კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 მგლები 6

ნინო კანდელაკი გოჩა მანველიძე

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38-47(986)

  ლუკას კიევში ჩამოსვლამ ერთობ გააოცა ზიბკო. ის რომ გულხელდაკრეფილი არ დაელოდებოდა მოვლენების განვითარებას და დაუყოვნებლივ დაიწყებდა მოქმედებას, თავიდანაც გასაგები იყო. მაგრამ ზიბკო მაინც არ ელოდა, რომ ეს მასთან შეხვედრისთანავე მოხდებოდა. მისი აზრით, ასეთ ვითარებაში ლუკა, უბრალოდ, საავადმყოფოდან გასვლასაც კი ვერ მოახეხებდა. მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა. ერთი დღის განმავლობაში ლუკამ ოდესაში ჩასვლა მოასწრო და ახლა მასთან შესახვედრად კიევში მოფრინავდა. მისი ოდესაში ვიზიტი ყველაზე ძალიან აფიქრებდა ზიბკოს. მას უკვე მოახსენეს, რომ ოდესაში ლუკა თავის ძველ ნაცნობს, კანონიერ ქურდს „სიომას“ შეხვდა. შეხვედრაზე დასასწრებად ხარკოვიდან ახლად მონათლული „ჩუმაც“ ჩავიდა. ამავდროულად კრაკოვიდან უკვალოდ გაქრა ლუკას მარჯვენა ხელი, ჯაბა. მის შესახებ მხოლოდ ერთი რამ იყო ცნობილი. მან უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. შემდეგ კი უკვალოდ გაუჩინარდა და ამჟამად სად იმყოფებოდა, არავინ იცოდა.
  ზიბკოს ვარაუდით, „სიომას“ და ლუკას შეხვედრას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლებოდა, ჰქონოდა - „ბესთან“ დაკავშირებული უთანხმოება. ამას შეხვედრაზე „ჩუმას“ ხარკოვიდან ჩასვლაც ადასტურებდა. მაგრამ „ბესთან“ ურთიერთობის მოგვარება ლუკას შემდეგაც შეეძლო. უფრო მეტიც. ზიბკოს აზრით, მათ განსაკუთრებული არაფერი ჰქონდათ სადავო. მას მოსმენილი ჰქონდა იმ შეხვედრის ჩანაწერი. ლუკამ, უბრალოდ, ქურდების თანდასწრებით დაადასტურა, რომ წოდებაზე უარი თქვა. შემდეგ ცოტა ხანი „ჩუმასა“ და „ობშჩიაკზე“ ისაუბრეს. ამ თემაზე შეკამათდნენ ლუკა და „ბესი“, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი თქმულა.
  ამათსას ვერაფერს გაიგებ, – ზიბკომ ბრაზით გაიქნია თავი, – რამდენიც გინდა უსმინე მათ საუბარს, სწორ აზრს მაინც ვერ გამოიტან. ისინი ხომ სათქმელის ოცდაათ პროცენტზე მეტს არასოდეს ამბობენ. დანარჩენს თანამოსაუბრე, უბრალოდ, თავისით უნდა მიხვდეს. ზოგჯერ მათი ჰო, არას ნიშნავს და ზოგი არა – ჰოს. და ამ დროს ყოველ ჟესტს, მიმიკას, ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მთელ წინადადებას. თითქოს არაფერი მომხდარმა. ერთმა რაღაც თქვა. მეორე გაღიზიანდა. მაგრამ ღრმად აცერთს არ შეუტოპავს. არაფერი... ჩვეულებრივი ადამიანის გაგებით არაფერი, მაგრამ ამ არაფრის გამო, მოგვიანებით ვიღაცას შუბლგახვრეტილს პოულობენ გზისპირა თხრილში. დაწყევლილი საზოგადოებაა, ნაღდი სექტა. გვაბოლებს გეგეშიძე, როდესაც ამბობს, წოდებაზე უარი ვთქვი და ამით ყველაფერი დამთავრდა და დღეიდან მთის ტურიზმით ან კაფეში ნაყინის ჭამით შეივქცევ თავსო. ამ საზოგადოებას უსისხლოდ ვერ დაშორდება...
