№51 როგორი ადამიანი მიდის ღმერთის შეწევნის უარყოფამდე და რა სნეულებები არსებობს მართლმადიდებელი ადამიანის ცხოვრებაში
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
როცა საკუთარ თავში ცოდვებს დაინახავ, იქ იწყება სულიერი ცხოვრება. თუ იტყვი: რა ვთქვა აღსარებაში, ყველაფერი კარგად არისო – ეს უკვე ხიბლია. თვითდაჯერებული ხარ და აქედან იწყება ამპარტავნება. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– მამაო, რაზე უნდა ფიქრობდეს ყველაზე ხშირად ადამიანი მარხვის პერიოდში?
– მარხვის პერიოდში საკუთარ ცოდვებზე უნდა ვიფიქროთ. გარდა იმისა, რომ მარხვის დღეებში უნდა მივიღოთ სამარხვო საკვები, ამავდროულად, აუცილებელია კეთილი საქმეების კეთება: გლახაკებისთვის ხელის გამართვა, სნეულთა მონახულება, ქველმოქმედება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა უფლის მიერაა მოცემული, როგორც ხორცისთვის, ასევე სულისთვისაც, რადგან, როგორც საზრდელის გარეშე დაუძლურდება, მოკვდება ხორცი, მარხვის გარეშე, ასევე, აუცილებლად დაჩიავდება ჩვენი სული. მარხვა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ადამიანს ეხმარება, თანხმობა და ჰარმონია დამყარდეს მის სულსა და ხორცს შორის. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მაგიური ქრისტიანები. დღესდღეობით არსებობს ხალხური მითოლოგიური მართლმადიდებლობა – ეს არის მართლმადიდებლობის საფარში შენიღბული ხალხური, ლეგენდური შეხედულებები, რომლებიც ძალიან არის ფესვგადგმული ადამიანების გონებაში. მათზე შეიძლება ითქვას: ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. უფალმა მოგცა თავისუფალი ნება, ამ თავისუფალი ნებით უნდა შეინახო მარხვა და გამოამჟღავნო პიროვნული არჩევანი – გინდა თუ არა, რომ ქრისტიანი იყო. თუ გინდა, რომ იყო ქრისტიანი, უნდა შეინახო მარხვა. ადამიანის სული ლოცვით საზრდოობს, მაგრამ საკვები გონებასაც სჭირდება. სუფრაზე კიტრსა და პომიდორზე ქეიფობენ, მარხვაზე ვართო და ამ დროს ღვინით იჭყიპებიან – ეს როგორ შეიძლება მარხვა იყოს?! მარხვა ნამდვილი ბრძოლაა ბოროტის წინააღმდეგ: ადამიანი მშიერია, მაგრამ ესმის, რომ სინამდვილეში შესწევს იმის ძალა, არ დაემორჩილოს შიმშილს, არ დაიღუპოს მისგან, არამედ, პირიქით – აქციოს შიმშილი სულიერი ძალებისა და გამარჯვების წყაროდ.
– რატომ განიცდიან ადამიანები მუდმივად უკმაყოფილებას მარხვაშიც და მარხვის გარეშეც, ყველაგან და ყველაფერში?
– როცა უკმაყოფილო ხართ ყველაფრითა და ყველასი: ცოლის, შვილის, მეზობლის, მეგობრის – აი, ეს არის უკმაყოფილების განცდა. ამას კი ხშირად იმით ხსნიან, რომ – „მე ვარ ძალიან წმიდა, პატიოსანი და არ შემიძლია, ეს მოვითმინო“... თავიანთ გარშემო არაფერი მოსწონთ, მუდამ აღშფოთებულები, გაკვირვებულები, უკმაყოფილოები არიან. აი, აქედან მოდის მუდმივად განკითხვა, თან ამ ყველაფერს ნიღბავენ იმით, თითქოსდა იმხელა სულიერების მქონე არიან, რომ გარშემო არაფერი არ არის მათი მოსაწონი. სანამ საუბარს დაიწყებთ, ან რამის აღსრულებას დააპირებთ, დაფიქრდით. ნურასდროს იკამათებთ და ნუ მოჰყვებით თავის დაცვასა და მართლებას. რაც თქვენთვის არ გსურთ, იმას სხვას ნუ გაუკეთებთ და, რაც გინდათ, რომ სხვებისგან მიიღოთ, ის თავად გაეცით. სიამაყე უკიდურესი თავდაჯერებულობაა, რომელიც უარყოფს ყველაფერს, რაც მისი არ არის. ის რისხვის, სისასტიკისა და ბოროტების წყაროა, ხშირად კი – ღმერთის შეწევნის უარყოფაც. ის თითოეული ცოდვის შემადგენელი ნაწილია. ამაყი, ჩვეულებრივ, ვერ ხედავს საკუთარ ცოდვას. თუკი ადამიანს უჭირს პატიების თხოვნა, ადვილად სწყინს, ეჭვიანია, თუ ბოროტება ახსოვს, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობს, ასევე, თუ სხვებს განსჯის, საკუთარ თავში კი დირესაც ვერ ხედავს, ეს ყველაფერი უკვე სიამაყის უტყუარი ნიშანია. ამ დროს ადამიანში ჩნდება საკუთარი უპირატესობის გულწრფელი რწმენა. საკუთარ თავში ზედმეტი თავდაჯერებულობა ხშირად მკაცრი, სხვისთვის დამამცირებელი განკარგულებების გაცემაში ვლინდება – ამით ის სხვების თავისუფალ ნებას ესხმის თავს. თუმცა, ვერ იტანს, როდესაც ოდნავ მაინც ეხებიან მისას.
