№50 როგორ მოიპოვა თამარა თუმანოვამ ცამეტი წლის ასაკში საყოველთაო პოპულარობა და როგორ უკავშირდება მას ამერიკაში ცნობილი თოჯინების შოუს დაბადება
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
ცნობილი მსახიობისა და ბალერინის თამარა თუმანოვას დედა ევგენია დიმიტრის ასული თუმანიშვილი ხელთუბნელი თუმანიშვილების შთამომავალი იყო. 1918 წელს ფეხმძიმე ევგენია მეუღლესთან – რევოლუციას გარიდებულ რუს სამხედრო კონსტანტინე ზახაროვთან ერთად, რუსეთის გავლით, ჩინეთში ემიგრაციაში გაემგზავრა. გზაში მეუღლე გარდაეცვალა ინფექციური დაავადებისგან. მარტოდ დარჩენილს ნერვიულობის ნიადაგზე ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და 1919 წლის 2 მარტს ციმბირიდან შანხაისკენ მიმავალ მატარებელში გოგონა შეეძინა. ახალშობილს თამარი დაარქვა და თავისი გვარი – თუმანიშვილი მისცა. ევგენიამ მატარებელშივე გაიცნო პოლონური წარმოშობის მეფის არმიის ოფიცერი ვლადიმერ ხასიდოვიჩი, რომელიც თამარის მამინაცვალი გახდა. თუმცა, არსებობს განსხვავებული ცნობებიც მისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ.
ირაკლი მახარაძე: თამარ თუმანიშვილი ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს ბალერინად ითვლება, რომელიც 40 წლის განმავლობაში დიდი წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე. თამარ თუმანიშვილი მატარებელში, სადღაც ციმბირსა და შანხაის შორის (სხვა მონაცემებით, ტიუმენში) დაიბადა, როცა მისი მშობლები ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთიდან გაიქცნენ. სხვა წყაროებით დედამისი რუსეთიდან მეუღლის მოსაძებნად წამოვიდა, რომელიც თავის დროზე ბოლშევიკებს გამოექცა. მშობლები ერთმანეთს შეხვდნენ, როცა თამარი 18 თვის იყო. ისინი თავდაპირველად შანხაისა და ქაიროს დევნილთა ბანაკებში ბინადრობდნენ, მოგვიანებით კი საფრანგეთში დასახლდნენ. თამარის ბაბუა ცნობილი რუსი ბალერინის, ოლგა პრეობრაჟენსკაიას თაყვანისმცემელი გახლდათ და თამარიც რომ ბალერინა გახდა, მისი დამსახურებაა. თამარის თქმით, სწორედ პრეობრაჟენსკაია იყო მომავალი მოცეკვავის „ერთადერთი, საყვარელი მასწავლებელი და უკვდავი მეგობარი“, რომელმაც პარიზში საბალეტო სკოლა გახსნა. თამარის დებიუტი ცხრა წლის ასაკში პარიზის ოპერაში შედგა. მან გასაოცარი ცეკვით მაშინვე მიიქცია ბალეტის კრიტიკოსთა და დამფასებელთა ყურადღება. უკვე 13 წლის ასაკში თამარა თუმანოვამ, როგორც მას უწოდებდნენ, საყოველთაო პოპულარობა მოიხვეჭა. მისი ტექნიკა ისეთივე საუცხოო იყო, როგორც მისი სილამაზე, წერდნენ გაზეთები. 1932 წელს თუმანოვას ცეკვით მოხიბლულმა ჯორჯ ბალანჩინმა თამარს, დიდი ქორეოგრაფის მუზას, კონტრაქტი გაუფორმა Ballet Russe de Monte Carlo-სთან. თამარს სხვა ორ რუს ემიგრანტ გოგონასთან ერთად Baby ballerina შეარქვეს, მაგრამ მხოლოდ მან დაიმსახურა მეტსახელი „რუსული ბალეტის შავი მარგალიტი“ (საკუთარი გვარი მან სწორედ ბალანჩინის რჩევით და მისი მიბაძვით შეამოკლა). 1938 წელს მან მიატოვა საბალეტო დასი (თუმცა ის მონტე-კარლოში 40-იან წლებში კიდევ რამდენჯერმე დაბრუნდება), რადგან მას საკუთარი ძალების მოსინჯვა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში სურდა. ის გამოჩნდა ბროდვეიზე სპექტაკლში Stars
in Your Eyes. სულ მალე კი მოეწყო მსოფლიო ტურნე. თუმანიშვილს ყველგან ახლდა დედამისი, „ბალერინების დედებიდან” ყველაზე ცნობილი და მენეჯერის როლს ასრულებდა (ბევრ ბალერინას დედა დაჰყვებოდა და ყოველმხრივ დახმარებას უწევდა). ამერიკის შეერთებულ შტატებში მან ჯორჯ ბალანჩინთან ერთად დადგა „აბსტრაქტული“ სპექტაკლი Le palais de Cristal. სამი წლის შემდეგ მან საკუთარი დრამატული თამაში წარმოაჩინა ცნობილი უკრაინელ-ფრანგი ბალეტმეისტერისა და მოცეკვავის, სერჟ ლიფარის სპექტაკლში. 50-60-იან წლებში მან დაიწყო მოღვაწეობა, როგორც „თავისუფალმა“ ბალერინამ და გამოდიოდა სხვადასხვა დასებთან ერთად Paris Opera Ballet, London Festival Ballet და The Marquis de Cuevas Grand Ballet-თან ერთად. როგორც აღნიშნავენ, მისი შემდგომი კარიერა აღარ იყო ისეთი საუცხოო, ბალეტის ზოგიერთი კრიტიკოსი მას მანერულობაში სდებდა ბრალს, მაგრამ თეატრალური საზოგადოება და თაყვანისმცემლები მის ყოველ გამოჩენას აღტაცებით ელოდნენ.

თუმანოვას კინოდებიუტი 1944 წელს ფილმში Days of Glory გრეგორი პეკთან ერთად შედგა. თუ რა რანგის შემოქმედი იყო ის, მეტყველებს ფილმის პლაკატებზე გვარების თანმიმდევრობა – პირველი თუმანოვაა, შემდეგ პეკი. იმავე წელს ის გათხოვდა კინოპროდიუსერსა და სცენარისტზე ქეისი რობინსონზე, მაგრამ მალევე განქორწინდა. ფილმში Tonight we Sing (1953) თუმანოვამ განასახიერა სახელგანთქმული ბალერინა ანა პავლოვა, ასევე, მთავარი როლი შეასრულა ჯინ ქელის ფილმში Invitation to the Dance (1955), ამის გარდა გამოჩნდა ფილმებში: ალფრედ ჰიჩკოკის Torn Curtain და ბილი უაილდერის The Private Life of Sherlock Holmes. თუმანიშვილთან არის დაკავშირებული ამერიკაში ცნობილი თოჯინების შოუს დაბადება. 1936 წელს, როცა ბალერინა ჩიკაგოში გამოდიოდა, მასთან გასახდელში 16 წლის თაყვანისმცემელი ბურ ტილსტრომი მივიდა, რომელმაც თოჯინა, გააკეთა და სურდა მისთვის გადაეცა. როცა თუმანოვამ დაინახა თოჯინა, რუსულად წამოიძახა – „კუკლა!“. ამ სახელწოდებამ ბიძგი მისცა ახალგაზრდა ხელოვანს, შეექმნა სატელევიზიო შოუ Kukla, Fran and Ollie.
თამარ თუმანიშვილი ამერიკის მოქალაქე 1944 წელს გახდა, მას შთამომავლობა არ დარჩენია და სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბევერლი ჰილზში გაატარა.