  კოპაძე... – ზიბკოს სწრაფად გაუელვა გონებაში ცოტა ხნის წინ კიევში, ბუნდოვან ვითარებაში მოკლული კანონიერი ქურდის სახელი. – ის ხომ ქართველი იყო. თანაც, ქურდი. გამორიცხულია, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონოდათ. ეს ქართველები კი თანამემამულეებს ბოლომდე მხარში უდგანან, თანაც, შურისძიება და სისხლის აღებაც ახასიათებთ. გეგეშიძე ქურდის წოდებას გაერიდა. მაგრამ თავის ქართულ ტრადიციებზეც ხომ არ უთქვამს უარი. შესაძლოა, კიევში ამ საქმის გასარკვევად იმყოფებოდა. ნამდვილად ასეა. როგორც ჩანს „ბესს“ რაღაც აკავშირებს მის მკვლელობასთან. მაგრამ ყოველივე ეს გამართლებული იქნებოდა, ახლა მისი ოჯახი კარიბის ზღვის სანაპიროზე რომ ისვენებდეს. ასეთ ვითარებაში კი ნაღდად ვერ მოიცლიდა „ბესთან“ საქმის გასარჩევად ან კიდევ კოპაძეს მკვლელების დევნისთვის. ეს, უბრალოდ, არალოგიკურია... მისი ოჯახი?! – ზიბკო კრაკოვში მომხდარ თავდასხმას მიუბრუნდა, – ეს კი ნამდვილად ჰგავს სიმართლეს. ლოგიკურად, პირველ რიგში, მის ოჯახზე თავდასხმის ორგანიზატორი უნდა მოეძებნა. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, რა შუაშია ოდესა და „სიომა“?..
– ოდესის რეისი ჩამოფრინდა... დავხვდე? – მძღოლის ხმამ ზიბკო ფიქრს მოსწყვიტა.
– არ არის საჭირო. იცის, რომ აქ ველოდები. თავად მოგვძებნის, – უპასუხა მან.
ოციოდ წუთის შემდეგ ლუკამ აეროპორტის შენობიდან გამოაბიჯა. მან ყურადღებით მიმოათვალიერა ავტოსადგომზე მყოფი მანქანები და როგორც კი ზიბკოს „მერსედესი“ შენიშნა, გეზი მისკენ აიღო.
– გამარჯობა, – ლუკა ზიბკოს გვერდით დაეშვა სავარძელზე.
მან უხმოდ დაუქნია თავი და მძღოლს მხარზე ხელის დაკვრით ანიშნა, წავედითო.
მგზავრობა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. როგორც კი მანქანა აეროპორტს გასცდა, ლუკამ მძღოლს შეჩერება უბრძანა.
მძღოლმა მხოლოდ სვლა შეანელა და ზიბკოს გამოხედა, როგორ მოვიქცეო?
– რა მოხდა? – მიუბრუნდა ზიბკო.
– კიევში საქმე არ მაქვს და აქ დიდხანსაც ვერ დავრჩები, – უპასუხა მან, – აქ შენთან სასაუბროდ ჩამოვედი. ვილაპარაკებთ და მაშინვე უკან უნდა გავბრუნდე.
– ესე იგი, კიევში არაფერი გესაქმება? – გაუკვირდა ზიბკოს.
– ადრე სიტყვის გამეორება არ გჭირდებოდა, – დამცინავად მიუგო ლუკამ.
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა ზიბკომ და მძღოლს მანქანის გაჩერება უბრძანა.
მძღოლმა უხმოდ შეასრულა განკარგულება. მანქანა გზიდან გადაიყვანა, შეაჩერა და გარეთ გადავიდა.
– მაშ ასე... გისმენ, –  უთხრა ზიბკომ.
– პირიქით... მე გისმენ, – უპასუხა მან, – ჩვენ შევთახმდით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან ურთიერთობას მოაგვარებდი.
– ამას დრო სჭირდება.
– მიღებაზე ვერ ჩაეწერე? – დამცინავად ისროლა ლუკამ.
