№50 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრების საფლავის ქვამ დროთა განმავლობაში მიწის სიღრმეში ჩაიწია. გვინდა, განვაახლოთ საფლავი და ქვა ამოვწიოთ, მაგრამ როგორც გავიგეთ, საფლავის განახლება ცუდს მოასწავებს, კერძოდ, გავრცელებულია აზრი, რომ ასეთ დროს ოჯახში კიდევ ვინმე გარდაიცვლება. როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: ადამიანები ვალდებული არიან, მიხედონ თავიანთ მიცვალებულებსა და მათ საფლავებს. წმიდა მამები სასაფლაოს უფლის ყანას უწოდებდნენ, რადგან მეორედ მოსვლის დროს მკვდარნი აქედან აღდგებიან. სასაფლაო წმიდა ადგილია, ამიტომ ჩვენი წინაპრები სასაფლაოებზე ტაძრებს აგებდნენ. საფლავი არის მდუმარე აღიარება მიცვალებულის რწმენის, ამიტომაც უნდა იყოს საფლავზე აღმართული ჯვარი. მშვიდად აღადგინეთ საფლავის ქვა, ამით თქვენს მოვალეობას აღასრულებთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ცრურწმენებს. ცუდია, როდესაც საფლავი მოუვლელი და დაზიანებულია.
კითხვა: შეუძლია თუ არა მიცვალებულის სულს ცოცხლებთან კონტაქტი?
პასუხი: ადამიანის სულს, როგორც ცოცხლისას, ასევე გარდაცვლილისას, ცნობიერების უნარი აქვს. მასთან კონტაქტი ლოცვით მიიღწევა. ჩვენ ლოცვებით ვეხმარებით გარდაცვლილთა სულებს. ასევე, გარდაცვლილებიც ლოცულობენ ჩვენთვის. უდიდესი მადლი აქვს მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში, ღვთისმსახურების დროს ეკლესიაში ლოცვას. რაც შეეხება სულის გამოცხადებას, ამ საკითხს ჩვეულებრივი მოკვდავები დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, რადგან ასეთი რამ შესაძლოა, ეშმაკის ხელით მოხდეს. ჭეშმარიტი ხილვები, ღვთის ნებით, მხოლოდ წმიდანებს აქვთ.
კითხვა: სულ ლაპარაკობენ იმაზე, რომ მოახლოებულია უფლის მეორედ მოსვლა, ბოლო ჟამი და ასე შემდეგ, რადგან არის ამის ბევრი ნიშანი. მაინტერესებს, თუ ეს სიმართლეა, ღირს კი სწავლა, მუშაობა, ცხოვრების მოწყობა?
პასუხი: ზუსტი დრო, თუ როდის იქნება მეორედ მოსვლა, არავინ იცის. ამიტომ საჭიროა, გამუდმებით შრომა, სწავლა, საკუთარი თავის სრულყოფა. ჯერჯერობით უფალი გვაძლევს დროს, ამიტომ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვიან მიდრეკილებებს, განვდევნოთ სულიდან ყოველგვარი ბოროტება, ცუდი და უსარგებლო და ამით შევემზადოთ მეორედ მოსვლისთვის. გადამეტებულად არ უნდა მივეცეთ მიწიერ სიამოვნებებს. ფხიზლად და სწორად უნდა ვიცხოვროთ.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ქრისტიანი 1 იანვარს, ახალ წელს, როდესაც ყველა ზეიმობს. მორწმუნეთათვის ეს დღესასწაული მარხვის პერიოდს ემთხვევა. არ აღვნიშნოთ მორწმუნეებმა საერო ახალი წელი?
პასუხი: ჩვენი წინაპრები ახალ წელს 14 იანვარს აღნიშნავდნენ, რადგან შობის მარხვაც დამთავრებული იყო და მორწმუნეები მარხვის გახსნილების შემდეგ გულდამშვიდებული ხვდებოდნენ ახალ წელს. რთულია, მოუწოდო ყველას, რომ თავი შეიკავონ და არ აღნიშნონ საერო ახალი წელი, ამიტომაც არის, რომ 1 იანვარს თვით უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეც კი გვილოცავს ახალი წლის მობრძანებას. მორწმუნეებს ვურჩევთ, რომ უფრო მოკრძალებულად აღნიშნონ ეს დღე, რათა ის არ იყოს პომპეზური და გადაჭარბებული.