№48 ლაშა ონიანი: შიში ვისაც არ აქვს, ის ვერ აზროვნებს
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: ლაშა.
გვარი: ონიანი.
პროფესია: რეჟისორი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– საქართველოში ყველაზე პატარა ბავშვი ვიყავი, რომელიც სცენაზე ცეკვავდა. ოთხი-ხუთი წლის ვიქნებოდი, როცა კონკურსზე დამიშვეს და დედას დააწერინეს ხელწერილი, რამე რომ მომხდარიყო, პასუხისმგებელი თავად იქნებოდა. დამიდგეს ცეკვა ხანჯლური და დღემე დავრჩი ერთადერთი, ვინც ხანჯლურს ცეკვავდა. ამ ცეკვას ცირკის ნომრები ახლავს: ხანჯალს ხელის გულზე ატრიალებ, ტუჩებზე ილაგებ... ყოველი სცენაზე გასვლის წინ დიდი ილიკო სუხიშვილი ამოდიოდა და მამოწმებდა, კარგად ვიყავი თუ არა „შეიარაღებული“. დასავლეთ ბერლინში, სადაც მხოლოდ დიპლომატები შედიოდნენ, ჟიული შარტავას მეშვეობით, რამდენიმე ბავშვთან ერთად მეც გამიშვეს. გავხსენით სტუდენტური დღეების ღონისძიება, რომელსაც ჩემი გამოსვლით ვამთავრებდით. ზუსტად მახსოვს, რომ მაყურებელმა 8-ჯერ გამამეორებინა ნომერი. ბოლოს იმდენად დაღლილი ვიყავი, იმის შესაძლებლობაც არ მქონდა, მათთვის თავი დამეკრა.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ჩვენი ოჯახის დიდი მეგობრები იყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ ჩანტლაძე, ეროსი მანჯგალაძე... დედას აქვს შენახული ჩემი პირველი კლასის რვეული, სადაც მიწერია, რომ მსახიობობა ჩემი მომავალი პროფესია იქნებოდა და ისეთი მსახიობი გავხდებოდი, როგორიც ეროსი მანჯგალაძე იყო. პირველივე წელს ჩავაბარე თეატრალურში, მაგრამ ორი წლის შემდეგ საბჭოთა ჯარში მომიწია წასვლა. დაბრუნებული ლილი იოსელიანის ჯგუფში დამსვეს და ასე დავამთავრე. მერე ვიმუშავე პანტონიმის თეატრში....1992 წლიდან წავედი გერმანიაში.
– ადამიანში ვაფასებ...
– სამართლიანობას, რაც გულისხმობს, როგორ და ვისთან ერთად იცხოვრებ. სამართლიანობა გასწავლის კიდევ იმას, რა შექმნა – ვის გამოადგება და რისთვის არის საჭირო. მეორე, რასაც ვაფასებ, არის ნიჭი, რომელიც სწორად არის გამოყენებული. ნიჭიერი ადამიანი ტყუილუბრალოდ არ იბადება. აქ გამოვრიცხავ ბედს, გამართლებას და სხვა რამეს. ვგულისხმობ რეალიზებულ ნიჭს.
– მეშინია...
– არიან უშიშარი ადამიანები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიში არ აქვთ. შიში ვისაც არ აქვს, ის ვერ აზროვნებს. თუ შიში არ გაქვს, უშიშარიც ვერ იქნები. მეშინია მომავლის, რომელიც სწორად არ შეიქმნება. დღევანდელობის არ მეშინია, რადგან დღეს ვარ. არც წარსულის მეშინია, რადგან დღევანდელობამდე მოვედი. აი, არ ვიცი ხვალიდნელი დღე, რა იქნება და ეგ მაშინებს.
– მაღიზიანებს...
– ძალიან მაღიზიანებს, როცა საქმე კონკრეტული ადამიანის გასაკეთებელი არაა და მაინც ცდილობს მის შესრულებას. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.
– ბედისწერის გჯერათ?
