კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ვინ და რატომ მოიშორა ქეთი დოლიძე თავიდან და რა გააკეთებინა მას ძალით გრიგოლ ვაშაძემ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

 ქეთი დოლიძე უკრაინელმა რეჟისორმა ანდრი ჟოლდაკმა მეფე ლირის როლში ათამაშა. სპექტაკლში – „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვა” – ქეთი დოლიძის ცხოვრებიდან ბიოგრაფიული პასაჟებია ჩართული.
  ქეთი დოლიძე: რამდენიმე წლის წინ ოთხი სპექტაკლი ჩამოიტანეს პეტერბურგიდან. ძალიან ცნობილი რეჟისორების სპექტაკლები იყო. მათ შორის ერთ-ერთი იყო ჟოლდაკის „მადამ ბოვარი“, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ტრადიციულად, ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებს სახლში ვეპატიჟები. ამით ვცდილობ, მამაჩემის ტრადიციები გავაგრძელო და კულტურული ურთიერთობები გავაღრმავო. კარგად გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით. ვუთხარი, ძალიან გამიხარდება, ჩვენს თეატრში – თუმანიშვილში რომ დადგათ სპექტაკლი-მეთქი. რეალურად მე ვიყავი ის ერთადერთი სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან კარგ უცხოელ რეჟისორებს ვიწვევდი. თეატრში მათ შორის იყვნენ: მარმარინო, რომელმაც ქართულ თეატრზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, ჰილარი ვუდი, გაი მასტერსონი. რაც შეეხება ჟოლდაკს – გიჟი რეჟისორია, მე რომ მკითხოთ – 22-ე საუკუნის და მინდოდა, რომ ჩვენს მსახიობებს მასთან მუშაობის გამოცდილება ჰქონოდათ. ისე გამოვიდა, რომ ჟოლდაკი გახდა ჩემი თეატრიდან წამოსვლის მიზეზი. ქართული თეატრალური სივრცე ძალიან დახშულია. ძლიერ რეჟისორებს, მათზე უკეთესებს არ იწვევენ, რადგან ეს გამბედაობის ამბავია. მე კი ყოველთვის ექსტრაკლასის რეჟისორებს ვიწვევდი. შურისა და ბოღმის გამო გამომიშვეს. ვიღაცებს არ უნდოდათ ქართულ თეატრში ასეთი რეჟისორის დადგმის პრეცედენტი გაჩენილიყო და ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს არ მომხდარიყო.
– მათ შორის ისიც, რომ ქეთი დოლიძე „მოიშორეს“?
– კი, მოიშორეს. ამბობდნენ, ჩამოჰყავს რეჟისორები და მერე ითხოვს ფულს სახელმწიფოსგანო. არასდროს სახელმწიფოსთვის ფული არ მითხოვია, ყოველთვის ვახერხებდი კერძო სპონსორების მონახვას. მაგრამ მაინც დამაბრალეს. თუმცა ისიც თქვეს – „დიდი რეჟისორები“ ჩამოჰყავსო. ეს მომახსენა ბატონმა გიორგაძემ, მას შემდეგ, რაც შემომირიგასავით და როცა ამის დამადასტურებელი, მინიმუმ, ერთი წერილის წარდგენა ვთხოვე, არ არსებობსო, – მიპასუხა კულტურის მინისტრმა. აბა, რის საფუძველზე მდებდა ბრალს?! მანამდე მე სამხატვრო ხელმძღვანელი არ ვყოფილვარ, მაგრამ თუმანიშვილის დროსაც იმ ფუნქციებს ვასრულებდი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელს ეხება. მე ჩემი ნიშა გამოვნახე – კინოს მივმართე და შვიდი მხატვრული ფილმი გადავიღე. ამიტომ შეუმდგარი ადამიანის კომპლექსი არ მქონია. როგორ გავბედავ, ჩემი თავი თუმანიშვილს ან ახმეტელს შემოქმედებითად შევადარო, მაგრამ თეატრიდან გამოგდებით მათი ბედი გავიზიარე.
  რეალურად, სამხატვრო ხელმძღვანელსაც არ გაუკეთებია იმდენი, რამდენსაც მე ვაკეთებდი ამ თეატრისთვის. თუმცა არასდროს მინდოდა სამხატვრო ხელმძღვანელობა, ეს ძალით მოხდა. გრიგოლ ვაშაძემ მთხოვა, რომელიც მაშინ კულტურის მინისტრი იყო.
