№49 ხატმებრძოლობა სეკულარულად…
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ვინ და რამდენს?!
მაშინ, როდესაც სრულიად ქართველი საზოგადოება იმითაა გართული, ზოგი აქეთა, ზოგიც იქითა მხრიდან, ორი ყვავიდან მაინც რომელია უფრო შავი (ანუ ძველი 9-წლიანები ჯობიან თუ არა ბოლო 7-წლიანებს, არადა, თუ ფერი მაინც მუქია, ერთის მეორით შეცვლას არევ-დარევა რატომ უნდა მოჰყვეს?!), შესაძლოა, იმიტომაც, რომ ქვეყანა ინგრეოდა, ტურა ქორწილს შვებოდაო, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მორიგი ინიციატივა გამოაცხო, კერძოდ, კონკორდატის გაუქმება მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ კონკორდატი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს გულისხმობს და ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ევროპული გამოცდილებაა: უპირატესობის მინიჭება იმ ეკლესიისთვის, რომელსაც წვლილი მიუძღვის იმ სახელმწიფოს გადარჩენა-განვითარებისთვის.
ამის მიუხედავადაც, რაკი „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო კამპანიები ისედაც ეკლესიის ლანძღვაზეა აგებული (მაგალითად, ბოლო არჩევნების წინ მთელი უფასო საეთერო დრო საქართველოს ეკლესიის ლანძღვას მოახმარეს „რესპუბლიკელებმა“), ამ ინიციატივაში უცნაური არაფერია. ან კი რატომ უნდა იყოს? ბოლოს და ბოლოს, ადამიანის არჩევანიცაა, ვისი შთამომავლობა ურჩევნია ღვთის თუ მაიმუნის?!
მათი განმარტებით, „საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთობამ მიიღო უკანონო და საშიში სახე“, ამიტომაც განგაშის ზარებს არისხებენ: „ფერხდება უფრო დიდი რამ – სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება, ილახება კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები. 21-ე საუკუნეში თანასწორობისთვის ბრძოლა სიცოცხლისთვის ბრძოლის ტოლფასი გახდა“. და თუმცა თითქოს ერსა და ბერზე მზრუნველ მოტივს ასახელებენ: „ჩვენი მიზანია, განთავისუფლდეს ეკლესია სახელისუფლებო ჩარევისაგან და იყოს სრულიად დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, ისევე როგორც ეკლესიამ ვერ შეძლოს ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება და პოლიტიკური აქტივობა“, ამბავი ხატმებრძოლობას წააგავს.
ოღონდ არც ესაა მთავარი: როდესაც პოლიტიკურმა პარტიამ იცის, რომ ეს მისი ინიციატივა არაპოპულარულია მოსახლეობის, ანუ ამომრჩევლისთვის, არადა აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმის მსურველია (ამიტომაც ხან ვის მიეკედლება და ხან – ვის, მათ, ვისაც კი იმ მომენტში გახელისუფლების შანსი აქვს) და მაინც იმას ამბობს, რაც მათ ისედაც ტრადიციულად დაბალ რეიტინგს ვერ გააუმჯობესებს, ცხადია, იბადება კითხვა – რატომ და ეჭვი – ვინ და რამდენს იხდის?!