№50 ცოლებისგან მიტოვებულის აღსარება
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #43-49(988)
იმ დღიდან მე და ნატალი სამ წელიწადზე მეტხანს ვცხოვრობდით ერთად აბსოლუტურ იდილიაში. ის საშინელი საღამო კუს ტბის ტყეში არცერთს აღარ გვიხსენებია. ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთ, ჩვენი ურთიერთობა იყო აბსოლუტური ჰარმონია, რაც კიდევ უფრო განამტკიცა ორი წლის თავზე ბიჭის გაჩენამ. პატარა გოგოლა აგვირგვინებდა ჩვენს ბედნიერებას; თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერს ჰქონია დასასრული... ერთხელ მაინც „წამიცდა ფეხი“ და ვიღაც ნაშასთან გავიგულავე. არ ვიცი, საიდან, მაგრამ ნატალიმ გაიგო ეს ამბავი და უცერემონიოდ დამისვა საკითხი:
– ხვალ დილით წახვალ ჩემი სახლიდან შენი ბარგი-ბარხანიანად. როგორც ჩანს, არავის არაფერი არ უნდა აპატიო, მხოლოდ შვილს შეიძლება მისცე მეორე შანსი და, კიდევ, დედას. მე მეტის პატიება არ შემიძლია, ისევე, როგორც არ შემიძლია უფრო დიდი სიყვარული. მაგრამ შენ ყველაფერს წერტილი დაუსვი. თუ ბავშვი მოგენატრება, შეგიძლია, ნახო, ოღონდ, უჩემოდ. მე კი აღარ გიცნობ. ხვალ სახლში აღარ დამხვდე!
... მეორე დილას ჩემი ნივთებიანად მშობლებისეულ ბინაში დავბრუნდი. იმის შემდეგ ბავშვთან იშვიათად მივდიოდი, ნატალი კი სულ რამდენჯერმე ვნახე, სულ რამდენიმე წუთით, მაგრამ ჩვენ შორის არანაირი „ქიმია“ აღარ დაწყებულა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არცერთი ცოლის, ოფიციალურის თუ არაოფიციალურის, არცერთი საყვარლის თუ დროებითი ქალის მიმართ არ მქონია ასეთი დიდი და ნამდვილი სიყვარული.
***
ამას წინათ ძალიან ცუდად გავხდი და ჩემმა კარის მეზობელმა ლამის ცემა-ტყეპით წამათრია ექიმთან. როგორც ინვალიდს, რაღაც ანალიზები და გამოკვლევები უფასოდ მეკუთვნოდა. საკმაოდ სერიოზული პრობლემები აღმომაჩნდა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ღვიძლის პრობლემა და პროფესორმა პირდაპირ მითხრა:
– ღვიძლს აქვს რეგენერაციის უნარი. ამიტომ, თუ გაიკეთებთ გადანერგვას (ღვიძლის რაღაც ნაწილის), დიდი შანსი გაქვთ, რომ კიდევ კარგა ხანს იცოცხლოთ.
– თუ არ გავიკეთებ? – ვკითხე დადარაჯებით.
– მაშინ, იცოცხლებთ იმდენ ხანს, რამდენსაც თქვენი ორგანიზმი გაქაჩავს.
– და რამდენია ეს „იმდენი ხანი“?
– რამდენიმე თვიდან ერთ-ორ წლამდე, – დაუნდობლად მომახალა ცნობილმა პროფესორმა და გამოსამშვიდობებლად ხელი გამომიწოდა, – უახლოეს დღეებში გელოდებით. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ და უნდა იბრძოლოთ.
– ამის მიუხედავად? – მწარე ღიმილით მივუთითე ინვალიდის ეტლზე.
– ყველაფრის მიუხედავად. თუ მოინდომებთ, მაგასაც მოევლება.
– უფულო მონდომება მოსულა? – უკბილოდ გავიხუმრე.
პროფესორმა უმწეოდ აიჩეჩა მხრები და გაშალა ხელები:
– ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ კალკულაცია გაგიკეთოთ უფასოდ. ერთ საათში მზად იქნება და წაიღეთ.