  ჟოლდაკი ძალიან ბევრს არ აწყობდა, ამიტომ აუგორეს ხმები და საბედისწერო ნაბიჯი გადადგეს. მსახიობებს სჩვევიათ ღალატი, ეს მათი თანმდევი თვისებაა. მოიგონეს, რომ ჟოლდაკი არის პათოლოგი, რომ მე ვიწვევ ხალხს და მერე ფულებს ვთხოვ სახელმწიფოს. ეს ასე არაა, მაგრამ რომც ვთხოვდე, აბა ვის უნდა ვთხოვო? ახლა ასეთი ვანდალობა რომ ჩაიდინეს, მერე მითხრეს, გვითხარი, როგორ მოგიხადოთ ბოდიოში, გინდათ, დაბრუნდეთ თეატრშიო? მე აღარასდროს დავბრუნდები თეატრში, რომელსაც ორჯერ ვაპატიე შეცდომა, მესამედ ამას აღარ ვიზამ. დაბრუნება გამორიცხულია. არაფერი მინდა, მხოლოდ ჟოლდაკის პროექტი დამამთავრებინეთ-მეთქი. უნდა მოეხადათ კიდეც ბოდიში, თუ ვინმე დაისაჯა „ქართული ოცნებიდან“, რატომღაც გაუგებრად, ერთადერთი მე, რომელიც 2012 წელს მათი სახე ვიყავი.
– „ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად გიცნობენ და რატომ დაგსაჯეს?
– კი ველაპარაკები, მაგრამ ამას ვერასდროს ვაპატიებ ვერც გიორგაძეს და ვერც მის მოადგილეებს. ბატონ ბიძინას დაფიცებული ჰქონდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ერთი წელი არაფერში ჩაერეოდა. სიტყვის კაცია და არ გადადის საკუთარ ნათქვამს. მერე მკითხა, თქვენ ხომ იცით, რომ მე არაფერში ჩავრეულვარო?! ვიცოდი, ამიტომ ვამბობდი არ გაბედოთ ივანიშვილის დაკავშირება ჩემს გამოშვებასთან-მეთქი. მაგრამ ვკითხე, – რატომ არ ჩაერიეთ? დაგებარებინეთ და გეკითხათ, მართლა ისე იყო თუ არა, როგორც გეუბნებოდნენ-მეთქი? – ხომ იცი, ნათქვამი მქონდა, რომ მე არაფერში ჩავერეოდიო და თავისი სიტყვა შეასრულა. მასზე წარმოდგენა არ შემცვლია. ჩემთვის სიტყვის შესრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემს პირად საქმეში ჩარევა.
 რა თქმა უნდა, ჟოლდაკისნაირი ხელოვანების პროექტები საკმაოდ ძვირად ღირებულია. ის მსოფლიოს საუკეთესო რეჟისორთა ათეულში შედის და ამ ყველაფრის შემდეგ სახელმწიფომ ეს თავის თავზე აიღო. თუმცა, ეს თანხა სასაცილოა იმასთან შედარებით, რასაც ჟოლდაკი სხვა ქვეყნებში იღებს.
– როგორც ვიცი, თავიდან უარზე იყავით.
– თუმანიშვილის თეატრში მსახიობების ნაწილი აბუნტდა, ქეთი დოლიძემ უნდა ითამაშოს მთავარი როლი, ანუ თავისთვის ჩამოიყვანა ჟოლდაკიო. არადა, ამ სპექტაკლში ყველა სხვა გმირი ჩემსაზე მნიშვნელოვანია. 1980 წლამდე მე სცენიდან არ ჩამოვსულვარ, თუმანიშვილი ძალიან კარგ მსახიობად მთვლიდა. ჟოლდაკს რომ ვკითხე – რატომ მე? მითხრა, რომ ის  მოხიბლა ისტორიამ, რომელიც მე მოვუყევი ჩემთან სტუმრობისას და მონოლოგის სახით ჩასვა სპექტაკლში. მიმაჩნია, რომ კარგი არტისტი ხარ და ამავდროულად, შენი ისტორია მაინტერესებსო. სპექტაკლში რაღაც რეალურია, რაღაც – გადასხვაფერებული. ვინც ნახა, არავის გავულანძღივარ, ყველა მეუბნება, რომ მე ვარ კარგი არტისტი. უბრალოდ, არ გავყევი ამ პროფესიას, თორემ რომ გავყოლოდი, ბევრ რამესაც გავაკეთებდი.
– სპექტაკლში თქვენი შვილიც თამაშობს?
– თუმანიშვილმა თუ რამე მასწავლა, მსახიობების შეფასება – ნამდვილად. ვთვლი, რომ თამრიკო ძალიან კარგი არტისტია, კინოსთვის დაბადებული.
– მშობლისა და შვილების ურთიერთობა სპექტაკლის ერთ-ერთი თემაა. ძალიან ბობოქარი ქალი ხართ, თქვენი და თქვენი შვილების რეალური ურთიერთობები როგორია?
– ბობოქარი ვარ იმიტომ, რომ სულ სამართლიანობას ვეძებ. მეგობრებში ძალიან მხიარული და მშვიდი ვარ. მიყვარს სიცილი და როგორც ამბობენ, კარგი იუმორი მაქვს. სახლში ყველაზე მეტად რომ იძაბება სიტუაცია, უცებ მე ისტერიული სიცილი მეწყება და სიტუაცია იმწუთას ინმუხტება. შვილებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შეიძლება, პირად ცხოვრებაში შეშლიათ ერთსაც და მეორესაც, მაგრამ არ ჩავრეულვარ – ეს მათი გასავლელი გზა იყო. თორნიკე დაშორებულია მეუღლეს, მაგრამ ძალიან გვიყვარს ჩვენი ყოფილი რძალი, გოგო მეორეჯერ გათხოვდა, იმის ქმარიც გვიყვარს. მივდივართ-მოვდივართ – ეს ოჯახური ურთიერთობებია, რომელიც მამაჩემიდან მოგვყვება. რომ გვქონდეს შესაძლებლობა, ვაჟიშვილიც ცალკე იცხოვრებს და ქალიშვილიც, მაგრამ არ გვაქვს.
– თუმცა არაერთხელ დაგდეს ბრალი, თანხებთან დაკავშირებით.
– კარგად მოიძიონ ჩემი ანგარიშები. ის ტუტუცები, ვინც ამას მაბრალებენ, ჯერ შემოვიდნენ და ჩემი სახლი ნახონ. 1945 წელში გადმოვიდნენ ჩემი მშობლები აქ და მას შემდეგ აღარაფერი შეცვლილა.
– თქვენი ცხოვრების ემოციური სირთულე რას უკავშირდება?
– ახლობელი ადამიანების დაკარგვას. ის, რაც ჩემს პირად ცხოვრებას უკავშირდება ახალგაზრდობის პერიოდიდან, ალბათ, ჩემს წიგნში აისახება და მას ოდესმე დავწერ. თუმცა მარტო პირადი ცხოვრების შესახებ არ ვაპირებ დაწერას, თეატრალური სამყაროდანაც არავის დავინდობ, სრულ სიმართლეს დავწერ.
რაც შეეხება ემოციურ სირთულეს, ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, როცა შეყვარებული ვიყავი. ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ქართველი მამაკაცი არ ყოფილა. ოჯახის შექმნამდე რამდენიმე სასიყვარულო ისტორია მქონდა ქართველ მამაკაცებთან, რაც ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი საგანძურია.
– და იმ მთავარ სიყვარულს რა ბედი ეწია?
– მე არ ვიცოდი, მაგრამ, როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, ის დაქორწინებული ყოფილა. რომ გავიგე, ჩემს თავს ავუკრძალე მასთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მერე ცოლს დაშორდა და მე მეძებდა, მაგრამ ვერ მიპოვა – მაშინ სხვა დრო იყო. ერთმანეთს ავცდით. ამასობაში, მე „თავით გადავეშვი“ და პირველ მეუღლეს გავყევი, რაც დიდი შეცდომა იყო. საქორწინო მოგზაურობაში რომ წავედი, მაშინ დაურეკავს. მთელი ცხოვრება ეს სიყვარული გაგვყვა, მის გარდაცვალებამდე. ჩვენ რომ დავკავშირებოდით ერთმანეთს, უბედნიერესი იქნებოდა და ახალგაზრდა ასაკში ისე არ დაამთავრებდა სიცოცხლეს, როგორც დაამთავრა. ეს ჩემი ყველაზე ემოციური და დიდი მოგონებაა. ჩემი მეუღლისთვის არც დამიმალავს. ძალიან მიყვარდა კოკა, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი დიდი სიყვარული ახალგაზრდობაში დარჩა. კოკასაც ჰყავდა მანამადე ცოლი და შვილები. მე მასთანაც ძალიან დიდმა გრძნობამ დამაკავშირა, სხვანაირად ცოლად არ გავყვებოდი, მაგრამ ის მაინც სულ სხვა სიყვარული იყო.
– შვილები...
– უბედნიერესი ადამიანი ვარ, ორი უპატიოსნესი, ემოციურად გიჟი – კარგი გაგებით და თავის პროფესიაზე შეწირული შვილი მყავს. თორნიკე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორია. მაგრამ რადგან მე ამდენი მტერი მყავს, ეს მასზეც გადადის. თამრიკო ძალიან კარგი მსახიობია, მაგრამ გამოუყენებელი. იბლოკება იმის გამო, რომ ჩემი შვილია.

скачать dle 11.3