ზიბკომ უკმაყოფილოდ გახედა. ის მართლაც შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრს, მაგრამ უშედეგოდ. მინისტრს თავი გამომწვევად ეჭირა. ჩანს, ჯერაც არ განელებოდა მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ შემორჩენილი ბრაზი.
– გეგეშიძის კურიერობაზე გადახვედი? – დამცინავად უთხრა მინისტრმა, როგორც კი ზიბკომ  ლუკაზე საუბრის წამოწყება სცადა.
– ვითარება შეიცვალა. მაშინ გეგეშიძის წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა. ახლა – მაქვს!
– მაინც რა? – ჰკითხა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
– გეგეშიძე მის ოჯახზე მომხდარმა თავდასხმამ შეაშინა...
– თავდასხმამ?! – გაიკვირვა მინისტრმა, – მე არაფერი ვიცი ამის შესახებ!..
კრეტინი!.. მისი აზრით, ამ ჩლუნგი მსახიობობით დამაგოიმებს, – ბრაზით გაიფიქრა ზიბკომ.
– სად... როდის მოხდა თავდასხმა? – ჰკითხა მინისტრმა.
ზიბკომ ორიოდ სიტყვით აღუწერა კრაკოვში მომხდარი თავდასხმის დეტალები. თუმცა, დარწმუნებული იყო, რომ თანამოსაუბრემ მის გარეშეც კარგად იცოდა, რაც  კრაკოვში მოხდა.
– ალბათ, პოლონელებსაც მოაბეზრა თავი? – ირონიით წარმოსთქვა მინისტრმა.
– გეგეშიძეს სხვა მოსაზრება აქვს. ის დარწმუნებულია, რომ თავდასხმა თქვენ გიკავშირდებათ! – ფრთხილად შეაპარა ზიბკომ.
– მეე!.. – ბრაზით წამოიძახა მინისტრმა, – შენ საერთოდ აზრზე ხარ, ვის ელაპარაკები?! შენი აზრით, მე ვიღაც ავღანელები დავიქირავე გეგეშიძის ოჯახის დასაწიოკებლად?!
ზიბკოს ცივი ღიმილი მოერია. თავდასხმის დეტალების მინისტრისთვის გაცნობისას, მას ერთხელაც არ უხსენებია ავღანელები.
მინისტრს არ გამოჰპარვია მისი ღიმილი.
– რა ვთქვი სასაცილო?! – ასე თვლის გეგეშიძე, – სერიოზული გამომეტყველებით განაგრძო ზიბკომ, – და ეს კარგიცაა. მას აღარ სურს დინების წინააღმდეგ ცურვა. თავდასხმამ მისთვის სრულიად გასაგები გახადა, რომ უკრაინაში მისი ადგილი აღარ არის. ის მზადაა, აქაურობას გაეცალოს. მაგრამ გარანტიას ითხოვს, რომ მისი წასვლის შემდეგ „ვერშინას“ არავინ შეეხება.
– რუსულ ანდაზას მაგონებს ეს ყველაფერი, – ცივად ჩაიცინა მინისტრმა, – „ი რიბკუ სიესტ, ი ნა ხუი სესტ“!.. თან საპატიო ყარაულით უნდა გავაცილოთ და მის „მალინასაც“ არ შევეხოთ!..
– მას ასე სურს.
– ადრე თუ გვიან „ვერშინას“ მაინც განადგურება ელის და ეს მთლიანად გეგეშიძის დამსახურებით მოხდება!.. მორჩა... წავიდა მათი დრო... არავითარი პირობები. მისთვის უკეთესი იქნება, თუ საერთოდ აღარასოდეს გადმოკვეთავს უკრაინის საზღვარს!.. აქ კარგი არაფერი ელის!..
– ჩემი აზრით კი, არ ღირს მისი ძველ გზაზე დაბრუნება. დამიჯერე. მას თავად არ სურს ვინმესთან დაპირისპირება. ეს შენს ინტერესებში არ შედის! გაუშვი... წავიდეს... მის გარეშე „ვერშინა“ ერთ ჩვეულებრივ კომპანიად გადაიქცევა. ასეთი ბევრია უკრაინაში. ისინი არავითარ პრობლემებს აღარ შექმნიან. გეგეშიძის პირობა მისაღებია. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მე ველოდი. ის უკრაინას ასე იოლად ვერ დათმობს. თავი გავანებოთ „ვერშინას“. ზაპოროჟიეში მისი ცოლი და მეგობრები არიან დაკრძალულები. ის იქაურობას არ მოეშვება. დარწმუნებული იყავი, რომ ის პერიოდულად მაინც ჩამოვა მათი საფლავების მოსანახულებლად. მაგრამ ამას ვერავინ შეიტყობს.