ერთ საათში წამოვიღე კალკულაციის ფურცელი, რომლის ბოლოში აღნიშნული იყო ჩემთვის ასტრონომიული თანხა (დასახელებას აზრიც არ აქვს) და, ასევე, სიცოცხლის გაგრძელების გადაწურული იმედი, რადგან ამხელა ფულის სიზმარში ნახვასაც კი ვერ გავბედავ. ასე რომ, საშუალოდ ერთ წელიწადში საერთოდ დავემშვიდობები ყველას და ყველაფერს, მაგრამ ნამდვილად არ მეშინია სიკვდილის, რადგან ძალიან მომბეზრდა ასე ძაღლუმადურად ცხოვრება (აი, მეც ისევ უსიამოვნო კონტექსტში ვახსენე სიტყვა „ძაღლი“). მანამდე კი, რადგან დავიწყე აღსარების წერა, მინდა, მოვასწრო ჩემი ისტორიების დასრულება და გამოქვეყნება, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რაში მჭირდება ეს ყველაფერი – რომელი ეროვნული გმირი მე ვარ, რომ შთამომავლობამ არ დაივიწყოს ჩემი ვაჟკაცობის ამსახველი ეპიზოდები. ამ საკითხზეც ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რაშიც მჭირდება: ეს არის ჩემი სინანული, მონანიება, ბოდიშის მოხდა, მიტევების თხოვნა ყველაფერ იმის გამო, რაც კი ჩამიდენია ჩემი ახლობლების თუ შორებლების მიმართ. ამიტომ დავარქვი ამ ჩემს ეგრეთ წოდებულ მემუარებს „აღსარება“ და ამიტომაც არ დავუმალე მკითხველს (თუ, რა თქმა უნდა, მკითხველი ეყოლება ჩემს ნაცოდვილარს), რომ ამ აღსარების ავტორი თავის დროზე ყველა ცოლმა მიატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ძალიან უყვარდა ქალები.
მოკლედ, ჩემი ეს ავტობიოგრაფიული „ნაშრომი“, რომელიც ძირითადად ქალების თემით შემოიფარგლება, სრულყოფილი არ იქნება, თუ არ გავიხსენებ ჩემს ერთ-ერთ ჯვარდაწერილ და ხელმოწერილ ცოლთან – კატოსთან დაკავშირებულ ძალზე საინტერესო და ორიგინალურ ისტორიას:
კატო გავიცანი ჩემი ძმაკაცის შვილის ნათლობაში (ეს ნატალიმდე იყო). მეორე დღიდან დაიწყო ჩვენი რომანტიკული შეხვედრები, რის შესახებაც არავინ იცოდა. ჩვენმა საერთო და „ინდივიდუალურმა“ მეგობრებმა საკმაოდ გვიან გაიგეს ჩვენი ურთიერთობის შესახებ და ყველა მხარში ამოგვიდგა. ჩვენი მეგობრების მშობლებიც თანაგვიგრძნობდნენ (მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი კარგად იცნობდა ჩემს ბიოგრაფიას), მაგრამ საშინელ წინააღმდეგობას წავაწყდით კატოს დედის მხრიდან (მამა ისე არ აქტიურობდა ამ წინააღმდეგობაში). ქალბატონი ნონასთვის ყველაფრამდე მისაღები იყო ჩემი ანკეტური მონაცემები, გარდა ერთისა – ვერაფრით ვერ ეგუებოდა ჩემს მრავალცოლიანობას, რის გამოც ყველანაირ ღონეს ხმარობდა ჩვენს დასაშორებლად: არ უშვებდა ლექციებზე და ყოველ დილით გარედან უკეტავდა შვილს კარს, მაგრამ შეყვარებულ ქალს რა კარი და გასაღები შეაჩერებს – კატო მეცხრე სართულზე ცხოვრობდა და, იმის მიუხედავად, რომ კატასტროფულად ეშინოდა სიმაღლის, მშობლების წასვლისთანავე, თავისი აივნიდან კარის მეზობლის აივანზე გადადიოდა, ჩემთან პაემანზე მორბოდა და დედამისის სახლში დაბრუნების დროისთვის იმავე გზით ბრუნდებოდა უკან (ალბათ მიხვდით, რომ მეზობელთან „შეკრული“ იყო). გარდა ამისა, ქალბატონმა ნონამ შვილს დაუმალა პასპორტი (რომ არ გავპარულიყავით და ხელი არ მოგვეწერა); გააფრთხილა შვილის ერთ-ერთი ლექტორი (რომელიც მისი ახლობელი იყო), მაშინვე ეცნობებინა მისთვის, თუკი კატო ლექციებს გააცდენდა; მივიდა ჩემს სამსახურში და ჩემს დირექტორს უთხრა, ჩამოაშორეთ ჩემს შვილს, თორემ ყველას გიჩივლებთო... მოკლედ, ყველაფერი სცადა გამწარებულმა დედამ, მაგრამ ვერაფერს გახდა.
ნათქვამია, ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. კატომ, ამ პატარა და ნაზმა არსებამ, საოცარი ძალა გამოიჩინა თავისი სიყვარულის დასაცავად: მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ დედამისი ხელითაც კი შეეხო ჩემ გამო, მაინც მოახერხა დამალული პასპორტის მოპარვა და, ერთ დღესაც, ჩვენ, ჩვენი მეჯვარეებიანად, მმაჩის ბიუროში წავედით (ქორწინების სასახლეში, რატომღაც, ვერ გავბედეთ – გვეგონა, რომ იქ ვინმე დაგვინახავდა და კატოს მშობლებს ამბავს მიუტანდა), ხელიც მოვაწერეთ და მაშინდელ რესტორან „არაგვში“ რვაკაციანი ქორწილიც გადავიხადეთ. ყველაზე ორიგინალური კი ამ ყველაფრის გაგრძელება იყო: პურმარილის შემდეგ მე და კატომ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ერთმანეთი მეგობრულად გადავკოცნეთ და ჩვენ-ჩვენს სახლებში წავედით.
ასე ცალ-ცალკე ვცხოვრობდით ხელმოწერილი ცოლ-ქმარი რამდენიმე თვის განმავლობაში, ბოლოს კი ყელში ამოგვივიდა ამდენი მალვა და თავშეკავება და, ერთ დღესაც, ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელი და ბათუმში გავიპარეთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რა გრგვინვა და ჭექა-ქუხილი მოჰყვა ამას. დამარცხებული ქალბატონი ნონა ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ მაინც არ მაღიარა სიძედ და არ შეგვირიგდა.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი კი ჩემი და კატოს ურთიერთობაში იყო ის, რომ იმ საიდუმლო ხელის მოწერამდე, ჩვენ, ფაქტობრივად, ერთმანეთის წაწლები ვიყავით, თანაც, ეს ყოველთვის კატოს სახლში ხდებოდა, როცა მისი ოჯახის წევრები სოფელში მიდიოდნენ ხოლმე რამდენიმე დღით.
კატოსთან გატარებული სამი წელი ჩემთვის იყო ყველაზე მშვიდი, ყველაზე უზრუნველი და ყველაზე უჩვეულო იმ გაგებით, რომ კატო, მიუხედავად დედაჩემის აუტანელი ხასიათისა და რძლის მიმართ უარყოფითი განწყობის აშკარად გამოხატვისა, ყველანაირ კომფორტს მიქმნიდა, რომ ოჯახსაც გულით მოვკიდებოდი და კარიერაზეც მეფიქრა. ის აქეთ მიკეთებდა საჩუქრებს, მანებივრებდა, სიურპრიზებსა და ფოიერვერკებს მიწყობდა, იქით კი არაფერს მთხოვდა. მატერიალურადაც, პრაქტიკულად, კატოს კისერზე იყო მთელი ოჯახი. მეც ისე შევეჩვიე ხელისგულზე ტარებას, რომ პურის მოტანის ვალდებულებაც კი ავიცილე თავიდან. საბოლოო ჯამში, კატომ ვეღარ გაუძლო ყველაფერს ერთად: დედაჩემის აგრესიებს, ჩემს მუქთახორობას, მატერიალურ პრობლემებს და ხელი დამიქნია – გამშორდა და აღარც შემხმიანებია. არც მე მომიკლავს თავი მასთან შესარიგებლად ჩალიჩით, თუმცა, რომ დაბრუნებულიყო, მართლა გამიხარდებოდა. მაგრამ, მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ დიდი სიამოვნებით ვიხსენებ კატოსთან „წაწლობის“ პერიოდსაც და იმ თვეებსაც, როცა ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვიყავით, ერთმანეთს კი მაინც ფარულად ვხვდებოდით.
