№50 გაზიარებული სიკეთე
მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის ცხოვრებასთან დაკავშირებით, მისი კოლეგები და მეგობრები არაერთ საინტერესო ისტორიას იხსენებენ.
იგი არა მარტო დიდი მსახიობი იყო, არამედ დიდი გულიც ჰქონდა. ერთხელ, მძიმე წლებში, მსახიობმა ცოტაოდენი ფული აიღო. მაღაზიაში შევიდა, ნახა, კაცი დგას, წვალობს… ფული არ ჰყოფნის. არ იცის, რა იყიდოს, რომ ოჯახი გამოკვებოს. ზურაბ ქაფიანიძემ ჯიბიდან ფული ამოიღო:
– აი, ძმაო, ნახევარი შენ, ნახევარი – მე… იყიდე, რაც გინდა.
დამუნჯდა სიხარულით კაცი. სანოვაგით დატვირთული წავიდა შვილებთან…
წლების მერე კი საოცრება მოხდა. მოდიოდა მოწყენილი არტისტი ქუჩაში.
უცნობი შეეგება სიცილით:
– მე ის კაცი ვარ, თქვენ რომ 200 დოლარი მაჩუქეთ, ახლა მე მაქვს 1 000 დოლარი ჯიბეში, ნახევარი თქვენ, ნახევარი – მე…
ასეა, სიყვარული არ იკარგება.