№51 რა ფაქტორები იწვევს ლარის კურსის რყევასა და ვარდნას და როგორაა შესაძლებელი ხელოვნურად ამის გამოწვევა
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ეკონომიკა მცირე მოცულობისა და, მე ვიტყოდი, ერთგვარად ხელოვნური წარმონაქმნიცაა, ეკონომიკური პროცესების მართვა რთული საქმე არ უნდა იყოს და, მაინცდამაინც, არც ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება უნდა იყოს გადაულახავი წინააღმდეგობა. თუმცა, ამის მიუხედავადაც, ლარიც კურსიც ირყევა და ვერც ჩვენებური ეკონომიკა ბრწყინავს ჯეროვნად. უფრო მეტიც, ერთ ან რამდენიმე ბიზნესმენსაც კი, თუ ჩაიფიქრებენ, შეუძლიათ ლარის შეზანზარება ისეთი მარტივი ქმედებით, როგორიცაა სურვილი, ერთ მშვენიერ დღეს თავიანთი კაპიტალის ნაწილის, ასე, 20, 30 ან 100 მილიონის უცხოეთში გატანისა. რა ფაქტორები ახდენს გავლენას ლარის კურსზე, ვის შეუძლია მისი ხელოვნურად რყევა და სოციალური კრიზისის შექმნა და რატომ არ ტარდება პრევენციული ღონისძიებები შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოების მიერ? – ამ თემას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.
იოსებ არჩვაძე: ჩვენს ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში მოვიტანეთ ასეთი პასაჟი – იმდენად მცირე ზომისაა საქართველოს ეკონომიკა, რომ მაგონებს ქართულ ზღაპარს, როდესაც კოშკში გამოკეტილ მზეთუნახავს მიეპარება ჭაბუკი და აკოცებს, დილით მზეთუნახავი კოცნის წონით იყო მომატებული. საქართველოს ეკონომიკაც ასეა: თუ ამუშავდება ერთი-ორი წარმოება, ეტყობა განვითარების ტემპი, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო გასული საუკუნის 90-ან წლებში, თუმცა დიდად შორს არ წავსულვართ. აგარის შაქრის ქარხანას ჰქონდა ამუშავებისა და ხანგრძლივად გაჩერების პერიოდები და ამისდა მიხედვით თამაშობდა ჩვენი მთლიანი შიგა პროდუქტისა და მრეწველობის ზრდის ტემპები. მსოფლიოში 2 208 მილიარდერია და საქართველოს ეკონომიკა იმდენაც მცირეა, რომ მისი მთლიანი შიგა პროდუქტი, ანუ ერთი წლის განმავლობაში შექმნილი დოვლათი ოთხი მილიარდერის საშუალო ქონების ეკვივალენტია. თუ მილიარდერ ღლავებს ვიგულისხმებთ, პირველი ათეულიდან ერთი მილიარდერის ქონება ხუთჯერ აღემატება საქართველოს ეკონომიკის მოცულობას. ამიტომ საკმარისია ერთი მსხვილი ტრანზაქცია და ეს მაშინვე აისახება მასზე. შეგახსენებთ, როდესაც „თი ბი სი ბანკმა“ შეიძინა „ბანკი რესპუბლიკა“ და 106 მილიონი დოლარი გადაიხადა, ამ თანხის საქართველოდან გატანამ თითქმის წელში გატეხა ჩვენი სავალუტო კურსი და ლარის დევალვაცია გამოიწვია. ასეთი ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება, თუმცა არ მინდა, ისე წარმოჩინდეს, რომ მხოლოდ ტრანზაქციებს უკავშირდება ვალუტის კურსი. თუ მთლიანობაში შევხედავთ პრობლემას და დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ, როგორც ეკონომისტი, ექვს ძირითად ფაქტორს გამოვყოფდი.
– გავაცნოთ ჩვენს მკითხველს.
– ლარის გაუფასურების ერთი მიზეზი უკვე ვახსენე, სისტემურია: ეს არის ჩვენი ეკონომიკის მცირე მასშტაბი და საერთო სისუსტე. მოგეხსენებათ, ორგანიზმი თუ სუსტია, მას ნებისმიერი ვირუსი სწრაფად ერევა და ამარცხებს, ხოლო, თუ ორგანიზმი ძლიერია, პირიქით, ის უძლებს ყოველგვარ შემოტევას. რადგან ჩვენი ეკონომიკა სუსტია, ეს სისტემური პრობლემა თითოეულ მოსახვევში გველოდება.
