№50 რის გამო დაკარგა მეტყველების უნარი თამუნა ლეკვეიშვილმა და როგორ მოაგვარა მან ქმართან ურთიერთობაში გაუგებრობა
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
„ახალი შაბათის შოუს“ მსახიობ თამუნა ლეკვეიშვილისთვის ეს წელი პოზიტიური ნამდვილად არ იყო, თუმცა, იმედი აქვს, მომავალი წელი უკეთესი იქნება. „რუსთავი 2-დან“ ახალ არხზე გადასულმა, ახალი სახეები შექმნა, სექსუალური იმიჯიც მოირგო და როგორც თავად ხუმრობს, ახალ ქმარსაც კარგად შეეწყო.
თამუნა ლეკვეიშვილი: პრანჭია გოგო არ ვიყავი. ცელქი, მოუსვენარი, ხმაურიანი ბავშვი ვიყავი, ხეებზე ჯდომა მიყვარდა, ავიდოდი და საათობით იქ ვიჯექი. საკმაოდ გვიან, მეათე-მეთერთმეტე კლასში გავაცნობიერე, რომ გოგო ვარ და უნდა გავიპრანჭო. ერთი ბიჭი მომწონდა და მის გამო ვიპრანჭებოდი (იცინის).
– რამდენად გიყვარს ექსპერიმენტები იმიჯში?
– ექსპერიმენტები, ხშირად ჩამიტარებია საკუთარ თავზე. თმა ყველა ფერზე მქონდა შეღებილი – შავად, წითლად, „რიჟად“... ბოლოს მივხვდი, ჩემი თმის ფერი – ღია ყავისფერი უფრო მიხდება და ბოლო დროს მელირებაზე „შევჯექი“. ერთი პერიოდი მოკლედ შევიჭერი თმა და ისე არ მომეწონა, აღარასოდეს შევიჭრი. ერთხელ, გადავწყვიტე თმის გაღიავება და ისეთი საშინელი ფერი მქონდა, სანამ გადავიღებავდი, სარკეში ჩახედვის მეშინოდა. მაშინვე საღებავის დადება არ შეიძლებოდა, ერთი დღე საშინელი თმის ფერით, ფაქტობრივად, ბებერმა ვიარე (იცინის). რაც შეეხება წონას, ერთი პერიოდი, კარგად მოვიკელი, ახლა კი ცოტა მოვიმატე და ვცდილობ, ისეთი ტანსაცმელი მოვირგო, ზედმეტი კილოგრამები დავმალო. ორსულობის დროს, საკმაოდ მოვიმატე, სიგრძე-სიგანე ერთნაირი მქონდა და დიდხანს დამჭირდა ფორმაში ჩადგომა. დიეტებს ვიცავდი და ვვარჯიშობდი. არ დამავიწყდება, ისეთ საშინელ დიეტას ვიცავდი, მეტყველება დავკარგე (იცინის). ახლა ვხვდები, ყველა ყურმოკრული დიეტის დაცვა იდიოტობაა, მაგრამ ისე მინდოდა სწრაფად გახდომა, ვცადე. მოკლედ, სამი დღე მხოლოდ რძე უნდა მესვა და მესამე დღეს, სერიოზულად დამერღვა მეტყველების უნარი, სიტყვებს ვერ ვაბოლოვებდი და სახლში სასწრაფოდ გამიშალეს სუფრა. მითხრეს: ჭამე, შენ რომ მეტყველება დაკარგო, ხომ დავიღუპეთ, დიეტა აღარ გაგვაგონოო (იცინის). კარგად რომ დავნაყრდი, აზრზე მოვედი, მოვღონიერდი და მივხვდი, ასეთი სულელური მეთოდით აღარასოდეს შევეცდებოდი ზედმეტი წონის დაკლებას.
– ამ ბოლო დროს, წონაში დაიკელი და სექსუალური იმიჯიც მოირგე.
– ყოველდღიურობაში ასეთი იმიჯი არ მაქვს. როლისთვის მჭირდება ხოლმე სექსუალური იმიჯის მორგება, მერე ფოტოს ვიღებ ასეთ ფორმაში, ვდებ სოციალურ ქსელში და ისე ჩანს, თითქოს სულ ასე დავდივარ. ეს ჩემი სტილი არ არის და ასეთი ხაზგასმული სექსუალური იმიჯით ნამდვილად ვერ ვივლი. უბრალოდ, ეკრანი ითხოვს.
– როცა მამაკაცები თვალს გაყოლებენ და მკერდზე მათ დაჟინებულ მზერას გრძნობ, რა რეაქცია გაქვს?
– მამაკაცების მზერას შევეჩვიე (იცინის).
– იმედია, არ გამინაწყენდებიან იმერლები, მაგრამ ამ კუთხის ხალხის დამახასიათებელი თვისება „არტაკუზობაა“. შენ თუ ხარ ასეთი?
