№50 როგორ მოატყუა „მედვეჟატნიკების“ წყვილმა საბჭოთა მილიცია
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
გაქცევა
1975 წლის 13 აპრილს ურალში, ქალაქ სოლიკამსკში მდებარე „ბელაია ლებედის“ სახელით ცნობილი განსაკუთრებული რეჟიმის ციხიდან 35 წლის ქართველი „მედვეჟატნიკი“, ოთარ გვაზავა გაიქცა, რომელსაც 15-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი მოსკოვის საიუველირო ქარხნის ძარცვისთვის. ქართველი ბოროტმოქმედი „შავ სამყაროში“ „ოთოს“ მეტსახელით იყო ცნობილი და უმაღლესი კვალიფიკაციის გამო, თანამოძმეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. „ოთოსთან“ ერთად გაიქცა 33 წლის პავლე რებროვიც, რომელიც ციხის მომსახურე პერსონალში ირიცხებოდა. წყვილმა ციხიდან გასვლა პურის მანქანით მოახერხა. რებროვი ძარცვისთვის 15 წლით იყო გასამართლებული. სინამდვილეში, ის მილიციის ოპერატიული თანამშრომელი იყო. მათი გაქცევა კი – მოწყობილი. რებროვი „ოთოს“ მეთვალყურედ გააყოლეს. „გაქცევას“ წინ უძღოდა ქართველი „მედვეჟატნიკის“ გადაბირება. მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსული პოლკოვნიკი სტეპანე სახაროვი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა, „ოთოს“ შეჰპირდა, რომ „სროკს“ 10 წლით შეუმცირებდა, თუკი ვინმე „ჟაკის“ მოძებნასა და გამოვლენაში დაეხმარებოდა მილიციას. საქმე კი ის იყო, რომ მოსკოვში გაიძარცვა სახელმწიფო მუზეუმის, ეგრეთ წოდებული, „ფონდის სეიფი“, რომელშიც ანტიკვარული ძვირფასეულობა ინახებოდა. მძარცველმა შემთხვევის ადგილზე დამცინავი წერილი დაუტოვა მილიციას, რომელსაც „ჟაკის“ სახელით აწერდა ხელს. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მილიცია მძარცველს ვერ პოულობდა. მისი საორიენტაციო მონაცემებიც კი არ იცოდა და „ოთოს“ სწორედ ამიტომ მიმართეს დახმარებისთვის. „ოთომ“ გადაბირების საბუთს მოაწერა ხელი. ეს პროცესი კინოკამერაზე იქნა გადაღებული და მოსკოველმა პოლკოვნიკმა ქართველ „მედვჟატნიკს“ უთხრა: „თუ დაგვეხმარები, ჩემს პირობას შევასრულებ და 10 წელს მოგაკლებთ. გაქცევასა და მიმალვას არ ეცადო და, რომც შეძლო, ამ კადრებს „შავ სამყაროს“ მივაწვდით. არავინ შეგიფარებს და მაინც დაგიჭერთ, შემდეგ კი წამებით ამოგხდით სულს“. „ოთო“ ყველაფერზე დათანხმდა პოლკოვნიკს და რებროვთან ერთად „გაიქცა“.
ულამაზესი მედდა
მითიური „ჟაკის“ მოსაძებნად „გაქცეულებმა“ მოსკოვში ჩააღწიეს და 30 წლის ჟანა კაზაკოვასთან დაბინავდნენ, რომელიც მოსკოვის ცენტრში ცხოვრობდა. კაზაკოვა ულამაზესი ქვრივი იყო და ¹2 ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მედდად მუშაობდა. „ოთომ“ მკაცრად გააფრთხილა თავისი მეთვალყურე:
– ჟანამ არ იცის, რომ ქურდი ვარ და მას შორეული ნაოსნობის კაპიტანი ვგონივარ. შენ ვითომ ჩემი კოლეგა ხარ და იცოდე, სიტყვა არ დაგცდეს მასთან, სინამდვილეში ვინ ვართო...
– თევზივით მუნჯი ვიქნები და პირში წყალს ჩავიგუბებ, – შეჰპირდა რებროვი „ოთოს“.
