№49 სექსი მორიგეობით – სასურველი გარინჩა
მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი, იგივე გარინჩა – „ხალხის სიხარული“.
ლუიშ კარლუშ ბერეტუ იხსენებს: „ერთხელ გარინჩას მოსანახულებლად საავადმყოფოში მივაკითხე. ექიმმა მითხრა, რომ ჯანმრთელობას უსურვებდა გარინჩას და მისთვის დიდი პატივი იყო ასეთი პიროვნების მკურნალობა, თუმცა აღნიშნა, რომ როცა მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდიოდა, მას პრობლემები ექმნებოდა. პრობლემა კი მეტად უცნაური იყო. საავადმყოფოში მომუშავე ექთნები, მისი ოთახის კართან რიგში დგებოდნენ. მათ სურდათ, რომ გარინჩასთან სექსი ჰქონოდათ. ბრაზილიელი უარს თითქმის არავის ეუბნებოდა და სექსი მორიგეობით ჰქონდა.“
ჟოან სალდანია: „ბოტაფოგო“ შეხვედრის გასამართად ერთი დღით ადრე ერთ-ერთ ქალაქში ჩავიდა. შეხვედრა მეორე დღეს უნდა გამართულიყო. წინასამატჩო ვარჯიშის შემდეგ, გარინჩა სასტუმროში ავიდა და ფანჯრიდან იყურებოდა. ქუჩის ბოლოში ორი პატარა ბარი იყო. ერთ-ერთი ხალხით სავსე გახლდათ, ხოლო მეორეში მხოლოდ მეპატრონე იმყოფებოდა. გარინჩამ რამდენიმე წუთით უყურა ორივე ბარს. შეამჩნია მათში არსებული სიტუაცია, შემდეგ მობრუნდა და რამდენიმე წუთით ქვემოთ ჩასვლა ითხოვა. ის გავიდა ქუჩაში და სწორედ იქით გაემართა, სადაც ორი პატარა ბარი იყო. გარინჩა მიუახლოვდა ხალხით სავსე ბარს, თვალი გადაავლო მოულოდნელობისგან გაოცებულ ხალხს და შევიდა მეორე ბარში, რომელიც პრაქტიკულად, ცარიელი იყო. მან სასმელი მოითხოვა, დალია და ისე გამოვიდა, რომ კრინტიც არ დაუძრავს. მეპატრონე გაოცებული უყურებდა, თუმცა სიტყვის თქმა ვერ გაუბედა. ზუსტად 5 წუთში ის ბარი გაივსო. მფლობელმა აიღო სკამი, რომელზეც იჯდა გარინჩა და კედელზე მიაჭედა. თან წარწერა გაუკეთა: „აქ იჯდა გარინჩა“. გარინჩამ იმ პატარა ბარს, პრაქტიკულად, გარანტირებული კლიენტები აჩუქა. შემდეგ ნომერში დაბრუნდა და მითხრა: „ასე უფრო სამართლიანია, არა, ჟოან?“.