№49 რატომ სწერდნენ აჯანყებული ივანე ორბელი და მეფე გიორგის მომხრეები ერთმანეთს ლექსად
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
დემნა უფლისწულსა და ორბელებს განზრახული ჰქონდათ გიორგი მესამის შეპყრობა და მეფობიდან გადაყენება. ასე გვიამბობს აჯანყებული ორბელების შთამომავალი, გასომხებული ორბელების შტოს წარმომადგენელი, არმენთა ეკლესიის მღვდელმთავარი სტეფანოს ორბელიანი.
ერთმა ახალგაზრდა მსახურმა შემთხვევით შეიტყო ამბოხების შესახებ, მოახტა ცხენს, გააჭენა და აცნობა მეფეს ეს ამბავი. მეფეს ჯარი არ ჰყავდა თან, რაც მოახერხა, შეასწრო ტფილისში, ჩაკეტა ქალაქი, გამაგრდა და დაიწყო ერთგულების ძიება. მასთან დასახმარებლად მიიჭრა ყივჩაღთა დაქირავებული ჯარის მეთაური - ყუბასარი 5 000 მეომრით, მეჯინიბეთუხუცესი ჭიაბერი და სხვები.
აჯანყებულთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო, 30 000 მეომარი. მათ შორის იყვნენ დარბაზის წევრები, დიდებულები, ერისთავთ-ერისთავები და სარდლები.
მეფის მოულოდნელად შეპყრობის გეგმა ჩავარდა. აჯანყებულთაგან ზოგმა ყოყმანი დაიწყო და ამიტომ, დედაქალაქს არ შეუტიეს. სტეფანოს ორბელიანი გვიამბობს იმ დიდებულების შესახებ, რომლებიც გადავიდნენ მეფის მხარეს. „გავიდა კამრაგელ თანხმობისა მათისაგან და იდუმალ მივიდა გიორგისთან, ესე იხილა გრიგოლ აპირატიანმან, ესე იგი, მჰაჟისტროსიანმან, ესეც მივიდა გიორგისთანა. ეგრეთვე სხუათა იწყეს თითოეულად გაცლა და მივიდნენ გიორგისთან. იწყო განძლიერება გიორგის მხარემან და მოკლება მხარემან დემნასამან“.
ანისის დიდებულის, გრიგოლ აპირატის ძისა და სხვების მეფის მხარეს გადასვლამ ვითარება შეცვალა. გიორგი მეფემ დიდი პატივით მიიღო მის მხარეს გადასულები და სხვებსაც შეუთვალა, რომ აპატიებდა, თუ მასთან მივიდოდნენ. გარდა ამისა, ყველამ იცოდა, მეფე გიორგი დიდი მეომარი იყო და უშიში ადამიანი, თავს მორჭმულ ხელმწიფედ თვლიდა და ადვილად არ დათმობდა არც მეფობას, არც პრინციპებს. მოძლიერებულმა მეფემ აჯანყებულებთან მოლაპარაკება მოითხოვა. ან ფრთხილობდა, ან სისხლისღვრას ერიდებოდა. მაგრამ, ივანე ორბელი არ დათანხმდა. აჯანყებულებმა დაიკავეს ქვემო ქართლის ციხეები. სამშვილდის ციხეში ივანე ორბელს შეუზიდია თავისი ქონება, როგორც წერს სტეფანოს ორბელიანი. ქონება კი ყოფილა „აღსავსე ურიცხვითა უნჯითა“.
მეფემ ნელ-ნელა დაიკავა ციხეები. დაამარცხა ჰერეთიდან აჯანყებულებისკენ წამოსულნიც. ამირსპასალარი ივანე ორბელი და დარჩენილი აჯანყებულები ამირსპასალარის საჯდომ ციხე-ქალაქში, ლორეში გამაგრდნენ. ივანე ორბელმა ლიპარიტ ორბელი და მისი ორი ძე გააგზავნა თავის ყოფილ მტრებთან, ადარბადაგანის დიდ ათაბაგთან. იმ საათაბაგოში, რომელთა 100 000-იანი ჯარიც, სტეფანოსის თქმით, გიორგი მეფის ერთგულების დროს, ივანე ორბელს, დაუმარცხებია ადრე. ამჯერად, ივანე ორბელმა ათაბაგს დახმარება სთხოვა გიორგი მეფესთან სამოქალაქო ომში.
გამოვიდა ტფილისიდან გაძლიერებული მეფე და გაეშურა აჯანყებულთა წინააღმდეგ საომრად, დაიკავა ციხეები. შემდეგ ლორესკენ გაეშურა.
13 სექტემბერს ივანე ორბელი შევიდა ლორეს ციხე-ქალაქში, თან შეიყვანა დემნა უფლისწული და სხვა აჯანყებულები, რომლებიც ჯერ კიდევ მასთან დარჩენილიყვნენ. ლორეს ალყა კარგა ხანს გაგრძელებულა – 5 მარტამდე. შეწუხდნენ ციხეში გამომწყვდეულები, შეშინდნენ და ზოგმა მათგანმა თოკი ჩამოაბა კოშკიდან, გამოიპარა და მეფესთან მივიდა პატიების სათხოვნელად. მეფე ყველას იწყნარებდა, პატიობდა და ასაჩუქრებდა – ორბელების თანამდებობსა და მიწებს ჰპირდებოდა მათ.