– ცოლი?! – გახედა მინისტრმა, – მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ!..
– შენ ბევრი რამ არ იცი მის შესახებ... სხვათა შორის, იმ ადამიანებიდან, რომლებიც თავს დაესხნენ მის ოჯახს, ცოცხალი არავინ გადარჩა!.. – არაერთმნიშვნელოვნად წარმოსთქვა ზიბკომ.
– მაშინებ?! – ბრაზი მოერია მინისტრს.
– არა... უბრალოდ, შენზე მეტი მესმის ამ საქმეში. ერთი რამ იცოდე. დღეს თამაში შენს მოედანზე მიმდინარეობს. შენ ჯიუტად ცდილობ ამ უპირატესობის დაკარგვას და თამაშის მის მოედანზე გადატანას. ამ მოედანზე კი გეგეშიძე დაუმარცხებელია. ეს მისი ცხოვრების წესია. მას ვერ შეაშინებ დევნით, ძიებით, მკვლელებით... მისთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. შენ კი... გაიხსენე ვინ იყავი გუშინ...
– საკუთარ წარსულს მიხედე, – შეუღრინა მინისტრმა. მას განსაკუთრებით აღიზიანებდა საკუთარი წასულის შეხსენება.
– არა. სწორედ შენი წარსული უნდა შეგახსენო!.. – იფეთქა ზიბკომ, – მე და გეგეშიძე ერთმანეთს ვგავართ. ჩვენ ერთი მოდგმისანი ვართ. ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს ცხოვრებას და ვინმეზე არ ვართ დამოკიდებული!.. შენ ჩემოდნით შეგიტანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და როგორც ვხედავ, ისე შეეჩვიე ყუთებით ტარებას, რომ ამჯერად გეგეშიძეს კუბოთი გაატანინებ თავს იქიდან!
მინისტრი ბრაზისგან წამოჭარხლდა. შემდეგ კი მაგიდას მუშტი დაჰკრა და პირზე დუჟმორეული აყვირდა:
– გაეთრიე აქედან, შენი დედაც!.. შეგიძლია იმ ავაზაკთან ერთად აიბარგო უკრაინიდან. აქ მაინც აღარ გეცხოვრება. გეგეშიძის შემდეგ, შენი ჯერი დადგება!..
– მართლა ასე უთხარი?! – გაეცინა ლუკას, – მე საქმის მოგვარება გთხოვე. შენ კი ამის მაგივრად, ყველაფერი გააფუჭე!..
– ნაღდად გადავამლაშე. ახლა ვნანობ, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, – ხელი ჩაიქნია ზიბკომ.
– ესე იგი, შეთანხმება ვერ შედგა.
– ჯერჯერობით არაფერი გამოვიდა. მაგრამ უფრო ზევით წავალ. ამ საქმეს მაინც მოვაგვარებ. უბრალოდ, ზედმეტი ხმაური არ მინდოდა. ასეთ წვრილმანებზე საჭირო არ არის მინისტრზე მაღლა მდგომი ხალხის შეწუხება. გავა დრო და ამ წვრილმანში ათმაგ ფასს მომთხოვენ.
– ვიცი, ამაზე საუბარი არ გინდა, მაგრამ რა აზრი აქვს ამას. ორივემ ვიცით, რომ ეს ყველაფერი ტანკმშენებელ ქარხანას უკავშირდება, – განაგრძო ლუკამ.
– ასეა, – დაუდასტურა ზიბკომ.
– კონტრაქტი მაინც აღარ შეიცვლება. რისთვის იბრძვის მინისტრი, – ჰკითხა ლუკამ.