ლარის სისუსტის მეორე მიზეზად მე დავასახელებდი ინსტიტუციურ პრობლემას: ეროვნულ ბანკს, კანონით, არც ევალება ლარის კურსის დაჭერა. მისი მთავარი ფუნქციაა სტაბილური ფასები, რომ ინფლაცია დარჩეს წინასწარ განსაზღვრულ პარამეტრებში, რომელსაც ყოველ წელს, შემოდგომაზე, უმტკიცებს საქართველოს პარლამენტი და, როგორც წესი, არ სრულდება. წელს, მაგალითად, დამტკიცებული გვაქვს სამი პროცენტი და აშკარად გადავცდებით. მეორე მხრივ, არც მთავრობას აქვს უფლება, დააყენოს ფისკალური მანევრირების საკითხი, მაგალითად, ახალი გადასახადის შემოღების ან მოქმედ გადასახადში განაკვეთის ზრდის, იმისთვის, რომ აქტიური წვლილი შეიტანოს მოთხოვნა-მიწოდებასა და ბაზარზე ეროვნული ვალუტის რაოდენობის ცვლილებაში. იმიტომ რომ ჯერ კიდევ მოქმედია 2011 წელს მიღებული კანონი და სხვადასხვა მოდიფიკაციით, დარჩა ახლახან მიღებული კონსტიტუციის ახალ რედაქციაში 2030 წლის დეკემბრამდე. ანუ გამოდის, ქვეყანას ჰყავს ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი: ეროვნული ბანკი და მთავრობა და არც ერთს არ აქვს რეალური ეკონომიკური ბერკეტი, რომ აქტიურად ჩაერიოს, ავარიულად ჩართოს ან გამორთოს ლარის კურსი. ეს ინსტიტუციური პრობლემაა და მიხედვა სჭირდება.
– სხვა რომ არაფერი, პოლიტიკურადაა არამომგებიანი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რადგან ოპონენტები, ანუ პოლიტიკური კონკურენტები იყენებენ სათავისოდ და მის საწინააღმდეგოდ.
– ამიტომ ლარის სისუსტის მესამე ფაქტორად გამოვყოფდი პოლიტიკურ ფაქტორს: ოპოზიციის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ოპოზიციაში უდგას მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, არამედ სახელმწიფოს. მათი ქმედებები აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რეპუტაციას, ეკონომიკის მდგრადობას. ყველაზე არ ითქმის, მაგრამ მათი მოქმედება, რომლებიც ამინდს ქმნიან პოლიტიკური რყევებისას, ოპოზიციურია სახელმწიფოსადმი და ესეც არყევს და იმიჯს უკარგავს ეროვნულ ვალუტას.
მეოთხე მიზეზად დავასახელებდი სტრუქტურულ პრობლემას: მეტისმეტ დამოკიდებულებას საქონლისა და მომსახურების ექსპორტში ერთი ქვეყნის ბაზარსა და მომხმარებელზე. კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, გასაგებია, რომელ ქვეყანაზეა საუბარი.
– რუსეთზე თუ თურქეთზე?
– უფრო რუსეთზე, იმიტომ რომ ჩვენი ღვინის დიდი ნაწილი გადის რუსეთში, ორი მესამედი, პურის იმპორტი თითქმის სრულად რუსეთზეა დამოკიდებული და ამიტომ არ შეიძლება, რომ ეს სტრუქტურული დამოკიდებულება დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ნეგატიურ გავლენას ახდენს ლარის კურსზე.
– ფაქტობრივად, სანქციები, რომლებსაც უწესებენ რუსეთს ჩვენი პარტნიორები, მოქმედებს ჩვენზეც.
– დიახ და მართალია, რუსეთმა ვითომ კეთილი ჟესტი გამოავლინა საქართველოს მიმართ და არ შემოიღო სანქციები, მაგრამ პრემიერმა განაცხადა, რომ ზაფხულის ერთ თვეში ვიზარალეთ 60 მილიონზე მეტი ტურიზმის სექტორში, წელზე გაანგარიშებით ეს 700 მილიონზე მეტია. ასევე, გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა საქართველოს მოქალაქეების ბიზნესს რუსეთში. ბოიკოტი გამოცხადდა ქართული დაწესებულებებისადმი, ეს კიდევ ცალკე ზარალია. ამდენად, ეს პრობლემა არსებობს და თავის ნეგატიურ გავლენას ახდენს ლარის კურსზე.
მეხუთე ფაქტორად გამოვყოფდი კონიუნქტურულს: რაც უნდა ვილაპარაკოთ „თი ბი სი ბანკზე“, მისი არც ადვოკატი ვარ და არც პროკურორი, მაგრამ, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საკრედიტო დაწესებულების ხელმძღვანელების მიმართ გამოთქმულია ასეთი მძიმე ბრალდება, ეს გარკვეული სიფრთხილისადმი მოწოდებას ნიშნავს პოტენციალური ინვესტორისადმი და მთლიანობაში ნეგატიურ იმიჯს უქმნის არა მარტო საფინანსო სისტემას, არამედ, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ვალუტის შემოდინებას და ესეც უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე.
მეექვსე მიზეზი სუფთა ქართულია, სუბიექტური, ემოციურ-მენტალური, იმიტომ რომ ჩვენ განსაკუთრებული ემოციურობით ვცდილობთ, გადავარჩინოთ ჩვენი ფულადი დანაზოგები და, როდესაც არის საფრთხე...
– დოლარს ვეძალებით.
