№50 რეფორმის კრახი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ „...უცოდინრობა სიბნელეა“
შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, ქართველი მოსწავლეების მაჩვენებლები კვლავ სავალალოა, მეტიც, გაუარესებულიც კია 2016 წლის მონაცემებთან, კითხვაშიც უჭირთ, წაკითხულის გააზრებაშიც და მათემატიკურსა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც. აი, პირველ სამეულში კი სინგაპურელი, ჩინელი და ესტონელი ბავშვები არიან, ამერიკელები – პირველ ათეულში, ხოლო რუსები – ოცის შემდეგ, ოცდახუთამდე.
ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი გასაჭირი უნდა ვიდარდოთ, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამეულში ესტონეთია, ეს ნიშნავს, რომ განათლების დონის უზრუნველსაყოფად არც მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყნის მოქალაქეობაა საჭირო და არც დედამიწაზე ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხის შვილობა.
ცხადია, ამ მონაცემების გამო ვიშვიში ატყდა, ოღონდ უნდა შეგახსენოთ, რომ ზემოხსენებული კვლევა ათ წელზე მეტია, რაც ტარდება და ქართველი მოსწავლეების მაჩვენებლები, ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, იმის თქმა მინდა, რომ საქმეს ვიშვიში ვერ შველის და რამე უფრო ქმედითია მოსაფიქრებელი, იმიტომ რომ იმავე სკოლებში ნასწავლ-აღზრდილი მოსწავლეები (მართალია, ერთეულები და ათეულები, მაგრამ მაინც) საერთაშორისო ოლიმპიადებშიც იმარჯვებენ.
რაც მთავარია, დაბალ უნარებს ამჟღავნებენ დაბალი კლასის მოსწავლეებიც, რასაც განათლების სისტემას ვერ დავაბრალებთ, ანუ ეს უკვე ოჯახების პრობლემაა, რაც მიანიშნებს, რომ პრობლემა გაცილებით მასშტაბური და რთულია, რადგან განათლების ჯეროვანი რეფორმაც რომ გაატარო სკოლებში, სახლებში შვილები ხომ მშობლების ამარა რჩებიან?!