№50 როგორ ვაქციოთ ოჯახი ეკლესიად
ბავშვების ეკლესიურ აღზრდაში რამდენიმე საკითხს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მთავარი შეცდომა, ალბათ, ისაა, როცა ოჯახი იხსნის პასუხისმგებლობას და ბავშვის რელიგიურ აღზრდას მხოლოდ ეკლესიას მიანდობს, მეორე კი – როცა ბავშვებს, შინაგანი სამყაროს გაფართოების ნაცვლად, გარეგნული წეს-ჩვეულებების შესრულებას ვავალებთ.
ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ცდება, როცა ქრისტიანული ცხოვრება ღვთისმსახურებაზე დასწრება ჰგონია. მთავარია, ღვთისმსახურების შემდეგ როგორ ვცხოვრობთ, გვახსოვს ქრისტეს მცნებები თუ ვაგრძელებთ ცოდვიან ცხოვრებას. ეკლესიაში ქრისტიანული მოქცევა ადვილია, ყველას ვუღიმით, ოღონდ ვინმეს რამე დასჭირდეს მაშინვე ვეხმარებით, ლოცვითი განწყობა თან გვდევს და ასე შემდეგ. ტაძრიდან გასვლისას კი ხშირად ვივიწყებთ, რომ ერში ქრისტეს დასამოწმებლად უნდა წავიდეთ (ამბიონის ლოცვა აქეთკენ მოწოდებაა).
არ შეიძლება, მთელი რელიგიური ცხოვრება ეკლესიაში სიარულს დაექვემდებაროს, მით უმეტეს, დაუშვებელია ამის მოთხოვნა ბავშვებისთვის, რაც ძალიან ხშირად მათზე უარყოფით გავლენას ახდენს, ღმერთს აშორებს და ხშირად მშობლებსაც ეურჩებიან. ბავშვების რელიგიური „მგრძნობელობა“ არსებითად განსხვავდება მოზრდილებისგან. ქრისტე ხომ გვასწავლის: „თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ (მთ. 18,3). ეს მცნება ბავშვების მიბაძვას, ღმერთთან ურთიერთობის მათგან სწავლას მიგვითითებს. ბავშვები ღმერთს უშუალოდ აღიქვამენ, ისინი უფალს ყველგან „გრძნობენ“: გარემომცველ მომხიბვლელ სამყაროში, ბავშვური სიხარულის განცდისას, სახარების ერთი მუხლის მოსმენისასაც... ბავშვებისთვის ღმერთის განსაკუთრებული აღსაქმელი ის გარემოა, სადაც ადამიანებს შორის სიმშვიდე და სიყვარულია. სწორედ ასეთი ატმოსფეროს შექმნაა საჭირო ოჯახში. დედასა და მამას უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, პატარა რამეზე კამათსა და ჩხუბს უნდა მოერიდონ, რომ ბავშვების ფაქიზი სული არ დააზიანონ. მშობლებმა თავიანთი საქმითა და სიტყვით პატარებს ხელი არ უნდა შეუშალონ ღმერთთან დაკავშირებაში. „ეს რატომ გააკეთე, ამის გამო ხომ ღმერთი დაგსჯის“ ან პატარა წარუმატებლობაზე – „ხომ ხედავ, ღმერთი არ დაგეხმარა“, სხვაზე მითითებისას – „ნახე, ღმერთმა რა უყო“... ასეთი გამოთქმები ბავშვს ხელს უშლის ღმერთთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და მის შესახებ არასწორ წარმოდგენას უქმნის. თუ მშობლებისთვის ღმერთი დამსჯელი არსებაა ან მხოლოდ წარმატებების მომნიჭებელი, მაშინ მათ შვილებსაც გაუკუღმართებული წარმოდგენა შეექმნებათ ღმერთზე, იფიქრებენ, რომ ის ადამიანებთან ჩასაფრებული არსებაა, რომელიც მზადაა, პატარა წარუმატებლობაზეც კი პასუხი აგებინოს თავის ქმნილებას. ხოლო თუ მშობლებისთვის ღმერთი ყველაზე ძვირფასი არსებაა, მაშინ მათი შვილებიც ოჯახში არსებულ სიკეთეს, მშვიდობასა და სიყვარულს ღმერთის წყალობად ჩათვლიან. ასეთი ოჯახები ძალზე ცოტაა. სამწუხაროდ, არეული სიტუაციის გამოსასწორებლად მშობლებს არც სურვილი გააჩნიათ და არც ძალები. როცა სულიერი ცხოვრება გარეგნულ-ფორმალურ, მწიგნობრულ, სქემატურ ხასიათს იღებს, ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა ადვილი აღარაა. ასეთ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ ბავშვების სულიერი აღზრდის ადგილმა ოჯახიდან ეკლესიაში გადაინაცვლოს. ოღონდ ამ სურვილს უნდა ჩამოშორდეს ფორმალურ-ავტომატური, მაგიური მიდგომა: „ახლა ბავშვს ეკლესიაში მოვიყვან, აღსარებას ვათქმევინებ, მერე ეზიარება და ყველაფერი კარგად იქნება“.
ცხადია, ამ სურვილსა და თანმიმდევრობას არ უარვყოფთ, ოღონდ აუცილებელია გარეგნულ რიტუალებს გააზრებულად მიუდგეთ. ბავშვების რელიგიური აღზრდა მშობლებმა იმით უნდა დავიწყოთ, რომ ღმერთი ბრძანებების გასაცემად არ წარმოვუდგინოთ, ღვთისმსახურებაში „წართმეული“ დროისა და ენერგიის გამო არ უნდა ვიწუწუნოთ და ვეცადოთ, ოჯახიც ეკლესიად ვაქციოთ.
„მოძღვრისა და სულიერი
შვილის ურთიერთობა“