№49 რა ზიანი მიაყენა ლავრენტი ბერიამ მსოფლიო მასონებს
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ლავრენტი ბერიას პიროვნების მრავალწახნაგოვნებაზე ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი იწერება და ჩვენც ამ არაორდინარული პიროვნების შესახებ ახალ-ახალ დეტალებს ვიგებთ. ასევე მრავალფეროვანია შეფასებები, თუმცა ერთი აშკარაა, რომ ბერია მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟია, რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ძლიერთა ამა ქვეყნისათა გალერეაში... პუბლიცისტი ალექსანდრე ზავიალოვი წერს: „ლავრენტი ბერიას სახელი მსოფლიო ისტორიაში იქნება მანამ, სანამ სამყაროში სახელმწიფოები იარსებებენ. ერთნი, ალბათ, დადებითად შეაფასებენ მის მოღვაწეობას, მეორენი კი – უარყოფითად. თუმცა, ასეთია ისტორიის თავისებურება და მას ვერსად გავექცევით. ისტორიკოსები ვერც იმას აუვლიან გვერდს, რომ ხაზგასმით არ აღნიშნონ ბერიას უდიდესი ზეგავლენა მეოცე საუკუნის ისტორიულ პროცესებზე, რომლებშიც ის (ბერია) ერთ-ერთი „პირველი ვიოლინოს“ როლში მოგვევლინა. მარტო ის რად ღირს, რომ ბერიას ამერიკელებმა დაზვერვის გენია უწოდეს და „ცეერუს“ შეფი ალენ დალესი ხმამაღლა აღიარებდა – ბერიასთან პაექრობა პირწმინდად წავაგეთო. და, ეს არცაა გასაკვირი, რადგან ბერიამ შექმნა და პირადად აკონტროლებდა მსოფლიოს საუკეთესო სტრატეგიულ დაზვერვას. ეს უწყება თავის შეფს უტყუარ და ცინცხალ ინფორმაციებს აწვდიდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და რა თქმა უნდა, საბჭოთა საგარეო პოლიტიკაც სწორედ მათ ეყრდნობოდა. ბერიას მიერ ჩატარებული საიდუმლო სპეცოპერაციები კი მსოფლიო სპეცსამსახურების სასწავლო ქრესტომათიაშია შეტანილი და მათზე თაობებია აღზრდილი.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გავრცელებული ჭორები, რომ თითქოს, საბჭოთა დაზვერვაში ყველაფერი რიგზე არ იყო, იქაურობა ინტრიგების ბუდედ ჩამოყალიბდა და მთავარი ინტრიგანი თავად ბერია გახლდათ, მტკნარი სიცრუეა! პირიქით, ჩვენი უწყება იყო ერთიანი, ცოცხალი, ქმედითუნარიანი კოლექტივი, რომელიც (მე არ შემეშინდება ამის განცხადება) აზანზარებდა მთელ მსოფლიოს. ვინ, თუ არა ჩვენ, რა თქმა უნდა, ბერიას წინამძღოლობით, ხერხემალში გადავტეხეთ მასონები, როდესაც ისინი ჩვენს ქვეყანაში ლეგალიზებას ცდილობდნენ...“
მასონების ხერხემალში გადატეხვაში გენერალი პავლე სუდოპლატოვი გულისხმობს ბერიას მიერ ჩატარებულ ერთ საიდუმლო სპეცოპერაციას, რომელიც ძალიან მაღალ საერთაშორისო-პოლიტიკურ დონეზე გათამაშდა. ყველაფერი სტალინთან დეტალურად იყო შეთანხმებული და სწორედ ისე დასრულდა, როგორც დაიგეგმა. სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერდა: „მეორე მსოფლიო ომი რომ დასრულდა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში თბილი და ახლომეგობრული ურთიერთობებიც კი იყო შენარჩუნებული მოკავშირეებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან. პრემიერი ეტლი და პრეზიდენტი ტრუმენი, თუ შეიძლება ითქვას, გუნდრუკს უკმევდნენ სტალინს. საბჭოთა