№50 როგორ ვერ მალავენ ზაზა ვაშაყმაძის დანახვისას ქუჩაში ზიზღს და რატომ დაჰყავდა მას „ძველი ბიჭები“ თეატრში
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
ბაჩო ფოჩიშვილი – დეპუტატი „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის როლის შემსრულებელ მსახიობ ზაზა ვაშაყმაძის დანახვაზე, მაყურებელი ზიზღს ვერ მალავს.
ზაზა ვაშაყმაძე: სხვადასხვა როლზე მიკავშირდებოდნენ სერიალიდან, მაგრამ რატომღაც აქამდე ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგა. ბოლოსაც სხვა როლზე დამიძახეს ქასთინგზე და „ბარემ“ ბაჩო ფოჩიშვილის სცენარიც წამაკითხეს. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ამ როლზე გამოვდგებოდი. მომწონს, რომ უარყოფით პერსონაჟს ვთამაშობ. როცა უარყოფით პერსონაჟს განასახიერებ, მაყურებელს აჩვენებ, როგორ არ უნდა მოიქცეს ადამიანი. მომწონს ის, რომ ჩემი გმირი რეალური სახეა. დღევანდელ მთავრობაში ძალიან ბევრი მსგავსი პერსონა გვყავს. ბაჩო ფოჩიშვილი მე არაფრით მგავს და ამ პერსონაჟის თამაში ამით უფრო საინტრესოა ჩემთვის.
– რადგან ბაჩო უარყოფითი გმირია, მაყურებლისგან ნეგატიურ დამოკიდებულებას გრძნობთ?
– ქუჩაში ადამიანების რეაქციით ვხვდები, რომ მცნობენ. პირდაპირ არავინ მოვა და გაგლანძღავს, მაგრამ ვხედავ, როგორი ზიზღით მიყურებენ (იცინის). სამწუხაროდ, საქართველოში ბევრს ჰგონია, რადგან რაღაც როლს თამაშობ, ესე იგი, ცხოვრებაშიც ისეთი ხარ, დიფერენცირებას ვერ ახდენენ. ამიტომ არ მიკვირს ეს ზიზღნარევი დამოკიდებულება. ამ ფილმში ჩემი ბევრი მეობარი თამაშობს, მათ შორის უარყოფით პერსონაჟსაც და მათგანაც ვიცი, რომ ხალხს ძალიან ცუდი რეაქციები აქვთ და რადიკალურ შემთხვევებსაც ჰქონია ადგილი ქუჩაში. ამიტომ, ამისთვის მზად ვიყავი. მსახიობი რომ დადგე და იმაზე იფიქრო, ვინ რას იტყვის, ვერაფერს გააკეთებ. რეზულტატი ინდივიდუალურია. ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს და გამოხატოს. თუ პროფესიონალი მსახიობი ხარ, ნებისმიერი როლის თამაში უნდა შეგეძლოს. არ აქვს მნიშვნელობა ორიენტაციას, ხასიათს და ასე შემდეგ.
– ზაზა როგორია პიროვნულად? პოლიტიკასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ვინც მიცნობს, ბაჩოსგან განსხვავებით, ყველას ვუყვარვარ (იცინის). ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საინტერესოა ჩემთვის ბაჩოს როლის შესრულება, ისაა, რომ მე არ მომწონს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკური ვითარება. არ მომწონს ჩვენი უმრავლესობა, ძალიან დიდი ეჭვი მეპარება მათ პროფესიონალიზმში და ამ როლით მომეცა შესაძლებლობა, რომ ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს სერიალი ოპოზიციურია თავის მესიჯებით და სრულებით ვეთანხმები მისი ავტორების პოზიციას. სხვა მხრივ, პოლიტიკასთან საერთო არ მაქვს. თუმცა, არასდროს ვერიდები აქციებზე პროტესტის გამოხატვას, როცა ამის საჭიროება არსებობს.
– პროფესიით მსახიობი ხართ?
– კი, რამდენიმე თეატრში ვმუშაობდი. ათი წელი – თუმანიშვილში, ხუთი წელი – მოძრაობის თეატრში, მიმუშავია სხვადასხვა ტელეარხსა და რადიოში, წამყვანად. რამდენიმე მეორეხარისხოვანი როლი მაქვს შესრულებული კინოში ელდარ შენგელაიასთან, მერაბ კოკოჩაშვილთან და ასევე, ვმონაწილეობ უცხოურ პროექტებში. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში დამატებითი პროფესია შევითავსე, ესაა კინომხატვრობა და აქტიურად ვმუშაობ ამ მიმართულებით.
– მსახიობობა რატომ გადაწყვიტეთ? ყველა თანხმდება, რომ ჩვენთან ამით „ვერ იცხოვრებ“.
– თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა, ეს ჩემთვის განსაკუთრებული სამყარო იყო. ყოველთვის ვიცოდი, რომ მსახიობი გავხდებოდი. იმდენად ვიყავი შეპყრობილი თეატრით, ჩემი უბნის „ძველი ბიჭებიც“ კი თეატრში დამყავდა, მინდოდა, მათაც შეჰყვარებოდათ (იცინის). როცა გაიგებდნენ, რომ თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, ყველა მეუბნებოდა, რომ ეს არ იყო კარგი პროფესია. მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მყარი იყო. თუმცა, მერე რამდენჯერმე მქონდა სინანულის გრძნობა – ალბათ, ჯობდა, მათთვის დამეჯერებინა და სხვა პროფესია ამერჩია-მეთქი. მაგრამ ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემი პროფესია ჩემთვის შემოსავლის წყარო არასდროს ყოფილა. თვრამეტი წელია, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დამატებით ან ბიზნესი მქონდა, ან სხვა სამსახური. ახლაც ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო კინოგადაღებებია. ასევე, ვმუშაობ მენეჯერად ქართველ დიზაინერთან – გიორგი შაღაშვილთან. 2017 წელს საბოლოოდ წამოვედი თეატრიდან. თუმცა მხოლოდ შემოსავლის გამო არა, უბრალოდ, აღარ მაინტერესებდა იმ რეჟისორებთან მუშაობა, რომლებიც ჩემ გარშემო იყვნენ.
– პროფესიას, ალბათ, არაერთი რთული მომენტი უკავშირდება.
– ჩემი ყველაზე მტკივნეული თავგადასავალი იყო, როცა თეატრში, სცენაზე დავიწვი – მეოთხე ხარისხის დამწვრობა მივიღე სახეზე. შამანის როლს ვასრულებდი, რომელსაც სცენაზე, საცირკო ტრიუკი უნდა გაეკეთებინა – პირიდან ცეცხლი გამოეფრქვია. რაღაც პერიოდი უკვე იყო გასული, რაც ამ სპექტაკლს ვდგამდით და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ სანამ მორიგ წარმოდგენაზე ნავთის ნაცვლად, შეცდომით, სხვა სითხე არ მომიტანეს. სპექტაკლი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა და უცებ, იმის ნაცვლად, რომ პირიდან გამომეფრქვია, ცეცხლი სახეზე მომეკიდა. ეს მსახიობისთვის ძალიან რთული მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ სახეზე ცეცხლი გიკიდია და საშინელ ტკივილს განიცდი, მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ამ დროს საკუთარ სამზარეულოში კი არ ხარ, მაყურებლის წინ დგახარ, პუბლიკა გიყურებს და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს შენს მდგომარეობას. თუმცა, ზოგს ეგონა, რომ ეს ყველაფერი წარმოდგენის ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, სპექტაკლი ჩაიშალა, ჩემთვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამ მდგომარეობაში რამის გაკეთება, მაშინვე დამწვრობის ცენტრში გადამიყვანეს. შემდეგ იყო რეაბილიტაციის ძალიან რთული პერიოდი სახეზე ნაიარევებით. ძალიან მეშინოდა, რომ არ დამრჩენოდა და პროფესიაზე უარის თქმა არ დამჭირვებოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენმა ძალიან მაგარმა ქართველმა ექიმებმა მოახერხეს ჩემი კანის ასპროცენტიანი აღდგენა.
– სერიალში დაქორწინებული ხართ, რეალურად?
– რეალურად დაქორწინებული არ ვარ, მაგრამ ხანგრძლივ ურთიერთობაში ვარ, თითქმის უკვე ცოლქმრულში. ოფიციალურად არ ვარ დაქორწინებული, მაგრამ ერთად ვცხოვრობთ.
– როგორია თქვენი რომანტიკული თავგადასავლები?
– ბევრი რომანტიკული მომენტი გვქონია, განსაკუთრებით მოგზაურობისას, რაც ძალიან გვიყვარს. ერთ-ერთ დაბადების დღეს საქართველოში არ შეხვდა. ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი და მის მეგობარს, რომელიც მასთან ერთად იყო წასული, ძალიან ბევრი წერილი გავატანე ორიგინალური კონვერტებით და დაბადების დღეს ამ წერილებს უცნობი ადამიანები აძლევდნენ – ქუჩაში, მაღაზიაში, ტრანსპორტსა თუ კაფეში – მთელი დღის განმავლობაში. წერილებში კი ვწერდი, როგორ მიყვარს და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მას ჩემს ცხოვრებაში.
– რამდენი ხანია, ერთად ხართ?
– ძალიან დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. რაც ერთად ვცხოვრობთ, მას შემდეგ უკვე ხუთი წელი გავიდა. ამ პერიოდში იყო სირთულეებიც, განშორებებიც, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ისევ გრძელდება.
– დაქორწინება თუ გაქვთ გეგმაში?
– მგონია, რომ ეს სულაც არაა აუცილებელი. შვილზე ვფიქრობთ, მაგრამ ეს მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული, ამაში, ალბათ, ზებუნებრივი ძალებიც უნდა ჩაერიონ და ვნახოთ.