№50 19 წლის ბიჭებმა ცოდნით 24 000 ლარი მოიგეს
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
შემეცნებითი შოუს „უპასუხე საქართველოს“ გამარჯვებულები მეგობრები, ლუკა ლომსაძე და ზურა ვაშალომიძე გახდნენ. 19 წლის ბიჭებმა ყველა შეკითხვას სწორად გასცეს პასუხი და 24 000 ლარის მფლობელები გახდნენ. რაში აპირებენ ისინი მოგებული თანხის დახარჯვას და როგორია მათი ყოველდღიური ცხოვრება, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ზურა ვაშალომიძე: წარმოშობით გურიიდან ვარ. ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლა დავამთავრე, ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. ვსწავლობ კომპიუტერულ მეცნიერებებს სან-დიეგოს უნივერსიტეტში. პროფესიის არჩევაში დამეხმარა ჩემი მისწრაფება ზუსტი მეცნიერებებისკენ, განსაკუთრებით მათემატიკისკენ.
ლუკა ლომსაძე: 19 წლის ვარ, თბილისიდან. განათლება თბილისის 50-ე საჯარო სკოლაში მივიღე. ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პროფესიის არჩევისას ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა უნივერსალობამ და ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ.
– როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა?
ზურა: ჩემი და ლუკას მეგობრობა ლიტერატურული შოუს, „წიგნების თაროს“ მეშვეობით დაიწყო. ორივენი ამ გადაცემის მონაწილენი ვართ. ასევე, დიდი როლი ითამაშა საერთო ინტერესებმაც, ორივეს გვიყვარს ინტელექტუალური თამაშები, რამაც ძალიან დაგვაახლოვა. მაგალითად, ახლა სპორტულ „რა? სად? როდისში?“ ერთ გუნდში ვთამაშობთ.
– რატომ გადაწყვიტეთ „უპასუხე საქართველოს“ შოუში მონაწილეობა?
ლუკა: ამ შოუში მოხვედრა მას შემდეგ მომინდა, რაც ის გადაცემა ვნახე, როდესაც პირველად გაიხსნა 24 000-იანი შეკითხვა და ვერ გამოიცნეს. თუმცა, მანამდეც ვუყურებდი და ტელევიზორის წინ ვპასუხობდი. ჰოდა, გადავწყვიტე, მე და ზურას მოგვეგო. ზურასთან ერთად კი იმ მიზეზით გავედი, რომ ჩემი აზრით, ის ყველაზე მეტად ავსებს ჩემს ცოდნას – რაც მე არ ვიცი, ზურამ იცის და პირიქით.
– ელოდებოდით 24 000 ლარის მოგებას? რა შემართება გქონდათ?
ზურა: სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ გარკვეულ წარმატებას მივაღწევდით, მაგრამ მაქსიმალური თანხის მოგებაზე არც კი მიფიქრია. პირველ რიგში, ამ გამარჯვებით საკუთარ თავს დავუმტკიცე ჩემი შესაძლებლობები, ასევე, ძალიან სასიამოვნოა, როცა საკუთარ ერუდიცირებას ასე ფართოდ გამოავლენ
ლუკა: ასე პირდაპირ 24 000-ის მოგებას არ ველოდი, უფრო 5 000 ან 10 000 ლარს ვუმიზნებდი, თუმცა რაც უფრო ვუახლოვდებოდით „პიკს“, მით უფრო მჯეროდა გამარჯვების.
– რომელი შეკითხვა და ეტაპი იყო თქვენთვის ყველაზე რთული? ინტუიციას ენდეთ თუ ყველა შეკითხვის პასუხი იცოდით?
– ყველაზე მეტად, რაც უნდა უცნაური იყოს, პირველი ეტაპის შეკითხვები გაგვიჭირდა. მეტიც, კინაღამ გამოვვარდით და დამატებით შეკითხვამდეც კი მივიდა. მეორე ეტაპის შეკითხვებიდან კი ჩემთვის ყველაზე რთული მესამე, 5 000-ლარიანი შეკითხვა იყო, სადაც რომის კოლიზეუმის ისტორიის შესახებ გვკითხეს. საქმე ის იყო, რომ რთული იყო აგვერჩია სწორი პასუხი „იმედის ვარსკვლავის“ გამოყენების შემდეგაც კი. რასაკვირველია, ინტუიციასაც ვენდეთ, თუმცა, ამავდროულად, აღსანიშნავია დუტას დახმარებაც – გვაწყვეტინებდა და სწორ ლოგიკაზე გვაყენებდა. აღსანიშნავია, რომ ეჭვის გარეშე არცერთი პასუხი არ ვიცოდით.