***
აი, პრაქტიკულად, დავასრულე ქალებთან დაკავშირებული ჩემი სათავგადასავლო ძირითადი ისტორიების თხრობა და მკითხველებთანაც და ახლობლებთანაც გამომშვიდობებას ისევ ამ ჩემი ნაწერებით ვაპირებდი, მაგრამ წუხელ ჩემი კარის მეზობელმა წარმოუდგენელი ამბავი შემომიტანა: როგორც გაირკვა, ჩემი ოპერაციის თანხა მთლიანად შეგროვდა და, არ გაინტერესებთ, ვინ გაიღო მოწყალება? შეიძლება, ძალიან გაგიკვირდეთ, ან, შეიძლება, არც გაიკვირვოთ, რადგან, არ არის გამორიცხული, ინტუიციამ გიკარნახათ, მაგრამ მაინც გეტყვით: როცა იმ ჩემმა კარის მეზობელმა, ლაშამ, რომელმაც ბოლოს ექიმთან წამიყვანა და თავისი თვალით ნახა კალკულაცია, ჩემგან ფარულად ჩამოურეკა ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ცოლებსა და შვილებს (ვისაც კი მისწვდა), გააგებინა ჩემი მდგომარეობა, დაავალა, სხვებისთვისაც დაერეკათ, ვისი კოორდინატებიც იცოდნენ და სთხოვა, ვისაც რამდენის საშუალება ჰქონდა, იმდენი შემოეწირათ ჩემს გადასარჩენად და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველამ რაღაც თანხა გაიღო, თვით იმ ჯონდომ და ჟანამაც კი (გარიკას დედამ), რომელმაც, აზრზე არა ვარ, საიდან გაიგო ჩემი მდგომარეობის შესახებ.
***
დღეს პარასკევია. სამშაბათს ოპერაციას მიკეთებენ. რაც თანხის შეგროვების ამბავი გავიგე, სულ იმას ვფიქრობ, ეტყობა, რაღაც კარგიც მაქვს გაკეთებული, რომ ღმერთმა არ გამწირა-მეთქი, მაგრამ ვერაფრით ეს კარგი ვერ გავიხსენე.
თუ გადავრჩი (პროფესორმა მითხრა, შენი გადარჩენა 50-50-ზეაო), შევეცდები, მერე მაინც გავიხსენო, მაგრამ მაინც თუ არ გამახსენდა, სიცოცხლის დარჩენილ დღეებს, თვეებსა თუ წლებს, სულ კარგი საქმეების კეთებას მოვახმარ (ეს უკვე გადაწყვეტილია), რომ მერე, როცა მართლა მივადგები საიქიოს კარს, მეც მქონდეს რამე კარგი გასახსენებელი და, თანაც, მეგობრების, ცოლებისა და შვილების მიერ გამეტებული მხოლოდ დოლარები ან ლარები კი არა, თითო წვეთი ცრემლიც გამყვეს იმქვეყნად მიმავალს.
ახლა კი სულ კარგად ბრძანდებოდეთ! გემშვიდობებით ნარკოზიდან გამოსვლამდე, თუკი ღმერთმა ინება!
თქვენი მოსიყვარულე, დიდი თავადი
ვამეხ დადიანი.
დასასრული