– რეალისტი მართმადიდებელი ვარ. არ ვიჯერებ იმას, რასაც ვერ ვხედავ. ბედიც არსებობს და ბედისწერაც, საერთოდ, ყველაფერი არსებობს, მაგრამ ის, რომ ადამიანის ბედი სადღაც დაწერილია, აი აქ ცოტა რეალიზმში უნდა გადავიდეთ. არაფხიზელ მდგომარეობაში ადამიანი რომ „ზებრაზე“ დამეჯახოს, ეს რატომ მეწერაო, არ მესმის. როცა მსგავს დასკვნებს ვაკეთებთ, გადავდივართ რეალიზმში. სადღაც ქუჩის ძაღლიც დარბის, მაგრამ ის არავის გამოგზავნილი არაა. ბედისწერა არსებობს, მაგრამ ის არის შენი შინაგანი დამოკიდებულება და არა რაღაც დაწერილი, რომელსაც შეუძლია გმართოს.
– სიზმრების გჯერათ?
– სიზმარი არის დაგროვებული ემოციების გამოხატულება. ეს ემოციები გრჩება გონებაში და სიზმრად გარდაიქმნება. როცა ვამბობთ, სიზმარი ხდებაო, გამოდის, რომ შინაგანად იმ გზასთან ახლოს ხარ, რასაც უნდა დადგომოდი, ანუ ეს არსებობდა შენს გეგმებში და უნდა მომხდარიყო. ეს წინათგრძნობასთანაც არის დაკავშირებული, ოღონდ ცრურწმენას გამორიცხავს. სიზმარი ემოციების ძალაა, მეტი არაფერი.
– მწამს...
– ღმერთის მწამს, მაგრამ ეს ღმერთი არის ის გონება და ძალა, რომელიც გვაცხოვრებს. მთლიანობაში რომ ავიღოთ, ადამიანი იმედით ცხოვრობს. იმედის გარეშე, ალბათ, უაზრობა იქნებოდა ყველაფერი. შესაბამისად, მეც იმედის მწამს.
– რა არის ცოდვა?
– როცა ცუდს ფიქრობ, კარგი არასოდეს გამოგივა. ცოდვა არის ის, რაც ყველაფერს აზიანებს, აქ შეიძლება, ადამიანიც მოიაზრებოდეს, რადგან გამკეთებელი და შემქმნელი თავად ადამიანია. ადამიანზე ბოროტი არ გაჩენილა დედამიწაზე. ის ცუდი რეზულტატი, რაც მასში დევს, ყოველთვის იჩენს თავს.
– შეგშურებიათ?
– კი, შემშურებია. ოღონდ ბოროტი შურით ნამდვილად არა, რადგან ამის დრო არ მქონია. ჩემი თავის შესაშური მაქვს, რადგან მოუცლელობის გამო ისეთ რაღაცებზე ვთქვი უარი, რაც არასოდეს აღარ მომიბრუნდება უკან. მშურს, როცა მათ ვიღაც ფლობს, რადგან ამისთვის იმ კონკრეტულმა ადამიანმა მოიცალა.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– დიდი ბოროტება გაუკეთებიათ ჩემთვის, ამაზე დღემდე არ მეცინება. ორნაირი მგონია თავდახრილი სიარული: ერთი, როცა მორდებული ადამიანი ხარ და მეორე – თავი არ გაქვს ასაწევი. მიმიყვანეს ერთ-ერთ ანსამბლში, სადაც ანსამბლის წევრებს დიდად არ მოვწონდი ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე – ვიყავი სოლისტი და არ ვიყავი ანსამბლურ რეპეტიციებში ჩართული. ერთ დღეს ანსამბლს გენერალური რეპეტიცია ჰქონდა და ჩემი გამოსვლის ჯერი მოვიდა. მოკლედ, სცენაზე გავედი და მესამე სვლაზე დამიდეს ფეხი. ამ დროს წელზე მთლიანად ხანჯლები მქონდა შემორტყმული. ერთადერთი, რამაც გადამარჩინა ის იყო, რომ ვერაფრის გაკეთება მოვასწარი, ისე დავეცი მუცლით. მე რომ ინსტინქტურად, თუნდაც, ფეხი ოდნავ ამეწია ჩვეულებრივად ავიჩეხებოდი. აი, ამაზე ძალიან ცუდად გავეცი პასუხი – ის ადამიანი სერიოზულად დავაზიანე.
