№49 ნიკა კალანდაძე: არ უნდათ გაგება – ნიკა კაცის კი არა, ქალის სახელია
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
„საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი ნიკა კალანდაძე წინა სეზონიდან ყველასთვის ცნობილი და განსაკუთრებული კონკურსანტის, ლიზა კალანდაძის დაა. ორივე მათგანი საზოგადოებისთვის დიდი აღმოჩენაა.
ნიკა კალანდაძე: მე და ლიზამ ერთად დავიწყეთ სიმღერის სწავლა, მაგრამ მე რაღაც მომენტში გავჩერდი, ვეღარ განვვითარდი, ლიზამ განაგრძო და პროექტშიც გავიდა. მე მაშინ ვერ შევძელი ხალხის წინაშე გამოსვლა. ბევრი კომპლექსი მქონდა, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რომ მზად არ ვიყავი. „საქართველოს ვარსკვლავში“ რომ გამოვედი, არც მაშინ ვიყავი დარწმუნებული, რომ რამეს მივაღწევდი, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, თუ ახლა არა, მაშინ ამ ნაბიჯს ვეღარასდროს გადავდგამდი. პროექტისთვის რომ ვემზადებოდი, ძალიან ვცდილობდი გავხსნილიყავი. ცეკვაზეც შევედი, სხეული და მოძრაობებიც რომ „გამეხსნა“ და ამაში ლიზაც ძალიან მეხმარებოდა.
– ლიზას ინტერვიუში აქვს ნათქვამი, მე უფრო ჩაკეტილი ვარ, ჩემი და პირიქით – ძალიან მეგობრულიო.
– ადრე ბევრი მეგობარი მყავდა, ახლა – არა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. დროთა განმავლობაში ხვდები, რომ ის ადამიანები, ვინც ახლობლები გეგონა, ასეთები არ არიან. იმედგაცრუებაც იყო, გზებიც გაიყო და ახლა სულ რამდენიმე მეგობარი მყავს, ვფიქრობ ცოტა და მართალი სჯობს, ბევრს და ყალბს.
– როცა გამოხვედი, გარდა იმისა, რომ განიხილავდნენ შენს ნიჭსა და გარეგნობას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა შენს სახელსაც.
– დედამ სახელი გამარჯვების ქალღმერთის – ნიკეს პატივსაცემად დამარქვა. ნიკე და ნიკა ერთი სახელის ფორმებია. თავიდან მხოლოდ ამიტომ მარქმევდა ამ სახელს. შემდეგ მეგობარს წმიდანების წიგნი მოუტანია მისთვის, სადაც ქრისტიანულ დედათა სახელებში ამოუკითხავს ქალი წმინდანის – ნიკას შესახებ. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ წმიდა ნიკას სახელი მქვია და არა წმიდა ნიკოლოზის. ქართველები ვერ იღებენ ჩემს სახელს, როგორც ქალისას. მე, პირიქით, მინდა, გავაგებინო, რომ ნიკა კაცის კი არა, ქალის სახელია. სულ ვცდილობ, მაგრამ თითქოს აშინებთ რაღაც ახლის გაგება. მიმტკიცებენ ხოლმე, არაა ქალისო. იმას კი არ აღიარებენ, რომ უბრალოდ, არ იციან, მე მებრძვიან (იცინის). მაგრამ ამ ადამიანების ლაპარაკი გულთან ახლოს არ მიმაქვს. ბავშვობაში დედა მარიგებდა, არასდროს შეგეშინდეს იმის, რომ სახელის გამო ვიღაც დაგცინებსო. არც არასდროს მეშინოდა, მაგრამ დაცინვა არავის მოსწონს და მეც არ მინდოდა, რომ დაეცინათ. თუმცა, მალე მთავრდებოდა ხოლმე, რადგან ყურადღებას არ ვაქცევდი და თავს მანებებდნენ. ახლა, პირიქით, მომწონს ამაზე რომ რეაქცია აქვთ, რადგან მინდა, გაიგონ, ნიკა რომ ნამდვილად ქალის სახელია.
– ლიზა როგორ გაფასებს?
– ძალიან მგულშემატკივრობს, პლუსებზეც მიმითითებს და მინუსებზეც. ამ ორი კვირის განმავლობაში ძალიან გავიზარდე ფსიქოლოგიურად და შესაძლებლობებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტი მაქვს, ვიდრე წარმოგვედგინა. მინდა, ბევრად მეტი გავაკეთო. ლიზა მამეცადინებს ფსიქოლოგიურადაც და სიმღერაშიც – თავისი ხრიკები აქვს და მასწავლის. ორივე ვხვდებით, რომ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გავიხსენი სცენაზე.
– სიმღერა შენც გვიან დაიწყე?
– თავიდან, 7-8 წლის ასაკში, ბებიამ შეგვიყვანა მუსიკაზე, შემდეგ – სიმღერის მასწავლებელთან. თავიდანვე ნიჭიერი ბავშვები არ ვყოფილვართ, მაგრამ რატომღაც, ოჯახს უნდოდა გვემღერა, განსაკუთრებით ბებიას. მერე და მერე დავიხვეწეთ. მივხვდით, რომ პოტენციალი გვქონდა და განვითარება შეგვეძლო. დამოუკიდებელ მომღერლებად ჩამოყალიბება 12-13 წლის ასაკში დავიწყეთ. ლიზასთან შედარებით, მე უფრო მეტი ფსიქოლოგიური მომზადება დამჭირდა. იმდენად ვიბოჭებოდი და ისე ჩაკეტილი ვიყავი, ხანდახან მასწავლებელთან პირს ვერ ვაღებდი ან თვალებს ვერ ვახელდი. დროთა განმავლობაში თავს ვაძალებდი, ეს შემეცვალა და პროექტისთვის რომ დავიწყე მზადება, საკუთარ თავს ყველაფერი მოვთხოვე.
– ისეთი პერიოდიც გქონია, საერთოდ თავის დანებებაზეც რომ გიფიქრია?
– კი, როცა რაღაც არ გამომდიოდა. ძალიან რთული ხასიათი მაქვს და ასეთ დროს უფრო ვიკეტებოდი. ისე ჩავიკეტე, ბოლოს დედას ვუთხარი, სიმღერაზე აღარ ვივლი-მეთქი. დედა აფასებდა ჩემს აზრს, მაგრამ მითხრა, კარგად დაფიქრდიო. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამ საქმის გარდა ვერაფერს გავაკეთებდი. დედა მხატვარია და მუსიკალური განათლებაც აქვს, მამა ცხენოსანი და ფოტოგრაფია. როცა ხელოვნებას ეხება საქმე, დედასთან ყველაზე მეტს ვლაპარაკობთ. ასევე, დეიდასთან – რუსუდან კობიაშვილთან, რომელიც მსახიობი და რეჟისორია.
– ცოტა ხნის წინ „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამაშობდა დუდუს ცოლის როლს. რადგან მისთვის საჯაროობა და ხელოვნება უცხო არაა, ალბათ, გეხმარებოდა ამ ნაბიჯისთვის მომზადებაში.
– კი, სანამ პროექტში წავიდოდი, დეიდაჩემთან დავდიოდი მსახიობის ოსტატობის შესასწავლად, რაც ძალიან დამეხმარა გახსნაში. საუბრისას ადამიანებს თვალებში ვერ ვუყურებდი და მისი დამსახურებით, დღეს ეს კომპლექსი აღარ მაქვს. „საქართველოს ვარსკვლავისთვის“ მზადების პროცესში ძალიან ბევრი კომპლექსი მოვიხსენი. სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ვერ ვეუბნებოდი გააჩერე-მეთქი. უცხო ადამიანებთან კონტაქტი მიჭირდა, ჩემს დას უფრო რთულად ჰქონდა ეს ყველაფერი, მაგრამ ის სცენაზე იყო საოცრად გახსნილი, ცხოვრებაში პირიქით – ძალიან ჩაკეტილია, „მაკდონალდსა“ თუ სხვა სწრაფი კვების ობიექტებშიც კი არასდროს შეუკვეთავს არაფერი. რამდენიმე წლის წინ ჩემ გარეშე მაღაზიაშიც ვერ შედიოდა. თუმცა, ეს არ აწუხებს და შესაბამისად, გამოსწორებასაც არ ცდილობს. მე ვეცადე და ხალხთან კონტაქტის პრობლემა აღარ მაქვს.
– შენი ბავშვობა როგორი იყო?
– სულ მინდოდა, ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი. სულ ვფიქრობდი, მოვწონდი და ვუყვარდი თუ არა ვინმეს (იცინის). არც მე და არც ლიზა სკოლაში დიდად არ ვსწავლობდით. სკოლის გარემო საჩვენო არაა, არ გვიყვარდა და ხშირად ვაცდენდით. ის პერიოდი ცუდად მახსენდება. ვფიქრობ, რომ სასწავლო გარემოში ბევრი რამაა შესაცვლელი. იქ ყოველთვის მაკლდა თავისუფლება, მეგობრებად სწორი ადამიანები ვერ შევარჩიე და ის იმედგაცრუებები, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ამ პერიოდს უკავშირდება. ჩემი ცხოვრებიდან ვინც მოსაშორებელი იყო, მოვიშორე. სკოლაშიც ეს მოხდა. კლასში რთული იყო ჩემთვის მარტო ყოფნა, მაგრამ ამან გამაძლიერა. ადამიანის გაშვება ახლა აღარ მიჭირს.
– თქვი, ბავშვობაში ბევრს ვფიქრობდი, ვის მოვწონვარ და ვუყვარვარო...
– ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი (იცინის). ბავშვურად სულ შეყვარებული ვიყავი. სერიოზული ურთიერთობაც ყოფილა, მაგრამ დამთავრდა და ახლა აღარ ვფიქრობ, რომ სერიოზული იყო. ახლა საქმეზე ვარ გადართული და გრძნობებს ახლოს აღარ ვუშვებ. ვისაც ბოლო წლებში მოვწონდი, მგონი, ყველა „დავბლოკე“, მაგრამ ზრდილობიანად (იცინის).