ივანე ორბელის მეგობრები, თანამოაზრეები, რომლებიც გადმოვიდნენ გიორგის მხარეს, შეწუხებულნი იყვნენ ათაბაგისა და სხვა მაჰმადიანთა ჯარების შესაძლო მოსვლით. ამიტომ, წერილებს წერდნენ, ისარზე აბამდნენ და სტყორცნიდნენ ციხისკენ, რათა ივანეს წაეკითხა და დანებებულიყო.
საინტერესოა, რომ სტეფანოს ორბელიანი წერს, წერილი იყო ლექსად დაწერილი, მაგრამ მე ლექსად ვერ გადმოგცემთო: „გარნა ლექსად აღარ გარდმოვიდოდა და ამბად დავსწერე:
„დიდო ივანევ ორბელიანო, მხნეო, ძლიერო და უძლეველო, რომელი ხარ ქუეყანისა მის ჭინეთისაგან მოსრულ და ტომი თვითმპყრობელისა მეფისა. ოდეს მოხვედ ქუეყანასა ამას ქართლისასა, აქა ჰპოვე პატივი უზომო, იყავ მთავარი და თავი სახლისა სამეფოისა და სპასალარი გიორგისა. აწ უკეთუ გნებავს განსუენება და სიცოცხლე, პატივი სასურველი და განუზომელი მამული შენი, რომელი სჯობს ნახევარსა ქართლისასა, მოვედ და მოართვი ყრმა ეგე ძე დავითისა, დემნა, რომელი იქმნა მიზეზი ბოროტისა შენისა და სხვათა მრავალთა“.
ანუ, დიდებულები ამ ლექს-წერილით სთავაზობდნენ ივანე ორბელს, ეღიარებინა დანაშაული, დანებებოდა, გაეცა დავით მეფის ძე, დემნა და უფლისწულ დემნას დაბრალებოდა ყველაფერი.
ივანე ორბელმა წაიკითხა გზავნილი, დაწერა საპასუხო წერილი, მიაბა ისარს და გასტყორცნა მეფის ბანაკისკენ. სტეფანოს ორბელიანი გადმოგვცემს, რომ ივანეს წერილიც ლექსად ჰქონია დაწერილი, ქართულად ეწერა, მაგრამ, სტეფანოს ორბელიანი კი სომხურად გვიამბობს (თარგმანი):
„ჰოი დიდებულნო, საყუარელნო ჩემნო, დიდნო და ძლიერნო, მთავარნო კეთილნო. მე, ივანე ორბელიანმან, აღმოვიკითხე წერილი სწავებისა თქვენისა, გარნა მე არა მომწონს განზრახვა ესე თქუენი, რომელი მოგეწერათ ჩემდა. კაცი, რომელიცა იშვებს სოფელთა ამათ და დაუტევებს ბრძანებასა უფლისასა, გარდავალს აღთქმასა, იგი მიიღებს ნაწილსა უარისმყოფელისა და უშრეტსა ცეცხლსა შინა დაიწვება და ეშმაკთა თანა დაედასების. მე კაცი ვარ წარმავალი, ორის დღის პატივისათვის მე ვერა გარდავალ მას, რომელიც აღმითქუამს და ვერცა უარვყოფ ფიცსა მას საშინელსა, არამედ მე მოვკუდები ფიცისათვის ჩემისა და მივალ სასუფეველსა უფლისა ჩემისა მიერ და მივიღებ ქონებასა გამოუთქმელსა უფლისა ჩემისა მიერ, რომელ ვერა რომლისაგანმე გაიცრცვებოდეს“.
სტეფანოს ორბელიანი ამ გადმოცემით, თუ ის მართალია, ამტკიცებს, რომ ივანე ორბელი დიდებისთვის კი არ იბრძოდა, არამედ ფიცის აღსრულება ჰქონდა მიზნად, რომელიც მისცა მეფე დავით მეხუთეს, სიკვდილის წინ, რომ მის ვაჟს, უფლისწულ დემნას აიყვანდა ტახტზე, რადგან ტახტი დემნას ეკუთვნოდა. ამ მიზნის გამო, ივანე სიკვდილსაც არ უფრთხოდა და აცხადებდა, რომ უფლის წინაშე მართალი იყო.
მეფე გიორგიმ შეტევა განაგრძო ლორეს ციხეზე, რადგან ივანე ორბელი დანებებას არ აპირებდა. თუმცა, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ ივანესთვის და სხვა აჯანყებულებისთვის. ღამით, დემნა უფლისწულმა თოკი გადმოკიდა კოშკიდან, დაეშვა ძირს, მივიდა მეფესთან, ფეხებში ჩაუვარდა ბიძას და პატიება სთხოვა.