– სიყვარული – ეს არის?
– ამოუცნობი გრძნობაა. ჩვენ ვერ ვიტყვით, როგორ გვიყვარს დედა, საყვარელი ქალი და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ არის ამოუცნობი. გრძნობა არსებობს, მაგრამ ამ გრძნობის ახსნა – არა.
– როგორია თქვენთვის იდეალური ქალი?
– ქალის იდეალურობა მარტო ლამაზი თვალ-წარბი არაა, უფრო მისი საქციელია, როგორ ასრულებს ის თავისი ცხოვრების დავალებას. ეს მიანიშნებს მის იდეალურობაზე. მარტო სილამაზე არაფერში წერია. თუმცა, იდეალური არავინაა. არსებობენ თავისი საქმის კარგად შემსრულებელი ადამიანები და მორჩა.
– ქალს ალამაზებს...
– ფონი – მისი გარემო, ვინ ან რა არის, ის არეალი, სადაც თავად იმყოფება.
– სიგიჟე, რომელიც სიყვარულის გამო ჩაგიდენიათ...
– ჩემს მეუღლეს ჰყავს შვილი, რომელიც 7 წლიდან მე გავზადრე და დღეს უკვე 29 წლისაა. არის მომენტები, როცა ქართველობიდან გამომდინარე, რაღაცების მტკიცება გიწევს. ამიტომ მთელი ჩემი ცხოვრება და სიყვარული სიგიჟეა. სიყვარულს ხომ ახსნა არ აქვს და შესაბამისად, მის ირგვლივ არსებული ისტორიები არის სიგიჟე.
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებლია?
– ბედნიერება არის, როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და მას ავსებს თუ ახლავს ქალი, მეგობარი... მარტო ქალის გვერდით ყოფნა არაა საკმარისი ბედნიერებისთვის, რადგან ბედნიერება ცოტა ხანგრძლივი რამეა. წამიერი ბედნიერება უფრო სიხარულია. კაცს ქალი კი არ აბედნიერებს, არამედ ქალი მისი ბედნიერების ერთ-ერთი შემავსებელი ძალაა.
– კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ?
– არა, პირიქით – კაცებს მოსწონთ კიდეც ძლიერი ქალები. არ მიყვარს ვაჟკაცი ქალები. მე უფრო სპეტაკი, პრინციპული, მიზანდასახული, თანადგომის გამწევი ქალები მეძლიერება.
– ბილწსიტყვაობთ?
– საერთო ჯამში, არ ვარ ბილწსიტყვიანი, მაგრამ კაცი ვარ და სხვანაირად არ გამოდის ხოლმე.
– რას ემტერებით?
– უგუნურებას. ალბათ, ამას გოიმობა უფრო ჰქვია, შესაბამისად, სიგოიმეს ვემტერები.
– რისი გრცხვენიათ?
– ტყუილის. სირცხვილად მიმაჩნია, როცა ადამიანს ატყუებ. აქ არ ვგულისხმობ კეთილ ტყუილს. ტყუილი ლამაზია, როცა ადამიანს ბოროტებას აცდენს.
– რა გაკომპლექსებთ?
– თითქმის ნახევარი დედამიწა მოვიარე, მაგრამ უამრავ რაღაცაში თავშეკავებული ვარ. ეს მომდევს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვარ ნამდვილად ქართველი, მშობლებით – სვანი, წმინდა სისხლის კავკასიელი. რაღაც ჩარჩოებში ვზივარ. აი, ეს ჩარჩოები მგონი, ჩემი კომპლექსია.
– რისკიანი ხართ?
– კი, ძალიან ბევრი რამე გამირისკავს ჩემს სფეროში. რისკი არის ის, მერე რითიც ცხოვრობ. თუ არ რისკავ, მერე არავინ ხარ, ანუ ტყუილუბრალოდ ისწავლე და დრო დახარჯე. ის, რაც ისწავლე, სადღაც ხომ უნდა დადო, აი, შენი „დადებული“ ვიღაცამ გვერდზე რომ არ გადააგდოს, ეს არის ძალიან დიდი რისკი.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– დედამ მითხრა – „არ იყო მოღალატე“.