– „არტაკუზა“ არა, მაგრამ „კუდაბზიკა“ კი ვარ (იცინის). მაგალითად, მინდა, ყველაზე კარგი ტელეფონი მქონდეს. არ დამავიწყდება, ბევრი წლის წინ, როცა განვადებით მხოლოდ ტექნიკის გამოტანა შეგეძლო და მეტი არაფრის, სათვალეების მაღაზიაში შევედი და „შანელის“ სათვალეზე გავაკეთე განვადება. საკმაოდ დაბალი ხელფასი მქონდა და 700 ლარი ღირდა. ისე მომეწონა, გადავირიე და ყველა დამცინოდა, განვადებით სათვალე როგორ გამოიტანეო. ამდენი წლის მერეც კი, დედაჩემი ხმარობს იმ სათვალეს და რომ ვუყურებ, მეცინება, ჯერ კიდევ „მოქმედებაშია“ (იცინის).
– თამუნა, ცხოვრებაში რამდენად გაგიმართლა და ყველაზე მეტად რაში?
– ცხოვრებაში ყველაფერში გამიმართლა – მშობლებში, პირადში, მეუღლეში, შვილებში, სამსახურში, მეგობრებში... იღბლიანი გოგო აღმოვჩნდი.
– თქვი, მეუღლეში გამიმართლაო. თუმცა, ჭორი გავიგე, რომ მას გაშორდი და პირადულში რთული პერიოდი გიდგას. სოციალურ ქსელშიც დადე სტატუსი, სადაც მადლობას უხდიდი, ამდენი წელი ერთად გატარებული წლებისთვის. ამაზე რას მეტყვი?
– ქმართან დაკავშირებით იყო გაუგებრობა და ერთ დღეში მოგვარდა. ყველას ეგონა, სოციალური ქსელი გამიტეხეს და ვიღაცამ დამიწერა, მაგრამ მე დავწერე ის სტატუსი, სადაც ქმარს მადლობას ვუხდიდი ამდენი წელი ერთად გატარებისთვის. არ ვარ აფექტური, მაგრამ რაღაც მომივიდა და ამ სტატუსმაც, თავისი საქმე გააკეთა. ეს რომ დავწერე, ტელეფონი არ ჩერდებოდა, გაოგნებულები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რა მოხდაო. ყველას ვეტყვი, რომ ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს – ასე მარტივად გავცემ პასუხს.
– რამდენად ხშირად ხდება ქმართან ასეთი ერთდღიანი გაუგებრობები?
– არასოდეს ყოფილა, პირველად მოხდა, არ ვარ შეჩვეული და იმიტომაც „ავვარდი“ (იცინის). ზოგადად, ბევრი ჭორი გამიგია ჩემზე, მაგრამ არასოდეს ვაქცევ ყურადღებას, უბრალოდ, „ვატარებ“.
– „რუსთავი 2-დან“ წამოსულმა ახალ არხზე ახალი სახეები შექმენი. რამდენი წელი იმუშავე „რუსთავი 2-ზე“ და რას ნიშნავდა იმ ტერიტორიის დატოვება შენთვის?
– 14 წელი ვიმუშავე „რუსთავი 2-ზე“ და მართლა ჩემი მეორე ოჯახი იყო. ის ტერიტორია თვალცრემლიანმა და გულაჩუყებულმა დავტოვე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დილას სხვაგან წავიდოდი სამსახურში და არა იქ. შვილებთან არ გამიტარებია იმდენი დრო, რაც „რუსთვი 2-ში“. მარტო ის ტერიტორია კი არა, იქ ჩემი შექმნილი როლები, მეგობრები და ვხუმრობ ხოლმე, ქმარიც – ნიკა არაბიძეც დავტოვე-მეთქი. მაგრამ ახალი ქმრები მყავს. ნიკა კარგი ქმარი იყო, მაგრამ არც ვასო ჩამოუვარდება. ახლა დავფიქრდი, მგონი, მე ვარ კომფორტული ცოლი და ქმრები იმიტომ მეგუებიან (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ, ზოგადად, ეს ცუდი წელი იყო, ცუდად დაიწყო ჩვენი ოჯახისთვის – იანვარში გიგის, ჩემს ქმარს მამა გარდაეცვალა. ზაფხულში სამსახურიდან წამოვედი. იმედია, მშვიდად დასრულდება და ცუდი აღარ მოხდება.
– მეგობრები ახსენე. როგორი ურთიერთობა გაქვს ყოფილ თანაგუნდელებთან და თუ ხვდები მათ?
– სიტუაციამ მოიტანა, რომ ჩემი თანაგუნდელების კონკურენტი გავხდი. ანუ, მეგობრები, ვიქეცით კონკურენტებად და ეს ჩვეულებრივი მომენტია, ასე მოხდა. იმდენად დაკავებულები ვართ, ერთმანეთს ვერ ვნახულობთ, თუმცა, სატელეფონო და სოციალური ქსელით ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთის წარმატებები გვიხარია და ერთმანეთის ამბებს სულ ვიგებთ. მიხარია, რომ ახალი არხი უფრო და უფრო ყურებადი ხდება, შენდება და იზრდება. კიდევ უფრო უკეთესის მოლოდინი მაქვს.
– ვფიქრობ, ყველაზე სახასიათო როლი, მაინც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახეა. არ მეთანხმები?
– მეუბნებიან, პირველი ლედობა გიხდებაო და არჩევნებში რომ ვიყარო კენჭი, მგონი, მოვიგებ (იცინის). ისე, კარგი პრეზიდენტი კი ვარ, მაგრამ პოლიტიკაში არასოდეს მოვალ (იცინის).