– ამბობენ, რომ ძალიან ბევრი სნეულება არსებობს მართლმადიდებელი ადამიანის ცხოვრებაში.
– თანამედროვე მართლმადიდებლებს, მათ შორის მოძღვრებს, გვახასიათებს თვითდაჯერებულობა და ეს ძალიან ჰგავს იუდეველების თვითდაჯერებულობას. იუდეველები ახლაც ფიქრობენ, რომ ისინი არიან უკეთესები, ისინი უყვარს ღმერთს. სამწუხაროდ, ბევრი მართლმადიდებელიც ასე ფიქრობს: მე მართლმადიდებელი ვარ და დანარჩენები უვარგისები, ცუდები არიანო. შენ თუ ხარ მართლმადიდებელი, უნდა იყო მაგალითი სხვებისთვის. თქვენ ხშირად გინახავთ, თუნდაც ტელევიზიით, როგორ შეუსაბამოდ, შეუფერებლად იქცევიან მართლმადიდებლები, როდესაც ჩხუბობენ, იგინებიან, არბევენ. შენ თუ ხარ მართლმადიდებელი, უნდა იყო თავმდაბალი – ეს არის პირველი ნიშანი და არა თვითდაჯერებულობა იმაში, რომ უკვე ცხონდი, სამოთხეში ხარ, ეზიარე, მოძღვარი გყავს. ბევრმა ქალბატონმა იცის: ამდენი წელია, დავდივარ ეკლესიაში, შენ მე რას მასწავლი, მე ვიცი. თვითდაჯერებულობა ეშმაკისგან მოდის და ის ამპარტავნების წინ დგას. ბევრი დადის ეკლესიაში, ხშირად მოძღვრებსაც იცვლიან და მერე ამბობენ: არ ვიცი, ვისთან წავიდე, ჩემი მოძღვარი აღარ მაკმაყოფილებსო ან ბევრი რამ წაკითხული მაქვს, გავიგეო და შემდეგ აღარ დადიან ეკლესიაში, რადგან ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან. თუნდაც სასულიერო სემინარიას, აკადემიას რომ ამთავრებენ, ჰგონიათ, ბევრი გაიგეს და თვითდაჯერებულები ხდებიან. ხშირად მოძღვრებიც, ისინიც ბევრ ადამიანს რომ უყვარს, ტელევიზიით გამოდიან, ლექციებს კითხულობენ, ფიქრობენ, რომ ბევრი რამ იციან და თვითდაჯერებულები ხდებიან. იყავით შორს ისეთი მოძღვრისგან, რომელიც თავისი სახელით ლაპარაკობს: მე ასე ვიცი, მე ასე გამომეცხადა. ჩვენ იმით განვსხვავდებით კათოლიკეებისგან, პროტესტანტებისგან, რომ ისინი თავიანთი შეხედულებებით ცხოვრობენ, ასწავლიან პირადი, თანამედროვე გამოცდილებით და რაც მთავარია, ყველა თავის ჭკუაზე განმარტავს ბიბლიას. წაიკითხავენ და ყველა სხვადასხვანაირად იგებს და სხვებსაც ისე ასწავლის. ჩვენთან კი, თუ მართლმადიდებელი მოძღვარი ხარ და სწორად აზროვნებ, როდესაც ქადაგებას ამზადებ, გვერდით უნდა გედოს იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, სხვა დიდი მოძღვრების განმარტებები. ასე გადამუშავებული მიაწოდე შენს მრევლს, მეგობარს და შენი ქადაგება იქნება საინტერესო და ნაყოფიერი.