ზურა: ჩემი აზრით, ალბათ, ყველაზე მეტად მოწინააღმდეგე წყვილთან თამაში გაგვიჭირდა, რადგან ამ დროს მხოლოდ, ჩვენს თამაშზე არ იყო დამოკიდებული ყველაფერი. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თითქმის ყველა კითხვაში ვცადეთ ლოგიკური ჯაჭვის მოძებნა, ზოგჯერ ინტუიციასაც ვენდეთ.
– თქვენთვის ეს პირველი გამარჯვებაა?
– ჩემთვის პირველი დიდი გამარჯვებაა, იმედია, კიდევ ბევრი წარმატება გველოდება მე და ლუკას მომავალში
ლუკა: აქამდე ტრივიალურ თანხასა თუ პრიზებს ვიგებდი პაბ-ქვიზებსა და თსუ-ში მოწყობილ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში. ასეთი გრანდიოზული გამარჯვება არ მქონია.
– რაში აპირებთ მოგებული თანხის დახარჯვას?
ზურა: ჯერ არ მიფიქრია, რაში უნდა დავხარჯო მოგებული თანხა. ძირითად ნაწილს, ალბათ, პირადი სიამოვნებისთვის დავხარჯავ.
ლუკა: ჯერ ზუსტად არ ვიცი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კეთილდღეობისთვის და უკეთესი მომავლის შექმნისთვის გამოვიყენებ.
– ვინ გგულშემატკივრობდათ ყველაზე მეტად?
– პირველად გამარჯვება დედაჩემს ვახარე, რომელსაც დიდხანს არ სჯეროდა და ეგონა, ვატყუებდი. საბოლოოდ, დუტამ მითხრა – დამალაპარაკეო და მასთან ლაპარაკის შემდეგ ნამდვილად დაიჯერა. მეშინოდა, ამხელა სიხარულისგან ცუდად არ გამხდარიყო. მეგობრები კი მწერდნენ, ნუ „გვეღადავები“, მართლა ამდენი მოიგეო და მსგავს მესიჯებს. მათაც ძლივს დავაჯერე, რომ ნამდვილად მოვიგე.
ზურა: ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვაყვდა, მათ შორის ოჯახის წევრები, ჩემი შეყვარებული, მეგობრები. როცა გამარჯვების შესახებ შევატყობინე, ყველა გაოცებული დარჩა.
– ისეთი ჭკვიანები, როგორებიც თქვენ ხართ, საზოგადოებას სულ წიგნით ხელში წარმოუდგენია. თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
ლუკა: წიგნების კითხვა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა, სულ წიგნით ხელში ნამდვილად ვერ დამინახავთ. ვთვლი, რომ ცოდნისა და განათლების მიღება არ ხდება მხოლოდ წიგნებით. ადამიანს შეუძლია, განათლება ნებისმიერი საშუალებით მიიღოს. მე საკმაოდ კარგი მასშტაბის განათლება და უნარ-ჩვევები ვიდეოთამაშებიდან მივიღე – იქნება ეს გუნდური მუშაობა, სასაუბრო ენის გაუმჯობესება, თუ ისტორიული სტრატეგიული თამაშებით მიღებული გეოგრაფიისა და ისტორიის ცოდნა. იმავდროულად, ვთვლი, რომ მეტი ყურადღება უნდა მიეპყროს ინტერნეტსივრცესაც, რომელიც ინფორმაციის ულევ წყაროს წარმოადგენს. ამიტომ, ჩემს ლეპტოპთან უფრო ხშირად დამინახავთ, ვიდრე წიგნით ხელში, თუმცა აქაც ოქროს შუალედის დაჭერაა საჭირო. ჩემთვის ეს იდეალურად დაბალანსებულია, როგორც ყველაფერი უნდა იყოს სამყაროში.
ზურა: დღეს იმისთვის, რომ ზოგადი განათლება მიიღო, არ არის საჭირო მუდმივად წიგნების კითხვა. ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოძიება მარტივადაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ინტელექტუალი უფრო მეტად ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის კითხვითაა დაკავებული. წიგნები დამატებითი რესურსია განათლების ასამაღლებლად. პირადად ჩემთვის ლიტერატურის კითხვა ერთგვარი რუტინაა, ბევრად მეტ დროს ვატარებ „ვიკიპედიასა“ და სხვა მსგავს საიტებზე.