№51 როგორ ვესაუბროთ ბავშვებს უფალზე
ბავშვი ღმერთს ცოცხალ არსებად აღიქვამს და სჯობს, უფალზე საუბრისას მშრალი ეპითეტებით ნუ შემოვიფარგლებით. ხშირად ყოფილა, როცა 2 ან 3 წლის ბავშვს მოძღვრის დანახვაზე სიხარულით უთქვამს: „ღმერთი მოდის, ღმერთი მოდის“, ან გაკვირვებულები კითხულობენ: „ეს კაცი ეკლესიაში ცხოვრობს?“ დიდებს იმ პატარების მიბაძვა გვმართებს, რომლებიც ზიარებაზე სიხარულით მიისწრაფვიან, პირველებს უნდათ ბარძიმთან მისვლა. ნაზიარებნი კი როგორი სიხარულით ბრუნდებიან სახლში და ზოგსაც გახარებულს როგორ „დაულოცავს“ მრევლი ხელის თავზე დადებით. თუ ასე ფაქიზად აღიქვამს ბავშვი უფალს, სჯობს, მას ის გამოცდილებაც გავუზიაროთ, რომელიც ეკლესიას დაუგროვდა.
ქრისტიანობა მხოლოდ ბიბლიის შესწავლა არ არის. მართლმადიდებლური ცხოვრების ჰორიზონტი კულტურასაც მოიცავს. ხატწერა ხომ ხელოვნების ლამაზი სახეობაა, ტკბილი გალობის შესწავლას დახვეწილი გემოვნება სჭირდება. ბავშვისთვის დოგმატების მშრალად მიწოდების ნაცვლად, სჯობს, არქიტექტურაზე, ფრესკაზე, ხატწერის სხვადასხვა სკოლაზე ვესაუბროთ. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სულიერი ნიმუშები იქმნებოდა. კლასიკური ნიმუშების შესწავლით ბავშვები ადვილად განასხვავებენ სხვადასხვა ჟანრის ხატწერას, გალობას და მოახდენენ მათ „კლასიფიკაციას“.
ხატებზე სასაუბრო მართლაც ბევრი გვაქვს. ქრისტეს ან წმიდანების ცხოვრების შესწავლით ბავშვებმა უკვე იციან, თუ რატომ უხატავენ მათ პატარა ბაგეებს ან ზოგ ხატში ქრისტეს რატომ აქვს დიდი თვალები. წითელი შესამოსლით რომ მოწამეები გამოისახებიან, მათთვის უკვე ცნობილია. ბაზილიკისა და ჯვარგუმბათოვანი სიმბოლოების ცოდნა ყოველთვის ბიბლიურ ამბებს გაახსენებს და მათი ღვთისმეტყველებაც უფრო მდიდარი იქნება.
მშობლები არჩევნის წინაშე ვდგავართ: ბავშვები ან უგემოვნო კულტურასთან უნდა დავტოვოთ მარტონი, ან კიდევ, ვაზიაროთ რელიგიურ-ფილოსოფიურ აზროვნებას. როცა ტელევიზიიდან ხშირად ისმის იმის მტკიცება, რომ არ შეიძლება, სექსუალური განათლება ბავშვებმა ქუჩიდან ისწავლონ, რატომ არიან იგივე ადამიანები რელიგიური განათლების სკოლაში მიღების წინააღმდეგნი?! ქუჩიდან მიღებული რელიგიური ცოდნა დამახინჯებული წარმოდგენაა ღმერთზე, არ სჯობს ბავშვებს სწორი ცოდნა მივცეთ?
იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობა არ გახდეს სხვადასხვა მიმდევრობის ფანატიზმისა თუ პრიმატიზმის მსხვერპლი, ისინი რელიგიური კულტურის ანბანს მაინც უნდა ვაზიაროთ. ვისთვისაც ეკლესიის ისტორია და მართლმადიდებლობის კულტურა ცნობილი იქნება, რელიეფურ „ლაბირინთებში“ არ დაიკარგება. უცბად არ დაეთანხმება „ბოლო ჟამის“ საეჭვო მქადაგებლებს ან „მოშურნე“ ბერის ქადაგებით მოხიბლული უმალ მონასტერში არ გაიქცევა. ხოლო განსხვავებული აზრის შემთხვევაში არ დაბრკოლდება და იტყვის, რომ ეკლესიაში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს.
ჩვენ კომუნისტური იდეებით ვიზრდებოდით, თუმცა არ გვჯეროდა მათი და ძალდატანებით ვასრულებდით მათ. იგივე შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ შვილების მიმართ. კომუნისტური მორალის ნაცვლად ქრისტეს ზნეობრივი კანონები არ უნდა შევთავაზოთ, ანუ სახარება იდეოლოგიად არ უნდა ვაქციოთ. ქრისტეს რეალური მყოფობა ისტორიაში ბავშვებს, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრებით უნდა დავანახვოთ. მისი მცნებების შესრულებას მარტო ენთუზიაზმი არ ეყოფა და აუცილებელია სულიწმიდის მადლის ძიებაც. ღმერთზე საუბარი არ უნდა შემოიფარგლოს ათი მცნებით ან ქრისტეს იგავებით. უფრო მნიშვნელოვანია ქრისტეს ვნებები, სიკვდილი, აღდგომა განვუმარტოთ. ბავშვებს უნდა გავაგებინოთ, რა მსხვერპლი გაიღო ღმერთმა ადამიანებისთვის.
„მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა“