№48 ცოლებისგან მიტოვებულის აღსარება
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #43-47(986)
მაშინვე მივხვდი, რომ ტყუოდა, მაგრამ მაინც ისე გავბრაზდი, თითქოს კაცთან წავასწარი.
– მაინც, რაში მდებ ბრალს, რა შემეშალა, რა არ გავაკეთე შენი მოსაწონი? რით ვერ დავაკმაყოფილე შენი ქალური პატივმოყვარეობა ან რა დავაკელი შენს შვილს (აქ ისევ სისულელე წამოვაყრანტალე, მაგრამ ისევ გვიან იყო თითზე კბენა)? – ვიყვირე მთელი ხმით.
– აი, სწორედ ეგ არის შენი მამობა! მაშ, ჩემი შვილი, არა?! ბავშვის გაჩენის წუთიდან ამ განწყობით რომ ხარ, ეგ არის შენი კარგი მამობა?!
– იცი, რას გეტყვი? სიტყვაზე ნუ მეკიდები! პირდაპირ მითხარი, რაში მდებ ბრალს, როგორც ქმარს? – ისე გამომივიდა, რომ უვარგის მამობაზე დავთანხმდი.
– ჩამოგითვალო? – ირონიული ღიმილი დაეფინა თეას სახეზე.
– ჩამომითვალე!
– სულ თავიდან?
– რომელ „სულ თავიდან“?
– პირველი პაემნიდან.
– აუ, შენ, თურმე, რამდენი ხანია, ბოღმებს აგროვებ!
– ბოღმებს არ ვაგროვებ, უბრალოდ, კარგი მეხსიერება მაქვს.
– ჩემი ყველა შეცდომა გახსოვს? კარგი კოლექცია გქონია! – დავცინე, – ორიგინალური ჰობია ქმრის შეცდომების შეგროვება საკუთარი შეცდომების არდანახვის ფონზე.
– დავიწყებას არ მაცლიდი, ყოველ შეხვედრაზე ან დარეკვაზე ძველზე ახალს ამატებდი!
– უფრო კონკრეტულად, თუ შეიძლება! მინდა შემდეგი ჯერისთვის გავითვალისწინო და იგივე შეცდომები აღარ გავიმეორო, რომ მომდევნო ცოლი მაინც არ გავაწბილო, – თეას გასამწარებლად მაქსიმალურად ჩავაქსოვე ჩემს სიტყვებში შხამი (მერე რომ არ დამავიწყდეს, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იგივე შეცდომები, თანაც „ბონუსებით“, უკლებლად გავიმეორე ყველა მომდევნო ცოლთან და საყვარელთან). აბა, გამოამჟღავნე შენი მეხსიერება!
– კი ბატონო! – რაღაცნაირი ჯიბრით გამოაცხადა თეამ, – დავიწყოთ იმით, რომ ქორწინებამდე მთელი წელიწადი ვხვდებოდით ერთმანეთს და ერთხელაც არ მოგსვლია აზრად, ლექციების შემდეგ დამხვედროდი უნივერსიტეტის წინ, როგორც ყველა ნორმალური შეყვარებული თუ საქმრო იქცევა და სახლამდე გაგეცილებინე... – თეამ ღრმად ამოისუნთქა, ეტყობოდა, უჭირდა ამ ყველაფრის თქმა, მაგრამ, რადგან თვითონ წამოიწყო, ფარ-ხმალს აღარ ყრიდა.
– ეს ერთი ბრალდება, – იაზვურად შევავსე პაუზა, – შემდეგი?
– მთელი იმ ერთი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გიცდია, გეკოცნა, – ცრემლი გაერია ხმაში.
– ვერ გიბედავდი, – ვცადე თავის მართლება.
– რიჟა ბაზარია, – ჩემდა გასაკვირად, ჟარგონით მიპასუხა თეამ. ვეღარაფერი ვუპასუხე, გარდა იმისა, რომ მეთქვა, ეს ორი-მეთქი.
– დანომვრით ნუღარ შეიწუხებ თავს, ისე ჩამოგითვლი, – უკვე უცნაურად შიშის მომგვრელი სიმშვიდით განაგრძო თეამ: – ერთხელ არ მოგირთმევია ყვავილები, ელემენტარულ საჩუქარზე რომ არაფერი ვთქვა; ერთხელაც არ გითქვამს, რომ გიყვარვარ ან თუნდაც, მოგწონვარ; საქორწინო მოგზაურობაში, შეიძლება ითქვას, ძალით წაგიყვანე, თანაც ჩემი ფულით; არასდროს გაგხსენებია არც ჩვენი გაცნობის, არც ჩემი დაბადების დღე; მთელი ორსულობის განმავლობაში ერთხელაც არ წამომყოლიხარ ექიმთან; ერთხელ არ წამოსულხარ ჩემთან ერთად ბავშვის გასასეირნებლად; მაქსიმალურად ცდილობდი, კაპიკი არ დაგეხარჯა შენს ცოლ-შვილზე, რაც იდეალურად გამოგდიოდა და რის გამოც დედაშენისა და შენი ნათესავების გულწრფელ შექებას იმსახურებდი... კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ბოლოს ერთს და ყველაზე მთავარს ვიტყვი: ჩვენ არასდროს, ქორწინებამდელი ერთი წლის განმავლობაშიც კი, ვიმეორებ, არასდროს არ შეგვეძლო, გვესაუბრა რაიმე თემაზე, მოგველაპარაკა რაიმე საზოგადო საკითხზე, განგვეხილა რამე პრობლემა, რომელიც რომელიმე ჩვენგანს ან ჩენს ოჯახს ეხებოდა. შენ არც ჩემი მოსმენა გიყვარდა – თუ შეატყობდი, რომ რამის თქმა მინდოდა, ვთქვათ, ჩემი კარიერის, მეგობრების, გრძნობების ან მოსაზრების შესახებ, თავიდანვე მაძლევდი აცილებას – სხვა თემაზე გადადიოდი, ან, სულაც უცერემონიოდ მაწყვეტინებდი სიტყვას; შესაბამისად, არც თვითონ მიყვებოდი არაფერს. ერთი სიტყვით, ჩვენ არასდროს გვქონია საერთო სასაუბრო თემა, საერთო ინტერესები, საერთო აზრები...
– კარგი, გეყოფა! – ვიყვირე გაცოფებულმა, – გასაგებია ყველაფერი, ნუღარ იწუხებ თავს თითიდან გამოწოვილი სისულელეების ჩამოთვლით! თურმე, მთელი ეს ხანი გძულდი და მოყვარული ცოლის როლს თამაშობდი. – იქით დავდე ბრალი უსინდისოდ.
– შენ თვითონაც კარგად იცი, რომ მართალი ვარ და ახლა ყვირილით გინდა, სიტყვაში მომიგო. მაგრამ მაინც უნდა დავასრულო სათქმელი: ერთხელ (მაშინ ორსულად ვიყავი) გულუბრყვილოდ გკითხე, ყველაზე ძალიან ვინ გიყვარს-მეთქი და შენ წარბშეუხრელად ჩამომითვალე – ჯერ დედა, მერე მამა, მერე ძმაკაცები და მერე შენო. კარგი მოსასმენია, არა, ახალგათხოვილი გოგოსთვის?! კიდევ კარგი, მეზობლებისა და თანამშრომლების შემდეგ არ მომიჩინე ადგილი...
– სექსზე რას იტყვი? აქაც ჩაჭრილი ვარ? იქნებ აქაც ვერ გამოვიჩინე თავი, როგორც სრულყოფილმა მამაკაცმა და ქმარმა?! – გესლი ჩავაქსოვე შეკითხვაში, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საკითხში მაინც მეკუთვნოდა უმაღლესი ქულა.
თეამ პატარა პაუზა გააკეთა, გამანადგურებელი მზერა მომაპყრო და ჩაცინებით მიპასუხა:
– აბა, რა გითხრა?! სამწუხაროდ, ზოგიერთი ქალივით არ მქონდა საშუალება, შენსა და ვინმეს შორის პარალელი გამევლო, ანუ ვინმესთვის შემედარებინე, თორემ, ვინ იცის, რა შედეგს მივიღებდი. ამიტომ, შენთან ინტიმურ ურთიერთობას ვიღებდი, როგორც გარდაუვალ აუცილებლობას, ერთადერთ რეალობას, რომლის შეფასების უნარი არ შეგწევს, რადგან არ იცი, როგორია ამაზე უარესი ან ამაზე უკეთესი სექსი. თუმცა, ცოტა გვიან მივხვდი, რომ განსაკუთრებული აღმაფრენის შეგრძნება, ალბათ, შედარებების არარსებობის შემთხვევაშიც შეეძლება ქალს, თუკი ამ განსაკუთრებულ აღმაფრენას აგრძნობინებს თავისი პირველი და ერთადერთი პარტნიორი, – თეა წემოდგა, ფანჯარასთან მივიდა, ჩემკენ ზურგით დადგა და ისე მითხრა: – მე დავამთავრე. მეტს ნუღარ მალაპარაკებ და ნუღარც თვითონ მეტყვი ნურაფერს, ჩემს გადაწყვეტილებას მაინც აღარ შევცვლი. მიუხედავად იმისა, რომ დედაშენის ხელდასმული რძალი ვარ, ეჭვი არ მეპარება, გაუხარდება ჩვენი გაყრა – ახლა სხვა მსხვერპლი ეყოლება შერჩეული. მას ხომ ასე უყვარს რძლების მრავალფეროვნება!
– დედაჩემს თავი დაანებე! – ისევ ვიყვირე, მაგრამ მერე უცებ დავუწიე ხმას და თითქმის მშვიდად დავუსვი კითხვა: – განცხადებას გაყრაზე შენ შეიტან?
– გატყობ, შენც არ გწყენია. მე შევიტან, რომ რამდენიმე ათეული მანეთის გადახდისგან გიხსნა. შენ ხომ ასე არ გიყვარს ჩემთვის ფულის დახარჯვა, – თეა ოთახიდან გავიდა, მაგრამ კართან შეჩერდა და მანაც თითქმის მშვიდად მითხრა: – კარგია, რომ ჩხუბის გარეშე გადავწყვიტეთ ეს პრობლემა. ისე, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, ჩვენ შორის პირველად შედგა ასეთი ხანგრძლივი და თანაც შედეგიანი საუბარი, ოღონდ, სამწუხაროდ, განშორების წინ. ბედნიერებას გისურვებ!
მეორე დღეს თეამ განცხადება შეიტანა, სამი თვის შემდეგ კი ჩვენ ოფიციალურად გავეყარეთ. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ შვილისთვის ბინიდან წილი არ მიმიცია – დედაჩემმა არ მომცა თანხმობა და მეც, როგორც ყოველთვის, მის სურვილს დავემორჩილე. თეამაც აღარ იკადრა ჩემთან ბრძოლა და სამუდამოდ ჩაიქნია ჩემზე ხელი, თუმცა ბავშვის ნახვას არ მიკრძალავდა. მაგრამ, აქაც უნდა ვაღიარო (დასაწყისშივე ხომ ვთქვი, რომ ჩემს სასარგებლოდ არაფერი შემელამაზებინა): აქტიური, ყურადღებიანი და მზრუნველი მამა არც მეორე შვილის მიმართ ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ, ამბობენ მამებს თავიანთი ქალიშვილები უფრო უყვართ, ვიდრე ვაჟებიო. მე ორივე მიყვარდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ იმ დონეზე, რომ თავი დიდად არ შემეწუხებინა და ხარჯები არ გამეწია. რა ვქნა, ასეთი გამზარდეს – ეგოისტი, ზარმაცი, უყურადღებო და, როგორც ერთი ჩემი ძმაკაცი იტყოდა – ამჩემფეხება.
***
სანამ ჩემს შემდეგ ცოლზე, ანუ მისი გაცნობისა და გაყრის ისტორიაზე გადავიდოდე, პატარა „ლირიკულ გადახვევას“ გავაკეთებ, თუკი ამას პატარა და თანაც ლირიკული გადახვევა შეიძლება დავარქვა.
ალბათ, გახსოვთ, ადრენალინის თემასთან დაკავშირებული ერთი უცნაური დაუპატიჟებელი სტუმრის ვიზიტი რომ გავიხსენე, რომელიც მემუქრებოდა და რომელიც მერე ჯეჯემ დააფრთხო.
უნდა ვაღიარო, რომ იმ დღის მერე ხშირად მახსენდებოდა ის ვიღაც ვიგინდარა, ოღონდ, იმიტომ კი არ მახსენდებოდა, რომ მეშინოდა, კიდევ არ დაბრუნებულიყო, უბრალოდ, მართლა ძალიან მაინტერესებდა, რატომ მემუქრებოდა, რა დავუშავე ჩემთვის აბსოლუტურად უცნობ ადამიანს (თანაც, ჩვენი მაშინდელი დიალოგიდან ისიც გაირკვა, რომ პირადადაც არ მიცნობდა – ისიც კი არ იცოდა, რომ ინვალიდი ვიყავი). მოკლედ, იმდენჯერ გამახსენდა და ისე ხშირად ვფიქრობდი მასზე, რომ ერთ დღესაც, როდესაც კარის მეზობელმა ჩემი ეტლით ეზოში გამიყვანა, რომ მეზობელ ბიჭებთან ცოტა ხანს დომინოს თამაშით გამერთო თავი, მოულოდნელად დამადგა თავზე – სანამ ბიჭები მოვიდოდნენ, რამდენიმე წუთი მარტოს მომიწია ყოფნა და სწორედ ამ დროს ამეტუზა ცხვირწინ არცთუ სიმპათიური, ცოტა საეჭვო გარეგნობის უცნობი მამაკაცი, მერე ჩემ წინ, გრძელ სკამზე ჩამოჯდა და მუქარანარევი დაცინვით მკითხა:
– შენ ის ტიპი არა ხარ, რაღაც მაზალო სახელი რომ გქვია?
მაშინვე ვიცანი ხრინწიანი ხმით, მაგრამ დრო რომ მომეგო, უაზროდ ვკითხე:
– ბატონო?
– შენ რა გქვია? – ახლა პირდაპირ დამისვა შეკითხვა უცნობმა.
– ვამეხი. თქვენ?
– ბიჭო, შენ ვიღაც მეხი ხარ თუ ჭექა-ქუხილი, ნუ მეღადავები, გაიგე?
პასუხი არ გავეცი, არც თავი დამიქნევია, მხოლოდ უხმოდ ვათვალიერებდი თავიდან ფეხამდე და ვცდილობდი, გამეხსენებინა, სადმე ხომ არ მყავდა ნანახი, მაგრამ ვერ გავიხსენე, ის კი არა, ვერც ვერავის მივამსგავსე.
– რას მომშტერებიხარ, შე ჩემისა, გგონია, თავს შემაცოდებ, დაფეხვილი რომ ხარ? იცოდე, მისაღებს მაინც მიიღებ!
– პირდაპირ მითხარი, რა გინდა ჩემგან, რას მერჩი, რას გადამეკიდე? დაგიშავე რამე? ვალი მაქვს შენი და არ გიბრუნებ? – უცებ გამოვედი წყობიდან, – ხმით გიცანი, ის ტიპი ხარ, ამას წინათ უთენია რომ მომადექი კარზე და მერე ჩასვრილი გაგაქცია ჩემმა ძაღლმა. ახლა კი მითხარი, რა გინდა.