რებროვის გარდა, დაზღვევის მიზნით, წყვილს „მურის“ მოთვალთვალეთა სპეციალური ოპერატიული ჯგუფი 24 საათის განმავლობაში „კუდზე აჯდა“ და აკონტროლებდა. „ოთო“ კი, რებროვთან ერთად, მოსკოვის სხვადასხვა „მალინებში“ დადიოდა და „ჟაკის“ შესახებ ინფორმაციებს აგროვებდა. თუმცა მას ყველგან ერთნაირად პასუხობდნენ: „ჟაკის“ სახელი გაგონილი კი გვაქვს, მაგრამ ვინაა და სად იმყოფება, არ ვიცითო... „ჟაკი“ ჩემი „პაძელნიკია“, მას ჩემი ფული მართებს და მემალება. ამიტომ ვეძებ და თუკი მასზე რაიმეს გაიგებთ, შემატყობინეთო, – ამბობდა „ოთო“, რომ მისი ნამდვილი მისიის შესახებ ეჭვი არავის აეღო. ოთარ გვაზავა რომ გაშიფრულიყო, სიკვდილი არ ასცდებოდა და ამ ლეგენდით იზღვევდა თავს. დღიდან მოსკოვში ჩამოსვლისა, „გაქცეულმა“ წყვილმა უამრავი კონსპირაციული ბინა შემოიარა. ათეულობით ბოროტმოქმედს შეხვდნენ, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო.
„ჟაკი“
„ჟაკის“ ძებნაში ერთი თვე იყო გასული და „გაქცეული“ წყვილი კაზაკოვას ბინაში მარტო იმყოფებოდა. ჟანა ღამის მორიგეობაზე წავიდა და მხოლოდ მეორე დღეს უნდა დაბრუნებულიყო სახლში. „მურის“ ოპერჯგუფი კი ჩვეულ პოზიციებს იკავებდა და ყველა გასასვლელი გადაკეტილი ჰქონდა, რომ თუკი „ოთო“ გაქცევასა და მიმალვას დააპირებდა, არ გაეშვათ... დაახლოებით, ღამის 10 საათზე „ოთომ“ კარადიდან კონიაკი „ვარციხე“ გამოიღო და რებროვს დალევა შესთავაზა. მევთალყურე ჯერ ყოყმანობდა – პოსტზე არ ვსვამო, შემდეგ ხელი ჩაიქნია და „ოთოსთან“ ერთად გადაჰკრა. ოთარ გვაზავა ტუალეტში შევიდა და თაროზე დამალული აბი სასწრაფოდ გადაყლაპა. შემდეგ ხუთიოდე წუთი შეყოვნდა და რომ გამოვიდა, რებროვი მძინარე დახვდა. კონიაკში დასაძინებელი წამალი იყო გარეული და ტუალეტში „ოთომ“ მისი გასანეიტრალებელი აბი მიიღო. გვაზავამ ტანსაცმლის კარადიდან პარიკი და ტანსაცმელი გამოიღო. თმა და წვერ-ულვაში მიიწება, მოხუცს დაემსგავსა, მერე ჯოხიც აიღო და სანამ ბინას დატოვებდა, მაგიდაზე წერილი დატოვა... მეხუთე სართულიდან გარეგნობაშეცვლილი „ოთო“ ლიფტით დაეშვა ქვევით და „მურელთა“ პოსტს კოჭლობით ისე ჩაუარა, რომ ეჭვიც კი ვერავინ მიიტანა მასზე.
მეორე დღეს რებროვს წერილი დახვდა, რომელშიც ეწერა: ჩემი მხურვალე სალამი საბჭოთა მილიციას: მე და „ჟაკი“, „ვითესებით“ და ძალებს ნუ დახარჯავთ ჩვენს ძებნაშიო...
„ჟაკი“, სინამდვილეში, ულამაზესი მედდა ჟანა კაზაკოვა, „ოთოს“ მოსწავლე იყო, რომელიც მედდობას „მედვეჟატნიკობას“ უთავსებდა. მთელი ეს კომბინაცია – ციხიდან გამოსვლა და მუზეუმის სეიფის ძარცვა – წინასწარ დაგეგმილი ტრიუკი იყო...
წყვილს კარგა ხანს უშედეგოდ ეძებდა მთელი საბჭოთა მილიცია, მაგრამ ნაძარცვ ძვირფასეულობასთან ერთად, ისინი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაარკვია.