№49 რატომ ხდებიან ადამიანები მარხვაში ფარისევლები და რატომ ითხოვენ ისინი მოძღვრებისგან მკაცრი წესების დაწესებას
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო, რომლითაც მართლმადიდებელი ქრისტიანები მაცხოვრის შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. რა უნდა გავითვალისწინოთ შობის მარხვაში, როგორ უნდა გავატაროთ ეს 40 დღე სწორად, ამ ყველაფერის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ბერ გაბრიელს ერთმა ახალგაზრდა ბერმა ჰკითხრა: რა არის მარხვაო. ბერმა გაბრიელმა კი მას შეახსენა ახალგაზრობაში ჩადენილი ცოდვები. დაღონდა ბერი. გარკვეული დროის შემდეგ კი მას ბერმა გაბრიელმა უთხრა: მოდი, ახლა ვიტრაპეზოთო. არ მაქვს სურვილიო. ჰოდა, აი, ეს არის მარხვაო, – უთხრა მამა გაბრიელმა. როცა შენი ცოდვები მადას გიკარგავს და აღარ გინდა, ხორციელად ბევრი საკვები მიიღო. ერთმა მამამ შვილი სიკვდილის წინ დაიბარა და უთხრა: მე რომ გარდავიცვლები, მეორმოცე დღემდე ყოველდღე შემოდი ჩემს ოთახში 15 წუთით. უბრალოდ, შემოდი და დაფიქრდი შენს ცხოვრებაზეო. შვილმა შეასრულა მამის თხოვნა და მეორმოცე დღეს გაუჩნდა სურვილი: აღსარების თქმის, ზიარების, ეკლესიაში სიარულის. დღეს ცხოვრება ისეთი აჩქარებულია, დიდებიც და პატარებიც ისეთი დატვირთულები ვართ, რომ დრო არ გვრჩება საკუთარ თავზე, ცოდვებზე ვიფიქროთ.
– რაზე უნდა ვიფიქროთ მარხვაში განსაკუთრებულად?
– მარხვაში ყველაზე მეტად უნდა ვიფიქროთ იმაზე: ვინმეს ან რამეს ხომ არ ვჭირდებით. აქ საუბარია როგორც ადამიანებზე, ასევე ცხოველებზე. მარხვაში მაინც ვიფიქროთ, როგორი ქრისტიანები ვართ, ვის ვჭირდებით. მარხვაში უფრო მეტად ვხდებით ფარისევლები. გვინდა, საკუთარ თავს მკაცრი წესები დავუწესოთ: ეს ჭამე – ის არ ჭამო, ეს გააკეთე – ის არ გააკეთო, ლოცვაზე არ ვიყავი და რა წავიკითხო, მანქანა უკნიდან დამეჯახა – რომელი ფსალმუნი წავიკითხო და ასე შემდეგ. ეს არის სუფთა ფარისევლობა. ადამიანი წყნარდება, როცა მოძღვარი მკაცრად ეუბნება: ესა და ეს გააკეთე, აქედან აქ წადიო. ასრულებს ამ ყველაფერს და ფარისეველივით კმაყოფილია. არავის არავინ არაფერს გაძალებთ და გავალებთ. საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე იფიქრეთ. ჩვენი მოსახლეობის 10 პროცენტი დადის ეკლესიაში. ვინც მონათლულები არიან და ეკლესიაში არ დადიან, არ ჰქვიათ ქრისტიანები და მათზე ისეთი მადლი არ გადმოდის, როგორც იმ ადამიანებზე, რომლებიც ეკლესიურად ცხოვრობენ. ადამიანი, რომელიც ლიტურგიას არ ესწრება, არ იცის, რა არის აღსარება, ზიარება, ის არ შეიძლება ქრისტიანი იყოს. იმ ადამიანებს კი, რომლებიც ყოველ კვირას ეზიარებიან, მინდა, შევახსენო, რომ ეცადონ, მათთვის ზიარება არ გაუბრალოვდეს. ზიარება, ეს არის წამალი, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ მარადისობაში გადავიდეთ. შეიძლება, ყოველ კვირა ეზიარებოდე, მაგრამ ზიარების არაფერი გესმოდეს, სინდისიც არ გაწუხებდეს, მიჩვეული იყო და ფარისეველივით ეზიარებოდე. პავლე მოციქული ამბობს: ზოგიერთი თქვენგანი დასნეულდა და მოკვდა, როცა არასწორად ეზიარებოდაო. ზიარების წინ თქვენი სინდისი შეამოწმეთ. მარხვაში ხშირად ეზიარეთ, მაგრამ ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ბევრ რამეს უნდა დაუფიქრდეთ. უფალთან მიმყვანებელი სამი გზა არსებობს.
– რომელია ისინი?
– პირველი ეს არის გონებითობა. ადამიანი გონიერი არსებაა, საზოგადოებრივი, ეთიკური, ჰომორელიგიოსი. პირველი შემეცნება ადამიანს გონებით მოეთხოვება. ახალი აღთქმა გვეუბნება: თუ შეიცნობ შენს თავს, მიხვდები, რომ შენ არ ხარ ცხოველი, ადამიანი ხარ, ვერტიკალური არსება და მიწას კი არ უნდა უყურებდე, არამედ ზეცას. მადლობა უნდა უთხრა ღმერთს იმისთვის, რომ ადამიანად მოგავლინა. უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ გარკვეულ კანონზომიერებას არ უნდა ვექვემდებარებოდეთ. შენ რომ ადამიანი ხარ, ვიღაცის მსგავსი ხარ, ვიღაცას უნდა მიბაძო, სწორება უნდა გქონდეს ვისზე? ვისზე და ღმერთზე, რომელიც სრულყოფილია. მეორე გზა, რომელიც ღმერთთან მიგვიყვანს, ეს არის სილამაზის შეცნობა. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: მისი უხილავი მარადიული ძალა ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. მზეში, მთვარეში, ვარსკვლავებში, მიწაში შეიცნობაო. დილა რომ გათენდება, მადლობა უნდა შესწიროთ ღმერთს, მიუხედავად იმისა, როგორ მდგომარეობაში ხართ. ღმერთი არ დაუშვებს ისეთ განსაცდელს, როგორსაც ვერ გადავიტანთ. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. ნუღარ წუწუნებთ თქვენს ეკლესიაზე, პატრიარქზე. ეს განსაცდელები იმიტომ დაუშვა ღმერთმა, რომ ჩვენი პატრიარქი, ეკლესია გაუძლებს ამას.
– მამაო, რომელია მესამე გზა?
– ეს არის განსაცდელებით მისვლა უფალთან. შვილის გარდაცვალების შემდეგ რომ მივლენ უფალთან. რომ გაიგებენ, ავად არიან, სიმსივნე აქვთ ან საპყრობილეში რომ აღმოჩნდებიან, მერე პოულობენ ღმერთს. პირველი და მეორე გზა რომ გამოვტოვეთ, მერე ავირჩიეთ მესამე გზა. სამწუხაროდ, დღეს უმრავლესობა სწორედ მესამე გზას ვირჩევთ. რატომ გვეზარება შემეცნება, რატომ ვერ ვხედავთ, როგორც ესაია ამბობს: თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და ვერ ისმენენო. მესამე გზა არ გვინდა, პირველი და მეორე ავირჩიოთ. ვიფიქროთ: ვის ვჭირდებით, რას ვჭირდებით, როგორ ვლოცულობთ, რას ვკითხულობთ, სად მივდივართ, რაზე ვფიქრობთ, ვაზროვნებთ და რა გაგვიკეთებია ამ ცხოვრებაში. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და მარხვა სწორედ ამისთვის არის კარგი პერიოდი. მე მარხვა უნდა დავიცვა და შემდეგ მარხვამ უნდა დამიცვას ვნებებისგან, ცოდვებისგან. აღარ უნდა დაბრკოლდეთ იმაზე, პირველ იანვარს საცივი ვჭამოთ თუ სხვა რამ. დროა, გავიზარდოთ და მუცელს ნუ მივაშტერდებით. იოანე ოქროპირი ამბობს: სარკეში, რომ ვიხედებით, ჯერ თავს ვხედავთ თუ მუცელსო. ჯერ ხომ თავია და შემდეგ მუცელი, ამიტომ თავმა ხომ უნდა მართოს მუცელი, ფეხები, ყურები და თვალები. თუმცა იოანე სინელი ამბობს: ჯერ არ მინახავს ადამიანი, მუცელი რომ დაემორჩილებინოსო. რთულია, მაგრამ უნდა შევძლოთ.