№49 მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა
„თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივიან“
საბერძნეთში არსებობს პრაქტიკა რომ ყველა მღვდელი არ იღებს აღსარებას, ყველა მღვდელი არ იძლევა სულიერ დარიგებას, არამედ მხოლოდ გამოცდილნი და რომელთაც ეპისკოპოსის კურთხევა აქვთ ამ საქმეზე. ეს ტრადიცია უძველესია და მის გაუთვალისწინებლობას ხშირად გამოუსწორებელი შეცდომები მოჰყვება. არის შემთხვევები, როდესაც ახლად ნაკურთხი მღვდელი გამოცდილებისა და სულიერების გათვალისწინების გარეშე ხდება „მოძღვარი“. ეს წოდება, შეიძლება ითქვას, თავსმოხვეულია, რადგანაც ვადაზე ადრე იწყებს იმის გაკეთებას, რაც არ შეიძლება. ესენია: აღსარების მიღება, სულიერი შვილების ძიება, დამრიგებლური ტონი ყველას მიმართ და სხვა. ცოტა ხნის შემდეგ, იგი უკვე მრევლისთვის „ავტორიტეტია“. ხშირად მისგან ითხოვენ იმას, რის გაკეთებაც მას არ შეუძლია. ეს კი დიდი საცდურია მღვდლისთვის. ასეთი საცდურების გაძლება ყველას როდი შეუძლია. მრევლის ჩამოყალიბებას წინ უნდა უძღოდეს თავად მღვდლის მოძღვრად ჩამოყალიბება. ადრე თუ მოძღვრობას დიდი დრო უნდოდა, ახლა ახლად ნაკურთხ მღვდელს მაშინვე ელოდება ანალოღიასთან დადგომა, ამიტომ იგი დაზღვეული არაა შეცდომებისგან. ცხადია, მხოლოდ მღვდლებზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული მრევლის ჩამოყალიბება, უფრო ცუდი სურათი გვექნებოდა, მაგრამ მრავალმოწყალე ღმერთი კურნავს და გონებას უნათებს შეცდომილ მრევლს, თუ გამოუცდელ მოძღვარს. მისი მადლი „გადაწონის ჩვენს შეცდომებს და ელოდება ჩვენს სინანულს“.
მოძღვარს ევალება სულიერი შვილების ავადმყოფობის გამოვლენა, რაც ძალზე ძნელია. ზოგიერთ სულიერ შვილს არ უნდა, მოძღვარს თავისი მანკიერება დაანახვოს (რას იფიქრებს მოძღვარი), რადგან წარმოდგენა არა აქვს იმაზე, რომ მძიმე ცოდვებში არიან. ასეთი ქრისტიანები თავიანთ სიზარმაცეს მაღალფარდოვანი სიტყვებით „მე, უღირსი მონა ღვთისა“, „უცოდვილესი და ნაგავი ვარ“, ნიღბავენ და უფრო ღრმად იდგამს მათში ამპარტავნება. იმის ნაცვლად, რომ ებრძოლონ ვნებებს, მალავენ მათ, იმის ნაცვლად, რომ ემსახურონ მოყვასს, მოძღვრის წინაშე თავს იმართლებენ და უარს ამბობენ ჯვრის ტვირთვაზე. ნაცვლად თავმდაბლობისა, ცრუ სიმართლით ინიღბებიან და საქმის ნაცვლად მხოლოდ ლაპარაკი ახასიათებთ, „სიმდაბლის“ შესაბამისი პოზა, ინტონაცია და შესამოსელიც კი შერჩეული აქვთ. ასეთი ადამიანები თითქოს მოძღვრის ერთგულები არიან, მაგრამ უგნურ ბრბოს უფრო ემსგავსებიან, რადგან მზად არიან, მოძღვრის უღირსი ნაბიჯიც გაამართლონ. ასეთი ადამიანები ავტორიტეტებს ეძებენ, ზოგი ამას მღვდლის სახით პოულობს, რომლის სიტყვა კანონია.
რა თქმა უნდა, ყველა მორწმუნე ერთნაირი არაა, ყველას სხვადასხვა სულიერი სიმაღლე აქვს. ზოგი გულახდილია და ენდობა მოძღვარს, ზოგიც მხოლოდ აღსარებით შემოიფარგლება და მათ შორის თითქოს გაუცხოება იგრძნობა. მოძღვარიც ყველას ერთნაირად ვერ გადასცემს ღვთის სიტყვას, არსებობს განსაზღვრული წინაღობები, რომელსაც საიდუმლო დავარქვათ, მაგრამ თუ მორწმუნე მთელი გულით მოინდომებს სულიერ ხელმძღვანელობას, ღმერთი მას აუცილებლად გამოუჩენს. თუ მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობას ქრისტეს სიყვარული არ აერთიანებს, ის მალევე შეიძლება დაიშალოს, ხოლო თუ ხანგრძლივად გაგრძელდა, სიკეთეს ვერც ერთს ვერ მოუტანს. ცუდია ის, როცა მრევლი თავიანთ მოძღვრებს ერთმანეთს უპირისპირებს, რომ ზოგი აპოლოსია, ზოგი კიფასი, ზოგიც პავლესი, უფრო სამწუხაროა, როცა თვითონ მღვდლები არ ცდილობენ ამ პრობლემის აღკვეთას.