ბელადის მიმართ დიდებულ ეპითეტებს არ იშურებდნენ და მათი, ისევე როგორც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების პრესა, სავსე იყო სტალინისა და საბჭოთა ქვეყნის მაქებარი პუბლიკაციებით. მიუხედავად ამისა, სტალინს ბოლომდე არ სჯეროდა დასავლეთის სიკეთის და ამაში პირდაპირ შეთქმულებას თუ არა, რაღაცის გამორჩენის სურვილს ხედავდა. ბელადის ეჭვებს აძლიერებდა საბჭოთა დაზვერვის მიერ მოწოდებული ინფორმაციები. მათში ეწერა, რომ დასავლეთის ნახევრად ლეგალური და საიდუმლო წრეები, რომლებსაც დიდი ფინანსურ-პოლიტიკური გავლენა ჰქონდათ მსოფლიოში, თავიანთი ძალაუფლების გაფართოებასა და საბჭოთა კავშირში მყარად დამკვიდრებას ცდილობდნენ. საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვისგან ერთ-ერთ პირად საუბარში შევიტყვე, თუ როგორ უთქვამს გაღიზიანებულ სტალინს ბერიასთვის: ლავრენტი, მასონები ჩვენს ქვეყანაში შემოჭრასა და დამკვიდრებას აპირებენ, შენ კი არაფერს აკეთებ ამის აღსაკვეთადო. ბერიას უპასუხია: არა, ამხანაგო სტალინ, ისინი ჩვენი კონტროლის ქვეშ არიან და გამალებით ვმუშაობთ ადგილობრივების გამოვლენასა და მათთვის კუთვნილი ადგილის მიჩენაზეო...“
როგორც ეტყობა (ამაზე მოლოტოვს სიტყვა არსად დაუძრავს), ბერიას უკვე შემუშავებული ჰქონდა მოქმედების გეგმა და სტალინთან შეთანხმებით, ეს ოპერაციაც დაიწყო... პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ჩემთვის ცნობილი ფაქტების ანალიზის შედეგად, მივხვდი, რომ ბერიას ბრძანებით, საერთაშორისო მასონურ წრეებში ჩანერგილმა აგენტებმა ამ წრეების თავკაცები იმაში დაარწმუნეს, რომ „ნაყოფი მომწიფდა“ და დრო იყო, სტალინისთვის შეეპარებინათ, რომ დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინა. ამიტომ, ბრიტანეთის პრემიერისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირადი ნდობით აღჭურვილმა პირებმა საბჭოთა ლიდერს შესთავაზეს, რომ საბჭოთა კავშირი „მსოფლიოს კულტურის განვითარების“ ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო და მოსკოვში ფილიალი გაეხსნათ. ეს, ფაქტობრივად, ერთ-ერთი ძლიერი მასონური ლოჟა იყო და მის ლეგალიზაციას ნიშნავდა. სტალინმა საპასუხო წინადადება წამოაყენა და მათ მოსკოვში ფართო კონფერენციის გამართვა შესთავაზა, თან, ნება დართო, რომ საბჭოთა მხრიდან ის ხალხი მოეწვიათ, ვინც სურდათ. კონფერენცია ორი თვის მერე გაიმართა და მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად, საგანგებოდ შერჩეული საბჭოელებიც მონაწილეობდნენ. ხუთი დღის მერე კი, როდესაც სტუმრები გაემგზავრნენ, ბერიას მითითებით ყველა ის 220 საბჭოთა მოქალაქე დელეგატი დააპატიმრეს და მათი დამუშავება განახორციელეს, ვინც ამ კონფერენციაში მონაწილეობდა. 182-მა დელეგატმა ფარული მასონობა აღიარა და ეს ოპერაცია ტრიუმფით დასრულდა...“
სუდოპლატოვს თუ დავუჯერებთ, საბჭოთა მასონობა, სწორედ, ბერიამ გადატეხა ხერხემალში და მსოფლიო მასონობას დიდი ზიანი მიაყენა. „ბოროტი ენები“ კი იმასაც ამბობენ, რომ ბერიას ვერაგული მკვლელობა, სწორედ მასონური შურისძიება იყოო“.