტალინური რეპრესიები“ ვრცელდებოდა და ვერც თვალს აუხვევდი სიყალბით? ისინი, უბრალოდ, წერდნენ და ამბობდნენ იმას, რასაც ხედავდნენ და ეს იყო სწორედ სტალინისთვის ყველაზე დიდი „პიარი“...
მსოფლიოსთვის „ხელის გულზე დადებული“ აღმშენებლობის პროცესის პარალელურად, საბჭოთა ბელადი, ეგრეთ წოდებულ, „საიდუმლო აღმშენებლობასაც“ ახორციელებდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია „მეორე დედაქალაქის“ მშენებლობა, რომელიც 1945 წლის იანვარში დაიწყო და 1953 წლის სექტემბერში შეწყდა. უფრო სწორად, პროფილი შეუცვალეს... როი მედვედევი წერს: „სტალინის ბრძანებით, დასავლეთ ციმბირის ფერდობზე, დაბურულ ტაიგაში, 1945 წლის იანვრიდან საბჭოთა კავშირის მეორე დედაქალაქის, თუ შეიძლება ითქვას, საიდუმლო დედაქალაქის მშენებლობა დაიწყო და 8 წლის განმავლობაში იქ იმ პერიოდისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენებოდა. კეთდებოდა ყველაფერი, რაც საჭირო იყო თანამედროვე დედაქალაქისთვის, მათ შორის, ეფექტური სამხედრო-ეკონომიკური მმართველობისთვისაც, მაგრამ საკმარისი იყო სტალინის გარდაცვალება, რომ ხრუშჩოვმა ეს უნიკალური ქალაქი სამხედროებს გადასცა, გაასაიდუმლოვა და საბჭოეთისა და რუსეთის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად შეარყია“.