– მიზეზი რამდენიმე აქვს. პირველი და მთავარი. სამომავლო პოზიციებს იმაგრებს. ხვალ იგივეს განმეორებას აღარავინ დაუშვებს. მეორე – ვიღაცასთან მაგრად ჩაიჭრა და ავტორიტეტის აღდგენაც სურს და მესამე, – ამოიოხრა ზიბკომ, – ძალიან ძნელია გოიმთან ურთიერთობა. წარმოიდგინე პიროვნება, რომელსაც მთელი ცხოვრება კეფაში ურტყამდნენ. დღეს ის მინისტრია. შანსი მიეცა, წამოანთხიოს დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებული ბოღმა და პორველივე ასეთი მცდელობის შემდეგ მწარე პანღური მიიღო. დღეს ის შენში ხედავს ყველა იმას, ვინც თავის დროზე კეფაში ურახუნებდა. ის, უბრალოდ, შურს იძიებს და ჩვენდა სამწუხაროდ, მისი შურისძიების ობიექტი შენ ხარ. ასეთ გოიმს მხოლოდ შიში თუ შეაჩერებს. მაგრამ ეს, პირველ რიგში, შენთვისაა არასასურველი. ამას კარგი არაფერი მოჰყვება.
– ჩვენც ისე მოვიქცეთ, რომ არავინ დაზარალდეს.
– მგლებიც გადარჩნენ და ცხვრებიც?! – გაეღიმა ზიბკოს, – ასეთი რამ ზღაპრებშიც არ ხდება.
– ცხვრები არ მადარდებს. გადარჩენილებს შორის მარტო მგლები ვიგულისხმე!.. – ლუკა წამით ჩაფიქრდა და შემდეგ ჰკითხა, – სოკოლოვის შესახებ რა იცი?
– სოკოლოვის? – ჩაფიქრდა ზიბკო, – ასეთს არავის ვიცნობ.
– ყველაფრის მცოდნე შენც არ ხარ. სამაგიეროდ, მინისტრი იცნობს. თანაც ძალიან კარგად, – ლუკამ ჯიბიდან „ფლეშკა“ ამოიღო, – ამის შიგთავსი მინისტრმა უნდა ნახოს. მხოლოდ ეს მე არ უნდა მიკავშირდებოდეს და უფრო მეტიც, ამის შესახებ არავინ უნდა შეიტყოს.. ეტყვი, რომ ეს ჩანაწერი შენი არხებით მიიღე.
– რაზეა საუბარი? – ზიბკომ ინტერესით შეათვალიერა მოწყობილობა.
– მინისტრს ძალიან დააინტერესებს ეს ჩანაწერი. ეტყვი, რომ მისი და სოკოლოვის შეხვედრის ჩანაწერზე გსურს საუბარი. დარწმუნებული იყავი, მისი პოზიცია უმალ შეიცვლება. შეხვედრის ადგილი წინასწარ შეათანხმე. წყნარი ადგილი შეარჩიე.
– რისთვისაა საჭირო ასეთი კონსპირაცია? – გაუკვირდა ზიბკოს.
– ალბათ, საჭიროა... ჩანაწერის მინისტრის გარეშე ნახვაზე არც კი იფიქრო. „ფლეშკა“ დაპროგრამებულია. პროგრამა პირველი ნახვისთანავე წაშლის ჩანაწერს. ჩანაწერი სრულიად არ დაიკარგება. დედანი მე მაქვს. მაგრამ მე და შენ ნაღდად გაგვიფუჭდება ურთიერთობა!.. – გააფრთხილა ლუკამ.
– ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება, – ჩაფიქრებული მზერა ესროლა ზიბკომ.
– არაფერია უცნაური. უჩვენე ჩანაწერი მინისტრს და შემდეგ ისევ გაუმეორე ჩემი მოთხოვნა!.. – უთხრა ლუკამ და „ფლეშკა“ ხელში ჩაუდო.           
(მეექვსე ნაწილის დასასრული. მეშვიდე ნაწილს შემოგთავაზებთ უახლოეს მომავალში)

tbiliselebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოსურათების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაბეჭდვა რედაქციასთან შეთანხმების გარეშე, ისჯება კანონით.
скачать dle 11.3