– დიახ და ამით ვაჩქარებთ ლარის გაუფასურებას, თითქოს ვცდილობთ, გადავარჩინოთ ჩვენი რესურსი, მაგრამ, საბოლოოდ, ვაზარალებთ ლარის კურსს, რადგან იზრდება მოთხოვნა დოლარზე და ამით ეცემა ლარის კურსი. ეს ძირითადი ფაქტორები მოქმედებს ლარის კურსზე და ამას სჭირდება შესაბამისი სისტემური, გააზრებული პროგრამა. როდესაც ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე ვლაპარაკობთ, ლართან არსებული პრობლემებიც ამ გზით უნდა დაიძლიოს. ეს ფაქტორები, ჯამში, მოქმედებს ნეგატიურად. დავით გურამიშვილს აქვს ასეთი პასაჟი – „თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი, სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!“ პერიფრაზი გავაკეთოთ, „სრულად ლარის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი“. ქვეყნის ბევრმა ინსტიტუტმა თუ ფაქტორმა წერილოვანი დარტყმა მიაყენა ეროვნულ ვალუტას, მის რეპუტაციასა და მსყიდველობითუნარიანობას და მივიღეთ ასეთი მდგომარეობა. აღარ ვიცი გურამიშვილს შევადარო თუ აგათა კრისტის „მკვლელობას აღმოსავლეთის ექსპრესში“, როდესაც ყველამ თავისი წვლილი შეიტანა ლეტალური შედეგის დადგომაში.
– მე მაინც პოლიტიკურ ფაქტორზე გავამახვილებდი ყურადღებას, როგორც ვხვდები, ამ მეთოდს არც თუ იშვიათად მიმართავენ ესა თუ ის ბიზნესჯგუფები.
– ფორმალურად ვერ შევედავებით: თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა და ნებისმიერს შეუძლია, გაიტანოს თავისი კაპიტალი და დააბანდოს სხვა ქვეყანაში. არა მარტო ვალუტას ვგულისხმობ, აქ დგას საზოგადოების წევრების მიერ კონკრეტული ფულის ერთეულისადმი გამოხატული ნდობა, რომ ჩვენ მას ვაღიარებთ და როდესაც ერთ-ერთი ინსტიტუტი ბიზნესიდან გადის თამაშიდან და ცდილობს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებას, ამ პასუხისმგებლობისა და ნდობის სიმძიმე გადანაწილდება სხვებზე და ამ სხვებს, ანუ საზოგადოებას, უფრო მძიმე ტვირთის აწევა უწევთ. ეს ახდენს გავლენას ვალუტის კურსზე, ანუ რამდენად ამჟღავნებს პატრიოტულ მიდგომას ესა თუ ის ბიზნესი თავისი ეროვნული ვალუტისა და სახელმწიფოს მიმართ.
– თქვენ აკადემიურად ამბობთ, მე პირდაპირ ვიტყვი: ოპოზიციამ, ვთქვათ, დაავალა თავისთან ახლო მდგომ ფინანსურ ჯგუფს, რომ გაიტანონ კაპიტალი ქვეყნიდან, მარტივი მიზნით, გამოიწვიონ სოციალური კრიზისი, რომ თავად გაინაღდონ ხელისუფლებაში მოსვლა. როგორც ჩანს, ამ საფრთხის არსებობის გამო აკონტროლებდნენ ბიზნესს თავის დროზე.
– ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც გულისხმობს ვალუტის ქვეყნიდან გატანას, ასუსტებს ქვეყნის ეკონომიკასა და მის ძირითად საგადამხდელო საშუალებას, ლარს. ამაზე ორი აზრი არ არის, ამიტომ პროფესიონალიზმთან და კომერციულ ინტერესთან ერთად აუცილებელია ეროვნული ინტერესიც.
– მე ნაკლებად მაინტერესებს, ვინ იქნება ხელისუფალი, მაინტერესებს ლარის სიმყარე და ფაქტია, ეროვნული ბანკი არაფერს აკეთებს პრევენციისთვის. ტრანზაქციების დროში გაწელვის გადაწყვეტილების მიღებას რა დიდი ძალისხმევა სჭირდება?
– ეროვნულ ბანკს აქვს ბევრი ისეთი ინსტრუმენტი, რომელთა ეფექტიანი გამოყენება საშუალებას მოგვცემს, ავირიდოთ ბევრი შოკი, მათ შორის, ვალუტასთან დაკავშირებული.
– და რატომ იყენებს მაშინ დუმილის უფლებას ეროვნული ბანკი?
– ქვეყანას უნდა მართავდეს კანონები, მაგრამ სუბიექტური ფაქტორის როლიც საკმაოდ მაღალია, პიროვნული რისკისა და პასუხისმგებლობის მომენტიც არის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხშირად თავის თავზე უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა და იმოქმედოს იმ უფლებამოსილებით, რაც კანონით აქვს მინიჭებული. ხშირად ასეთი გადაწყვეტილებები დაგვიანებით მიიღება და ეპიზოდური ხასიათი აქვს.