კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ნაბო

ნინო კანდელაკი არდაშელ თაქთირიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #48(987)

  ხუთ წუთში მთელი საკანი ჩემთან შეგროვდა. როგორც ქურდს, ისე მელაპარაკებოდნენ. მეორე დღეს ჩვენი უბნელი ქურდის – „მაუზერას“ „ქსივა“ შემოვიდა. ჩემზე წერდა – „მომავალიაო“.
  ჩვენთან, „მალალეტკებში“, ბიჭები პომიდორს არ ვჭამდით და „პრიმას“ არ ვეწეოდით, რადგან მიგვაჩნდა, რომ რასაც წითელი ფერი ჰქონდა, კომუნისტური იყო, მაგრამ რუსთავის ზონიდან ქურდებმა რომ შემოთვალეს,
– პომიდორი და „პრიმა“ თქვენ თუ არ გინდათ, აქეთ გამოგზავნეთო! ნება ვიბოძეთ, „პრიმაც“ გავაბოლეთ და პომიდორსაც ავადინეთ ბდღვირი.
საკანში ორი ბიჭი იჯდა, თითქმის ერთდროულად შემოსულები – გელა პარასატოვი და გოჩა ბაბახანოვი. ერთი მანქანის მაგნიტოფონის ქურდობაზე იჯდა, მეორე – ყაჩაღობაზე. გელა პარასატოვი წყნარი ბიჭი იყო, სულ თავისთვის იჯდა, ხმას ვერ ამოაღებინებდი. ამიტომ არავის უყვარდა, ყველა ერიდებოდა. ერთხელ, გოჩა ბაბახანოვი მოვიდა და მეუბნება:
– მოდი, გელა ვათამაშოთ, მამამისს ბევრი ფული აქვსო. მე, გოჩამ და „მატროსამ“ ფული ჩამოვედით, სამასი მანეთი შეგროვდა. სიგარეტ „კოსმოსის“ კოლოფს ცელოფანი სუფთად მოვხსენი, ღერები გადმოვყარე, ფული წვრილად დავახვიე, კოლოფში ჩავდე და თავისივე ცელოფანი შემოვახვიე. კაციშვილი ვერ მიხვდებოდა, რომ კოლოფი გახსნილი იყო. მივედი და გელას ვეუბნები:
– მოდი „ჯოკერი“ ვითამაშოთ-მეთქი!
– არ მინდა თამაშიო!
– სამნი ვართ, მეოთხე კაცი გვაკლია, გაგვისწორე!
– მე ფულზე არ ვითამაშებო!
– არა, რა ფულზე, ერთ „პაჩკა“ სიგარეტზე ვთამაშობთ. აი, ასეთზე! – „ტუმბოჩკიდან“ ის კოლოფი ავიღე და უჯრაში ჩავდე.
– კარგი, ვითამაშოთო.
„პარებში“ ვთამაშობთ. მე და გოჩა „პარაში“ ვართ, გელას „პარა“ „მატროსაა“, ხომ გაგიგია, „ვსესაიუზნი“ ქურდი რომ არის, მაშინ ჩემთან ერთად იჯდა, ისიც ჩვენიანია. მოკლედ, სამი ერთზე ვთამაშობთ. ათი ხელი ვითამაშეთ, რა თქმა უნდა, წააგეს. მე ვთქვი:
– „მატროსა“ გოჩასთან იყოს „ატვეჩაი“, გელა – ჩემთან-მეთქი! გოჩამ „მატროსას“ უთხრა:
– ამას წინათ რომ მომიგე, იმას „გირასხოდებო“! მე გელას მოვთხოვე:
– წაგებულს როდის მოიტან-მეთქი?
– ხვალვე მოგცემ ხუთ „პაჩკა“ სიგარეტსო.
– აბა, ნახე, კოლოფში რა დევს?! – ვუთხარი გაღიმებულმა. თითქოს რაღაცას მიხვდა, „ტუმბოჩკას“ ეცა, უჯრიდან „კოსმოსი“ ამოიღო, გახსნა და გალურჯდა, კრინტი ვერ დაძრა.
– მანდ სამასი მანეთია, ხუთი ცალი ეგეთი კოლოფი გაქვს მოსატანი, ხვალ არ მინდა, დღეის სწორს ჩამაბარე-მეთქი!
დაიწყო გელამ მშობლებისა და ნაცნობ-მეგობრების შეწუხება, მაგრამ ფული ვერ იშოვა. მდიდარი რომ მეგონა, მერე გავიგე, მამამისი „საპოჟნიკი“ ყოფილა, ოჯახში საჭმლის ფულიც კი არ ჰქონიათ.
მოკლედ, ვერ იშოვა გელამ ფული, დათქმულის წინა დღით მოვიდა და მთხოვა:
– ერთი კვირა კიდევ მაცადეო!
– არა, ხვალ მოიტან-მეთქი! თვალი გამისწორა, კარგიო, მითხრა, თავი ჩაღუნა და გამშორდა. გამაჟრჟოლა, თვალებიდან თითქოს სიკვდილი მიყურებდა. ამ ამბის მერეც ხშირად დამინახავს სიკვდილი მსხვერპლის თვალებში და ყოველთვის ამხდენია. დილით ხმაურმა გამაღვიძა. ყველა გელა პარასატოვის საწოლთან იყო შეგროვილი. საწოლის ქვეშ სისხლის გუბე იდგა. გაფითრებულ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს ნიშნის მოგებით ამბობდა:
– ჩემს „ფუფლოს“ ვერ მოესწრებითო!
ბატონო პრაფესორო, მე წავედი, უკვე გვიანია, ხვალ ან ზეგ ისევ მოვალ.
***
– ბატონ გოგის ვახლავარ! ხომ კარგად ბრძანდებით?
– კარგად ყოფნის რა მოგახსენოთ, ექიმო, ტელევიზორს არ უყურებთ, მოსამართლეებს როგორ შემოგვიტიეს?
– ყველაფერი კარგად იქნება, აბა, დავიწყოთ სეანსი, მომიყევით თქვენი ბავშვობის ამბები!
ბავშვობიდან გამომძიებლობა მიტაცებდა. დიდი „ლუპა“ მქონდა, ნიკოლოზის დროინდელი, პაპაჩემის ნაქონი. იმით ვაკვირდებოდი ყველა წვრილმანს. მერვე კლასში „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ რომ წავიკითხე, მას მერე სულ დავკარგე მოსვენება – ჩემს თავს გამომძიებლად მივიჩნევდი. ჩიბუხიც კი ვიყიდე. დიდი მწეველივით, სულ პირში მქონდა გაჩრილი და ჩემს ოთახში ბოლთას ვცემდი.
მერვე კლასში ვიყავი, პირველი „გამოძიება“ რომ ჩავატარე. მეზობლის ბიჭი იყო – „ნაბოს“ ეძახდნენ, სახელი არ მახსოვს, ზარიძე იყო გვარად. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა მესამე სართულზე. ისე, სახელსა და გვარს ამართლებდა, დიდი ნაბოზარი ვინმე ბრძანდებოდა. მამამისი – ვალერიან ზარიძე – ძველი ჩეკისტი იყო, კგბ-ს გენერალი, ინაურის ძმაკაცი, მის მოადგილედ მუშაობდა. იმას უნდოდა, რომ შვილს იურიდიულზე ჩაებარებინა. საღამოობით დაისვამდა და კანონებს აზეპირებინებდა. დედამისი მორწმუნე ქალი იყო, ეკლესიაში დადიოდა. ბავშვობაში „ნაბოც“ დაჰყავდა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია რომ არის, ყოფილი ოქტომბრის რაიონის რაიკომის შენობასთან. ერთი ხანობა სტიქაროსანიც იყო და მოძღვარს ეხმარებოდა მღვდელმსახურებისას, ლოცვებიც დაიზეპირა, მაგრამ მალე მობეზრდა და ქუჩაში გაიჭრა. ისე, სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. დღესაც მიკვირს, როგორ ათავსებდა ერთმანეთთან სწავლას და ქუჩას?!
ჩვენს ქუჩაზე, ორი ნომრის იქით, ებრაელები ცხოვრობდნენ, მიხელაშვილები. ქალი ცნობილი გადამყიდველი იყო, სარა. „ნაბოს“ მამას ბევრი ფული ჰქონდა, ერთადერთი შვილისთვის არ ენანებოდა და ამიტომ „ნაბოს“ მუდამ ბოლო მოდაზე ეცვა. სარას უმცროსი ბიჭი, ბესო, აგებინებდა, დედამისს თუ რამე ახალი შემოუვიდოდა, „ნაბო“ მამამისს დაეღრიჯებოდა, ფულს გამოართმევდა და მიდიი, უბნელ ბიჭებს თვალებს გვაჭყეტინებდა. მშურდა „ნაბოსი“, მეც მინდოდა კარგი ჩაცმა, მაგრამ ის უფრო მინდოდა, რომ მას სცმოდა ჩემზე ცუდად. მიხელაშვილები რომ არ ყოფილიყვნენ, „ნაბო“ ვერ იყიდდა ტანსაცმელს, ამიტომ შევიძულე „ნაბოც“ და ისინიც.
ჰოდა, ერთ დღეს „ნაბო“ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა. შესძრა მამამისმა ქვეყანა, მეც დამკითხეს. აღდგომის წინა კვირა იყო, ებრაელების დღესასწაული, პასექს რომ ეძახიან. მაშინ ვიგრძენი, რომ დადგა ჩემი დრო. მივედი მამამისთან და ვუთხარი:
– გუშინ შენი ბიჭი ვნახე, მიხელაშვილებთან შევიდა, მაგრამ იქიდან გამოსული აღარ მინახავს-მეთქი. გადაირია „ნაბოს“ მამა,
– ნამდვილად ჩემი ბიჭი მოკლეს და იმისი სისხლი გაურიეს მაცაშიო! – ღრიალებდა. იარაღით მიეჭრა მიხელაშვილებს, პისტოლეტის ტარი ურტყა კეფაში ოჯახის უფროსს. ძლივს გამოსტაცეს ხელიდან. მილიცია მოვიდა, სახლი გაჩხრიკეს, ვერაფერი იპოვეს, მარტო სამზარეულოს მაგიდაზე ნახეს სისხლის წვეთი. სარა იფიცებოდა:
– ჩემი სისხლია, ხახვს რომ ვჭრიდი, ხელი მაშინ გავიჭერიო, მაგრამ ვინ დაუჯერა?! ბესოს მამა მილიციამ წაიყვანა. ეტყობა, აწამეს, რადგან აღიარა:
– ყელი გამოვჭერი, დაგენაცვლე, სისხლი მაცაში გავურიე, გვამი დავანაწილე, ტომარაში გამოვკარი, ღამით გავიტანე და „ვორონცოვის“ ხიდიდან მტკვარში გადავაგდეო. ღამით, საკანში, არ ვიცი, თვითონ მოახერხა თუ სხვები „დაეხმარნენ”, დილით ბესოს მამა გათბობის მილზე ნახეს თავისივე „მაიკაზე“ ჩამოკონწიალებული. სარას ინფარქტმა დაარტყა და სიცოცხლის ბოლომდე ლოგინიდან არ ამდგარა.
მესამე დღეს, საღსალამათი „ნაბო“ ბიძამისმა ჩამოიყვანა კაზრეთიდან. ის შობელძაღლი, მამამისს დაუტუქსავს, სწყენია და ბიძამისთან გაქცეულა ისე, რომ სახლში არაფერი უთქვამს. მიხელაშვილების ოჯახზე კი ვიძიე შური, მაგრამ „ნაბომ“ სხვა „ბარიგა“ იშოვა და იმისგან ყიდულობდა ტანსაცმელს.
შემდეგ, კიდევ რამდენჯერმე მომიხდა შეხვედრა „ნაბოსთან“. თუმცა, ამას შემდეგ მოსვლაზე მოგიყვებით.
***
– დამლოცე, მამაო!
– ღმერთისგან დალოცვილი იყავი, ექიმო!
–  როგორ ხარ, მამაო, ხომ კარგად?
– ვერ ვარ კარგად, ხედავ, ბიტკოინის ფასი როგორ დაეცა?!
– ბიტკოინი შენთან რა კავშირშია?
– შარშანწინ, ერთი ბიტკოინის ფასი 17.000 დოლარი რომ იყო, მაშინ ჩამოვატანინე „ვიდეოკარტები“ ჩინეთიდან, „ბლოკ პიტანიები“ თბილისში მიშოვეს, ავაწყვე ორი „მაინერი” და ჩემთან დავდგი კელიაში. მაშინ კაი ფულს ჭრიდა, „ზეკებს“ გამოვიმუშავებდი. ერთი „ზეკი“ 420 დოლარი ღირდა. კაი, ძლიერი „ვიდეოკარტები“ მქონდა, დღეში ნახევარ „ზეკს“ გამოიმუშავებდნენ. ახლა რაღაა, 38 დოლარია, მაგრამ იმუშაოს, ჩემი რა მიდის, მაინც უფასოდ აქვს ეკლესიას ელექტროენერგია.
– მოდი, მამაო, დავიწყოთ სეანსი. აბა, მომიყევი, როგორ მიხვედი ეკლესიაში?
– დედაჩემი მორწმუნე ქალი იყო. იმ გაქანებული კომუნისტების დროს, ბინაში სალოცავი კუთხე გვქონდა მოწყობილი. უამრავი ხატი ესვენა იმ კუთხეში. დედაჩემი პატარაობიდან მასწავლიდა ლოცვებს, ეკლესიაში დავყავდი. მართალია, ამაზე მამაჩემი ბრაზობდა, რადგან კომპარტიის წევრი იყო, მაგრამ დედაჩემი თავისას მაინც არ იშლიდა.
17 წლის ვიყავი, სასულიერო სემინარიაში რომ ჩავირიცხე. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ხომ იცი, სანაპიროზე. დედაჩემი მაგ ეკლესიის მოძღვრის, მამა ზენონის მრევლში იყო და უკვე მოლაპარაკებოდა ჩემი მიღების თაობაზე. თავიდან თან სემინარიაში ვსწავლობდი, თან სტიქაროსანი ვიყავი. ეკლესიაში შაბათ-კვირას და ლექციების მერე დავდიოდი. საღამოს სახლში მივდიოდი, მაგრამ ყოველი საღამო ჩემი და მამაჩემის ჩხუბით მთავრდებოდა. ამიტომ ავიღე გუდა-ნაბადი და ეკლესიაში გადავედი საცხოვრებლად. ეკლესიის ეზოს ერთსართულიანი სახლები ესაზღვრებოდა, სადაც მამა ზენონმა ბინა მიქირავა და იქ ვცხოვრობდი. მრევლმა იცოდა, რომ მოძღვარი უმადობას არ უჩიოდა და ხან რას მოიტანდნენ და ხან რას. ზოგს თავისი გამომცხვარი ტორტიც კი მოჰქონდა. მოკლედ, საჭმელ-სასმელი თავზე საყრელი იყო, ჭამე, რაც გინდა და რამდენიც გინდა.
მამა ზენონს ვეხვეწებოდი ბერად აღკვეცაზე კურთხევას, მაგრამ უარზე იყო,
– ჯერ მზად არ ხარ, სემინარია დაამთავრეო! ისე, პატიოსანი კაცი იყო, მკაცრად ეკლესიურდ ცხოვრობდა. რაც მასთან ვიყავი, ერთხელაც არ დაურღვევია ეკლესიის წესები. მაგრამ ხომ გაგიგია, წმინდა ბერი წმინდად წარწყდაო, მაგასაც ეგრე მოუვიდა.
დედაჩემი მეხვეწებოდა მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას, მაგრამ უარი ვთქვი. რა გეგმაც მე მქონდა, იმას ბაკალავრის დიპლომიც ჰყოფნიდა. მამა ზენონმა, სემინარიის დამთავრების შემდეგ, მორჩილად გამამწესა.
ეკლესიაში ერთი ბიჭი მოვიდა სტიქაროსნად – „ნაბოს“ ეძახდნენ, მამა ზენონს ეხმარებოდა ლიტურგიის დროს. დავმეგობრდით, „მოსაწევს“ რომ იშოვიდა, ჩემთან რჩებოდა ხოლმე კელიაში. ერთად ვეწეოდით. იმ შობელძაღლს მუდამ „ბომბა პლანი“ ჰქონდა. ერთხელ, ზამთარი იყო, თოვდა. მაგარი „დაბოლილები“ ვიყავით. სახლში შეშის ღუმელი კი იდგა, მაგრამ ეტყობა, საკვამლე მილი გაიჭედა, ძილის წინ რომ ავანთე, მთელი ბინა გაიკვამლა. გასანიავებლად ფანჯრები გავაღე, კვამლი გაიფანტა, მაგრამ ბინა გაიყინა. ამიტომ მე და „ნაბო“ ერთ ლოგინში ჩავწექით. მანამდე არავისთან ვწოლილვარ და აღვეგზნე, შეიძლება, „პლანის“ ბრალიც იყო, ფეხები უკნიდან შემოვაჭდე. ეტყობა, ისიც აღგზნებული იყო, რომ დამყვა, წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამის შემდეგ ხშირად რჩებოდა „ნაბო“ ჩემთან. თავიდან მის მიმართ თითქოს რაღაც გრძნობა გამიჩნდა, მაგრამ მერე შემძულდა, მარტო მაშინ ვტოვებდი, თუ „მოსაწევი“ ჰქონდა. ალბათ, მასაც მოვბეზრდი, რომ მალე ეკლესიიდან გაიქცა.
