№50 როგორ ამოვიცნოთ ყურის ანთება
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ოტიტი, ანუ ყურის ანთება მტკივნეული და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზრდილებში. არსებობს ოტიტის სხვადასხვა ფორმა და განვითარების მიზეზი. უფრო ხშირად ოტიტს გაციება და ვირუსული ინფექციები იწვევს
გარეთა ოტიტი არის ყურის გარეთა არხის ინფექცია, რომელიც გრძელდება დაფის აპკიდან ყურის გარეთა ნაწილებამდე. მას ხშირად იწვევს ცურვის შემდეგ ყურში დაგროვებული წყალი, რომელიც ბაქტერიებს გამრავლების ხელსაყრელ პირობებს უქმნის. გარეთა ოტიტი, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს თითით, ყურის საწმენდი ბამბით ან ნებისმიერი სხვა საგნით ყურის არხის თხელი დამცავი გარსის დაზიანებამ. სხვა უცხო საგნების გარდა, პატარა დაზიანებები შესაძლოა, ყურსასმენებმაც გამოიწვიოს, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას ყურის არხში, რაც ინფექციის ყველაზე ხშირი მიზეზია. გარეთა ოტიტს ყველაზე ხშირად იწვევს ბაქტერია, რომელიც გვხვდება წყალსა და ნიადაგში. სოკოთი და ვირუსით გამოწვეული ინფექცია ბევრად იშვიათია. თუ გაქვთ გარეთა ოტიტი, ეს ნიშნავს, რომ დამცავმა მექანიზმებმა რესურსი ამოწურა. ყურის დამცავ ფუნქციას ამცირებს და ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, ასევე, ყურში ჭარბი ნესტი, რაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა ოფლიანობამ და ნოტიო ამინდმა.
თმის მოვლის საშუალებები და სამკაულები იწვევენ ალერგიებს, რაც ცვლის კანის მდგომარეობას და ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას.
გარეთა ოტიტის სიმპტომები თავდაპირველად მსუბუქია, თუმცა მკურნალობის გარეშე სიმპტომები მწვავდება. ექიმები გარეთა ოტიტს ყოფენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებად.
მსუბუქი ფორმის დროს აღინიშნება ქავილი ყურის არხში, მცირე სიწითლე ყურის შიგნით, მცირე დისკომფორტი, რომელიც უარესდება ყურის გაწელვით ან ბიბილოს ყურზე დაჭერით, აღინიშნება გამჭვირვალე, უსუნო გამონადენი. საშუალო ფორმის დროს სიმპტომები უფრო შემაწუხებელია: უფრო გამოკვეთილია სიწითლე, ძლიერდება ქავილი, იმატებს ტკივილი, გამონადენი, აღინიშნება სავსეობის შეგრძნება ყურში, ჩირქოვანი გამონადენი. შეშუპების, სითხისა და ნადების გამო ნაწილობრივ იხშობა ყურის არხი, ქვეითდება სმენა.
მძიმე ფორმას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები – მწვავე ტკივილი, რომელიც გადაეცემა სახეს, კისერსა და თავის გვერდითა ნაწილს, ყურის არხის სრული დახშობა, გარეთა ყურის სიწითლე ან შესიება, კისრის ლიმფური კვანძების შესიება, ტემპერატურის მომატება
ადრეული მკურნალობა თავიდან აგაცილებთ გართულებებს და უფრო სერიოზულ ინფექციებს. გარეთა ოტიტის მკურნალობა ყურში ჩასაწვეთებელი წამლებით ხდება, გართულებულ ყურის ანთებას კი უფრო ძლიერი მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება.