კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 მკვლელი სიმთვრალეში

ჯეინ მაკდონალდი

  თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ვერაფერზე ფიქრობდა, გარდა საკუთარი ორგანიზმის საშინელი რეაქციისა.  წყურვილის  მწვავე გრძნობას გულისრევის შეგრძნებაც დაემატა. იძულებული გახდა, ამდგარიყო. აბაზანამდე ძლივს მიფორთხდა. ცივი წყლის დალევა და უნიტაზზე გადაყუდება ერთი იყო. თავი შედარებით უკეთ იგრძნო. სარკეში რომ ჩაიხედა, მაშინღა გაახსენდა საკუთარი ვინაობა – ჰედი ჰარვისი, 39 წლის. საშუალოდ სიმპათიური. ჰყავს ცოლი – ლარა, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ნერვიულობს ქმრის ალკოჰოლიზმისაკენ განსაკუთრებული მიდრეკილების გამო. ბუნებრივია, ნერვიულობას ჩხუბიც მოჰყვება ხოლმე.
  აბაზანაში ნელ-ნელა შემოაღწია გამოღვიძებული ქალაქის ხმებმა. ჰედი მიხვდა, რომ ასე დგომა და ფიქრებში ლარასთან ჩხუბი აბსურდული იყო. შხაპის კაბინაში წყალი მოუშვა და ნაკადის ქვეშ დადგა.
  წყლის გამაცოცხლებელი ზეგავლენის ზემოქმედებით, ნელ-ნელა დაიწყო გუშინდელი საღამოს გახსენება. საღამოს პირველი ნაწილი შედარებით მარტივად გაიხსენა. სამსახურის შემდეგ სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი კლიენტის პრეზენტაციაზე უნდა წასულიყვნენ. ისიც მოაგონდა, წასვლამდე როგორ წაგესლა ბილი ჰანტერმა: „მოხუცი ეჭვობდა, ღირდა, თუ არა შენი პრეზენტაციაზე წაყვანა. მკითხა: წესიერად თუ მოიქცევაო“. ანუ უფროსს უკვე ეჭვი ეპარებოდა მის კეთილგონიერებაში. სადღაც ლარა მართალი იყო.
პრეზენტაცია სასტუმროს ზედა სართულზე იმართებოდა. ყველაფერი მაღალ დონეზე იყო გაკეთებული. მანქანის მაკეტი, რომელიც ნატურალური ზომის ერთ მესამედს წარმოადგენდა, შემაღლებულ სცენაზე  ნელ-ნელა ტრიალებდა. მაკეტის  გვერდით ბრდღვიალა საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ქერა ქალი იწონებდა თავს. მისმა ჩამოსხმულმა ფიგურამ  ლარა  გაახსენა და ტანში სიამოვნების ტალღამ დაუარა. ცოლში ნამდვილად გაუმართლა. ლარას გარეგნობა ნებისმიერ, ყველაზე ცივსისხლიან მამაკაცსაც გაუღვიძებდა სურვილს. ჭიქა გამოცალა და ბარისკენ გაემართა. ბილი ჰანტერზე წყენამ გაუარა. ბარის დახლთან მოეწყო და სმა განაგრძო. დაახლოებით ათ წუთში შინაგანმა ხმამ გამაფრთხილებელი სიგნალები გაუგზავნა, მაგრამ ჰედიმ არაფრად ჩააგდო.
  სწორედ ამ მომენტის შემდეგ მის მეხსიერებაში სერიოზული  ჩავარდნა მოხდა. სიუჟეტის მთლიანობა დაირღვა და მხოლოდ ცალკეული, ფრაგმენტული ეპიზოდები დარჩა.
  იგი ჯერ კიდევ ბარში იჯდა, როდესაც ჰანტერი მოვიდა და უთხრა:
– ჰედ,  თუ რაღაც გინდა,  შეჭამო, გაითვალისწინე, საჭმელს მალე წაიღებენ.
მგონი, მაშინ ჭიქა გამოცალა, დახლზე დადგა და კერძებს თვალიერება დაუწყო.
  მეორე ეპიზოდი: იგი ბუტერბროდებით სავსე თეფშით დგას. ჰანტერი განწირული სახით ხელს უქნევს. იგი ყურადღებას არ აქცევს და იმ მაგიდისკენ მიდის,  სადაც  მათი სარეკლამო სააგენტოს უფროსი, დრიკსოლი დეტროიტელ გავლენიან ტიპთან ერთად ზის.  მაგიდასთან ყოველგვარი მიპატიჟების გარეშე  ჯდება და დრიკსოლიც იძულებული ხდება, იმ ტიპს წარუდგინოს.
  ისიც გაახსენდა, თუ  როგორ მოიღუშა დრიკსოლი, როდესაც იგი საუბარში ჩაეკვეხა. აბა, რა იქნებოდა, თავხედურად პირდაპირ დეტროიტელ ტიპს მიმართა:
– სიმპათიური მაკეტია. ამ მოდელის წყალობით ბევრი მანქანა ვადაზე ადრე მოძველდება. ხარისხი უკვე აღარაა ამერიკული პროდუქციის სავიზიტო ბარათი. ჩვენი ახლანდელი ღმერთი – ბრუნვაა. ამიტომაც ყველა მეწარმე ცდილობს, ბაზარზე ისეთი საქონელი გაუშვას, რომელიც მალე ცვდება, ტყდება ან, როგორც თქვენი ავტომობილი, მოდას ცვლის. ამ  ყველაფრის საფასურს კი მომხმარებელი იხდის. თქვენ ხომ ხელი მის ჯიბეში გაქვთ ჩაყოფილი, ჩვენ კი –  თქვენსაში.
შეიძლება, ჰედი  მართალს ამბობდა, მაგრამ დრო და ადგილი ძალიან ცუდად შეარჩია. განა  შეიძლებოდა, ასეთი რამ დრიკსოლის თანდასწრებით ეთქვა. ახლა მუხლებზე ხოხვა და პატიების თხოვნა მოუწევდა.
  ჰედიმ  მეხსიერებას ძალა დაატანა,  მაგრამ ვერც დეტროიტელის რეაქცია გაიხსენა და ვერც დრიკსოლის. არც ის ახსოვდა, მერე მაგიდასთან რა მოხდა..
ახალ ეპიზოდში უკვე დრამერთან ჩხუბობდა. როცა  ცდილობდა, დასარტყამ ინსტრუმენტებთან დამჯდარიყო. ოფიციანტმა ხელი სტაცა.
– რა მოხდა? – გაღიზიანებულმა იკითხა მან, – მინდა, ამ კლოუნს დაკვრა  ვასწავლო.
– თქვენთან ერთ ბატონს სურს საუბარი. იგი გარდერობშია. მთხოვა, მასთან მიმეყვანეთ.
გარდერობში მას თავად  დრიკსოლი უცდიდა. ჰედიმაც თამამად შეაბიჯა.
– ჰარვის, პირი  აღარ  გააღო და ყურადღებით მომისმინე, თუ რა თქმა უნდა, ეს შეგიძლია. გესმის ჩემი?
– რა თქმა უნდა...
– ხმა გაკმინდე! შენი წყალობით ჩვენმა სარეკლამო სააგენტომ შესაძლოა, ყველაზე სარფიანი კლიენტი დაკარგა. ამის მიზეზი შენი  იდიოტური  გამოსვლაა. იცი, რა  მითხრა, აზრადაც არ მქონდა, თუ შენთან კომუნისტები მუშაობდნენო. ისიც დააყოლა, რომ ცუდად ხდება, როდესაც ვინმე ცხოვრების ამერიკულ სტილს აკრიტიკებს. იცი, რას ვეტყვი, როდესაც მაგიდასთან დავბრუნდები?
– არა.
– რომ აქ დაგიბარე, სამსახურიდან დაგითხოვე და სახლში გაგიშვი. გაიგე? ეს იქნება კონტრაქტის გადარჩენის მცდელობა. თუმცა  ამის აუცილებლობაც რომ არ იყოს, მაინც გაგაგდებდი და ამას ახლა სიამოვნებით გავაკეთებ.
დრიკსოლი ქუსლებზე შებრუნდა და საკონფერენციო დარბაზში დაბრუნდა. დრიკსოლის მწარე სიტყვები ალკოჰოლის ნისლში ნელ-ნელა გალხვა და გაიცრიცა. ის კი ახსოვს, როგორ იდგა გაქვავებული და ფიქრობდა, როგორ ეტყოდა ამ ახალ ამბავს ცოლს.  წინასწარ იცოდა, რა პასუხს მოისმენდა მისგან.
შემდეგ, თითქოს ჯადოსნური ჯოხი აიქნიესო, ერთბაშად  „თაიმ სკვერის“ რაიონში აღმოჩნდა. ჰაერი არ ჰყოფნიდა. გაჩერდა და მაღაზიის ვიტრინას შეხედა. უცებ გაუჩნდა სურვილი, საკუთარი თავისთვის და იმ დეტროიტელისთვის დაემტკიცებინა, რომ მთვრალი არ იყო. ამას თუ დაამტკიცებდა, შეეძლო ეთქვა, რომ დრიკსოლმა სამსახურიდან სიმთვრალის გამო კი არა, არამედ შეხედულებების გამო გააგდო.
ვიტრინას კიდევ ერთხელ შეხედა. ერთი ჰალსტუხი მოეწონა. შეეცადა  ისე, რომ არ ებორძიკა  რამდენიმე ნაბიჯი გადაედგა  და მაღაზიაში შევიდა. წყნარად იყიდა ჰალსტუხი და მაღაზიიდანაც  „მტკიცე“ ნაბიჯით გამოვიდა. თუ იმის დამტკიცება დასჭირდებოდა, რომ მთვრალი არ იყო, გამყიდველი ამას დაადასტურებდა.  იტყოდა: არ ვიცი, შეიძლება, ერთი-ორი ჭიქა დალეული ჰქონდა, მაგრამ თავი ძალიან კარგად ეჭირაო.
სადღაც მაღაზიასა და სახლს შორის მეხსიერებამ მთლიანად უმტყუნა. თითქოს ლარასთან ჩხუბის ბუნდოვანი მოგონება დარჩა. მაგრამ ისინი თითქმის ყოველდღე ჩხუბობდნენ, ამიტომ  კონკრეტულად რომელი ჩხუბი შემორჩა მის მთვრალ გონებას,  ზუსტად ვერ იტყოდა.
ტანი გაიმშრალა და საძინებელში დაბრუნდა. სუფთა საცვლებს რომ იღებდა, წინა ღამით  ნაყიდი ჰალსტუხი ისევ გაახსენდა. ვერაფრით ხვდებოდა, ამ ნივთს ასეთი მნიშვნელობა რატომ მიანიჭა. ტანსაცმელი, რითიც პრეზენტაციაზე იყო, იატაკზე ეყარა. პიჯაკის ჯიბეები მოქექა. ჰალსტუხი ჯიბეებში არ იყო.
გადაწყვიტა, სამსახურში მაინც  წასულიყო. სხვა გზა არ ჰქონდა. თუ დრიკსოლის სიტყვები არ მოლანდებია, იქნებ დილისთვის მის ბოსს სიბრაზე ცოტათი მაინც ჰქონოდა განელებული.
  ჯერ დილის რვა საათიც არ იყო. ელვის სისწრაფით ჩაიცვა  და გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ლარას დალაპარაკებოდა. ახსოვდა, რომ წუხელ ნახა. სავარაუდოდ, ცოლმა ჩვეულებისამებრ სკანდალი მოუწყო. მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ მასთან სამსახურიდან გამოგდების შესახებ არაფერი წამოსცდენია. გონებას გამეტებით ატანდა ძალას, მაგრამ რეალობა სიზმრისგან მაინც ვერ გამოარჩია. აბაზანის გავლით ცოლის საძინებელში გავიდა. ლოგინი არეული იყო, მაგრამ ცარიელი.
  ლარა არც სამზარეულოში იყო. ანერვიულდა.  გული რაღაც ცუდს  უგრძნობდა. ნუთუ ჩხუბი ისეთი „ცხელი“ გამოუვიდათ, რომ  ქალი  სახლიდან წავიდა... ყავა მადუღარაში ჩაყარა და ჩართო. მაღალი ჭიქა ცივი ფორთოხლის წვენით აავსო და დალია. სახლში უჩვეულო სიჩუმე იყო. არ ესიამოვნა. რაღაც ავბედითი განცდა გაუჩნდა. ჭიქა ხელმეორედ შეავსო წვენით. ნახევარი დალია და სასტუმრო ოთახისკენ გაემართა.
ოთახის ზღურბლთან მისულმა პირველად ჰალსტუხი დაინახა.  ფერზე იცნო. ჭიქით ხელში იდგა და ჰალსტუხს უყურებდა. ნაბიჯის წინ გადადგმის ეშინოდა. ჰალსტუხი ძალიან აკურატულად იყო განასკვული. ზუსტად მარყუჟის ზევით, დივანის სახელურზე კი ლარას „გაყინული“ სახე იყო მისვენებული. ქალის კანის ფერს უკვე სილურჯე შეპარვოდა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3