მორჩილობის სამი წლის თავზე, მამა ზენონის ძალისხმევით, ბერად მაკურთხეს და იეროდიაკონის ხარისხი მომანიჭეს. აქედან დაიწყო ჩემი ბერული ცხოვრება თავისი ავ-კარგით. დრო გადიოდა, მამა ზენონი დაბერდა, გაძაღლდა, ბევრს ავადმყოფობდა, ძლივს ატარებდა წირვას, მაგრამ მეც არ მიშვებდა, წირვა რომ ჩამეტარებინა, არცა კვდებოდა?! ჩემზე ეჭვიანობა დაიწყო, „ჩემი ადგილი უნდაო“, ყოველ კვირას აღსარებას მაბარებინებდა, ისეთ კითხვებს მისვამდა, რომ ვხვდებოდი, ჩემი გამოტეხვა უნდოდა. მაგის ჩიტი ვიყავი, სიმართლე მეთქვა?! დროის ფუჭად კარგვა ჩემს გეგმაში არ შედიოდა, კიდევ ბევრი რამ უნდა მომესწრო ცხოვრებაში.
ერთხელ ნათლობაში დაგვიძახეს. მამა ზენონი ავად იყო და ამიტომ მე წავყევი. ნათლობამდე ფასზე მოვურიგდი, 100 ლარზე შევთანხმდით. ეს რომ მამა ზენონმა გაიგო, გადაირია,
– ახლავე მიდი და უკან დაუბრუნეო! – ძლივს დავაწყნარე,
– ამაღამ გვიანია, ხვალ დავუბრუნებ-მეთქი. ღამით მის საძინებელში შევძვერი და მძინარეს ცხვირ-პირზე ბალიში დავაფარე. ცოტა ხანს იფართხალა და დამშვიდდა. დილით სასწრაფო გამოვიძახე. მოძღვარს გულის მწვავე უკმარისობის შედეგად სიკვდილი დაუდგინეს. აი, ხედავ, თვითონ გაიჩალიჩა. მე უახლოეს სინოდზე მღვდელმონაზვნად მაკურთხეს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში არ დამტოვეს და აბასთუმნის ახლადაშენებულ ეკლესიაში გადამიყვანეს.
***
არის, გაჭრა! ნახეთ, როგორ ალაპარაკდნენ წარსულზე? როგორ დეტალურად ახსოვთ ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ მაფიქრებს: სამივე ჩუღურეთელია, ჩემი უბნელი. დავიჯერო, არ იცნობენ ერთმანეთს? ერთმანეთს რომ არ ხვდებიან?! იქნებ, სამივე ერთი კაცია და მე მაპამპულავებენ?! მაგრამ რანაირად, ისინი ხომ ჩემი არჩეულები არიან? ერთ უბანში ცხოვრობდნენ, სახელი ერთი აქვთ, ასაკითაც, თითქოს თანატოლები არიან. თვალის ფერი და კეხიანი ცხვირიც ერთნაირი აქვთ, მაგრამ პროფესია აქვთ ისეთი განსხვავებული, რომ ერთი კაცი ასე ვერ ითამაშებს სამის როლს. ეს „ნაბო“ ვინღაა, სამივე რომ იხსენებს? გვარად ზარიძეა, ჩემი მოგვარე, მაგრამ მასეთს არავის ვიცნობ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი პაციენტები არიან და მორჩა, უნდა ვუმკურნალო!
***
– ვა, გიუშ, მოხვედი? აბა, გავაგრძელოთ, „მალალეტკების“ ციხეზე ყვებოდი!
– სრულწლოვანი რომ გავხდი, „ვზროსლებში“ გადამიყვანეს და ბოლო ერთი წელი რუსთავის კოლონიაში გავატარე. იქ ქურდი მამუკა ამირეჯიბი იჯდა, წესრიგი იყო და ყველამ თავისი ადგილი იცოდა. მანამდე ქურდი არ ჰყოლიათ, არეულობა ყოფილა და ზონა „გაწითლებულა“, მაგრამ მამუკა რომ შევიდა ყველაფერი დაალაგა.
ციხიდან რომ გამოვედი, უკვე ჩამოყალიბებული „პრესტუპნიკი“ ვიყავი, არჩეული მქონდა ჩემი გზა. უბნელი ბიჭებისგან „სასტავი“ შევკარი. ძირითადად ბინებს ვტეხავდით. ფული თუ შემოგვაკლდებოდა, „ცეხავიკებს“ ჩამოვუვლიდით და ფულს ვაწერავდით. ცხვრებივით იხდიდნენ. ერთმა თავისი „ჟიგულიც“ კი „მაჩუქა“. ცოტა ხანში „სტავკა“ გავზარდე, თითქმის გავაორმაგე, მაინც გადაიხადეს.
  გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3