№50 რატომ დასჭირდაsთ კილომეტრ-ნახევრიანი კროსი ქართველ მშენებლებს მოყინულ ტაიგაში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ცნობილი ქართველი ინჟინერ-მშენებელი ანზორ დვალიშვილი ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე ქართული დასახლების, ნია-გრუზინსკაიაზე მუშაობის დროს გადახდენილ ასეთ ისტორიას ყვებოდა:
„ნიას რომ ვაშენებდით, ეს მაშინ მოხდა: ციმბირის ორმოცდახუთგრადუსიანი ყინვაა. ნიას ერთი მონაკვეთი ავაშენეთ და მეორეზე უნდა გადავიდეთ, რომელიც სულ რაღაც კილომეტრ-ნახევარში მდებარეობდა. ჩვენი მუშები ფოლადის უზარმაზარ ვაგონებში ცხოვრობდნენ და მათი საცხოვრებლის გადასატანად მძლავრი ტრაქტორი მოვიყვანეთ. მასზე გრძელი ტროსით ვაგონი მივაბით, რომ ტაიგისმოყინულ თოვლზე გაგვესრიალებინა და მისთვის დისლოკაციის ადგილი შეგვეცვალა. მე რომ მივედი, ბიჭები არაყს სვამდნენ. საკმაოდ შექეიფიანებული იყვნენ და თბილი სახლიდან ღია სატვირთო მანქანაზე გადასვლა დაეზარათ. ამიტომ მთხოვეს: ჩვენ აქ დავრჩებით და სახლიანა გაგვასრიალეთო. წესით, ამის გაკეთება (უსაფრთხოების მიზნით) არ შეიძლებოდა, თუმცა ხათრი ვერ გავუტეხე და დავთანხმდი. დაზღვევის მიზნით კი, რომ არ გადმოვარდნილიყვნენ, ფოლადის ვაგონის კარი გარედან ჩავკეტე და ტრაქტორისტს გვერდით მივუჯექი. ვანუა ზარქუაშვილმა (ტრაქტორისტმა) თავისი „მახინა“ დაქოქა. ირგვლივ ისეთი გრუხუნი ატყდა, რომ ბომბის აფეთქების ხმას გადაფარავდა. შემდეგ ტრაქტორის დაძვრა სცადა, მაგრამ ფოლადის ვაგონს ძვრა ვერ უყო და ჩაიბურტყუნა: ალბათ, ძირი მიეყინა ამ ვერანასო... მეორე ცდაზე ფოლადის უზარმაზარი სახლი დაიძრა და დანიშნულების ადგილისკენ გავემართეთ. კილომეტრ-ნახევარი რომ გავიარეთ, ტრაქტორი გავაჩერეთ და ფოლადის ვაგონის ჩაკეტილი კარი გავაღე, შიგნით აქოშინებული ბიჭები და თოვლის ზვინი დამხვდა. საქმე კი ის იყო, რომ როდესაც ვანუამ მეორედ დაძრა ტრაქტორი, ფოლადის ვაგონს ცუდად მიდუღებული ძირი გასძვრა და შიგნით მყოფებს ტაიგის მოყინულ თოვლზე კილომეტრ-ნახევრის კროსი დასჭირდათ, რომ არ გაჭყლეტილიყვნენ...“