№50 რატომ იღებდნენ ჩინელები ვერიკო ტურაშვილთან ფოტოებს და როდის გაიარა მან სირცხვილის კორიდორში
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ჩინეთის ქალაქ შენჟენში 31-ედ ჩატარდა Miss model of the world-ის ფინალი, სადაც 90 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოც. მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სპეციალურად იყო მიწვეული აღნიშნულ ღონისძიებაზე. მისმა შესრულებამ შენჟენის ამფითეატრში სრული ანშლაგი გამოიწვია, მსმენელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა და უფრო მეტიც, ვერიკოს კულისებში სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ელოდებოდნენ საინტერესო შეთავაზებებით. მომღერალი ჩინეთში ვიზიტზე და იქაურ შთაბეჭდილებებზე გვესაურა.
ვერიკო ტურაშვილი: ჩინეთის ქალაქ შენჟენში საერთაშორისო სილამაზის კონკურსის, Miss model of the world-ის ფინალი ჩატარდა, სადაც 90 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და მათ შორის იყო საქართველოც. ამ კონკურსის ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ ეკა მგალობლიშვილი – ჩემი მეგობარი და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი. სწორედ ეკას მეშვეობით აღმოვჩნდი სპეციალურ სტუმრად. წინასწარ გაგზავნეს ჩემი მუსიკა, ვიდეორგოლები. მათ მოეწონათ ჩემი რეპერტუარი და სიამოვნებით მიმიწვიეს ღონისძიებაზე.
– როგორც გავიგეთ, შენი გამოსვლის დროს სრული ანშლაგი იყო. მოგვიყევი, რა ხდებოდა.
– დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო, რომელიც შენჟენის მთავარ ამფითეატრში ჩატარდა. ამ კონკურსით თავად ჩინელები არიან დაინტერესებული და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჰქონდათ გაკეთებული – არაჩვეულებრივი ხარისხის სცენა, განათება, გახმოვანება, ორგანიზება... კი, ნამდვილად აბსოლუტური ანშლაგი იყო. ჩინელებისთვის რთულად აღსაქმელი რომ არ ყოფილიყო, ქართული სიმღერები არ შემისრულებია. ინგლისურენოვანი რეპერტუარი ვიმღერე. მოკლედ, დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, გარდა იმისა, რომ დარბაზში იყო ოვაციები, გამოსვლის შემდეგ კულისებში კომპანიების წარმომადგენლები მელოდებოდნენ სხვადასხვა შეთავაზებით. ეს ჩემთვის იმდენად სასიამოვნო იყო, როგორც დამწყებ მომღერალს, ისე მიხაროდა. მოკლედ, ბევრი კარგი წინადადება მივიღე, კონტაქტები გაცვალეთ და სამომავლოდ რაღაცების დაგეგმვაც შეიძლება, თუ ეს ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ოღონდ, იმას არ ვამბობ, რომ ჩინეთში დარჩენას და ჩინურ შოუ-ბიზნესში ჩართვას ვაპირებ.
– საქართველო რა შედეგით დაბრუნდა სილამაზის კონკურსიდან?
– დიდი კონკურენცია იყო, არაჩვეულებივი გოგონები დარჩნენ ადგილების გარეშე. იმის გარდა, რომ იყო ოთხი საპრიზო ადგილი, ასევე სხვადასხვა საპრიზო ნომინაციები და ფულადი პრიზები ჰქონდათ წარმოდგენილი. საქართველოს წარმომადგენელმა ორი ძალიან კარგი ნომინაცია მიიღო და რამდენიმე ქვეყნის „ფეშენ-ვიქზეც“ მიიწვიეს. საერთო ჯამში, ეს საქართველოსთვის კარგი შედეგი იყო.
– რამდენი ხნით იყავი ჩინეთში? მოასწარი შენჟენის დათვალიერება? ყველაზე მეტად რამ მოგხიბლა?
– ერთი კვირა ვიყავი და შენჟენისთვისაც კი ეს დრო ცოტაა. რეპეტიციები და ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, მაგრამ როგორც შევძელი, თავისუფალი დრო მაქსიმალურად გამოვიყენე. ზოგადად, ჩემთვის ასეთი ქვეყნები უფრო საინტერესოა, ვიდრე ევროპის. ჩინეთში პირველად ვიყავი და მართლა მომეწონა. მომავალშიც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ მის შეცნობას. ჩემთვის საინტერესო და გასაკვირი იყო ის, რომ ამხელა ქალაქში, სადაც უამრავი უცხოელი მოძრაობდა, გეფიცებით თუ რამეს ვაჭარბებდე, მოდიოდნენ და ჩემთან იღებდნენ ფოტოებს (იცინის). ჯერ ხომ მაგათზე მაღალი ვიყავი, მერე – ქერა, ხვეული თმით და როგორც ჩანს, საინტერესო აღმოვჩნდი მათთვის. ჩემი ჩაცმულობის სტილიც მოსწონდათ და ბევრი კომპლიმენტი ამ კუთხითაც მივიღე. თითქმის სულ ეკასთან ერთად დავდიოდი და ორი ქერა ქალი მათ დაინტერესებას იწვევდა. მინიმუმ, 50 ადამიანი მაინც იღებდა ჩვენთან ფოტოებს (იცინის).
– ჩინური ეგზოტიკური სამზარეულო თუ დააგემოვნე?
– ზოგადად, ჩინური სამზარეულო ძალიან მიყვარს და საქართველოში კვირა არ გადის, შვილებთან და მეგობრებთან ერთად არ მივირთვა. ჩემი საყვარელი კერძებიც მაქვს და ჩინური რესტორნების ხშირი სტუმარი ვარ. ბუნებრივია, დამაინტერესა თავად იქაურმა სამზარეულომ, რომელიც თურმე, ამბსოლუტურად განსხვავდება ქართულ-ჩინურთან. ეგზოტიკური კერძები არ გამისინჯავს: მატლები, კალიები, ტარაკნები და ძაღლები, თუმცა ზღვის პროდუქტების კერძებით დავრჩი აღფრთოვანებული. თურმე, ზამთარი აქტიური პერიოდია ძაღლების დასაკლავად და ჩვენც მიგვიწვიეს, თუმცა, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით. ძაღლს ჩინეთში კი არა და ვერსად შევჭამ. ერთ რესტორანში აღმოვჩნდი, სადაც იდგა დიდი, მრგვალი მაგიდა, რომელიც ტრიალებდა და მასზე სხვადასხვა სახეობის უმი პროდუქტი იყო განთავსებული. ყველა მაგიდის წინ პატარა დენის ღუმელი იდგა. გაძლევდნენ ქვაბს და თავად შეგეძლო სასურველი კერძის მომზადება. გადავირიე ამ მომსახურებით. საერთო ჯამში, ყველანაირად კმაყოფილი დავბრუნდი საქართველოში.
– ბევრს მოგზაურობ და არაერთი ისტორია გექნება გასახსენებელი...
– ჩემი ისტორიები ძირითადად, დაგვიანებასთან არის დაკავშირებული – მაგვიანდება თითქმის ყველა რეისზე, განსაკუთრებით, როცა უკან ვბრუნდები. ჩინეთიც არ იყო გამონაკლისი, ბოლოს ქოშინით ავვარდით თვითმფრინავში და ეს ჩვენი მოდელი გოგო ცხარე ცრემლით ტიროდა, სად ხართ აქამდეო. ამ სირბილისგან ისე ცუდად გავხდი, თვითმფრინავში ექიმი გამოვიძახე (იცინის). ერთხელ თვითმფრინავში აღარ აგვიშვეს, კიევის აეროპორტში დავრჩი დათუნა მგელაძესთან და კახა კუხიანიძესთან ერთად. ისევ მე ვივაჟკაცე, ჩავედი ოპერატორთან და ბევრი საყვედური ვუთხარი. ბოლოს – ოღონდ თქვენ არ ინერვიულოთ, ქალბატონო მომღერალოო და ბილეთები მოგვცეს საჩუქრად (იცინის). ისევ კიევში ერთხელ ისე დავაგვიანეთ, რომ თვითმფრინავი 40 წუთი გველოდებოდა და რომ შევედით, სირცხვილის კორიდორში გავიარეთ.