– რა და, მიხედე ძმაო, შენს შვილს! მე რა მოვალე ვარ, სხვისი შვილები ვარჩინო, ჩემი არ მეყოფა?
– ვინ ჩემს შვილს? – ახლა კი მართლა დავიბენი.
– ვის და გარიკას.
– ვინ გარიკა, შენ ხომ არ გაჟრიალებს? – ისე ვიყვირე, დომინოს სათამაშოდ გამოსულმა ბიჭებმა გაიგონეს და ჩემკენ სირბილით წამოვიდნენ
– ვინ გარიკა და, შენი და ჟანას შვილი! – ყვირილითვე დამიბრუნა პასუხი უცნობმა.
– ჟანა ვიღაა? – სულ მთლად გადავირიე.
– ააა! ქალი დააორსულე, ცოლად აღარ შეირთე, ქუჩაში უპატრონოდ დააგდე და ახლა აღარ გახსოვს, ვინ არის? – გადარევაში არ ჩამომრჩა უცნობი, მერე მეცა, საყელოში ორივე ხელი ჩამავლო და ნჯღრევა დამიწყო, ბოლოს კი მუშტი მლეწა ყბაში.
ბინის კარი ღია მქონდა დატოვებული. როგორც ჩანს, ჯეჯემ ჩემი ყვირილი გაიგონა, საშველად გამოქანდა და სწორედ მაშინ ეცა ვიღაც გარიკას მამინაცვალს, მამობილს თუ დედის საყვარელს, როცა ის მეორედ გარტყმას მიპირებდა. ძაღლი და მოძალადე ერთად გაგორდნენ ბალახებში და, ბიჭებს რომ არ ემარჯვათ, შესაძლოა, ჯეჯეს წყალობით, ის უცნობი ჩემი კოლეგა გამხდარიყო ინვალიდობის დარგში.
როდესაც ჯეჯე თავის მსხვერპლს ააგლიჯეს, ჩემთვის უცნობი ჟანას კურო წინ დავისვი და მკაცრად ვუთხარი:
– ახლა დაწვრილებით ამოყაჭე, ან შენ ვინ ხარ, ან ის ჟანა და მისი ნაბიჭვარი გარიკა ვინ არიან და, საერთოდ, რა ჯანდაბა გინდა ჩემგან!
ჟანას კურომ დაფლეთილი ტანსაცმელი ხელისგულებით გაისწორა, შეშინებულმა შემომხედა და, ცოტა არ იყოს, ნირწამხდარმა მიპასუხა:
– მე ჯონდო ვარ. ჟანას მეზობლად ოთახი მქონდა ნაქირავები. ერთმანეთი მოგვეწონა, მერე ჟანა ჩემგან დაორსულდა და ცოლად შერთვა გადავწყვიტე. ჟანას ბინაში გადავედი, ერთად დავიწყეთ ცხოვრება, მაგრამ ჟანას ერთი შვილი ჰყავს, ექვსი წლის გარიკა. მე რატომ უნდა ვარჩინო და გავზარდო, როცა მამა ცოცხალი ჰყავს?
– ვინ გითხრა, რომ ჩემი შვილია?
– ჟანამ. შენი სახელიც და მისამართიც იმან მომცა. ოღონდ, არ უთქვამს, რომ ინვალიდი ხარ.
– მე რომ ჟანას არ ვიცნობ და არც არასდროს ვიცნობდი?
– ბავშვის გაკეთებას გაცნობა-გამოცნობა არ სჭირდება.
– რომელი ბავშვი, იდიოტო! მოდი, მოიყვანე ის შენი ჟანა და თვითონ მითხრას, რა უნდა და ვინ დაავალა, შენისთანა სირი გამოიყენოს ასეთ კრეტინულ შანტაჟში!
– შენ ჟანასთან ეგენი არ გაგივა. ჟანამ თქვა... – ჯონდომ აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და ხმას დაუწია: – ჟანამ თქვა, ან ბავშვი აღიაროს და თავისთან წაიყვანოს, ან ათი ათასი დოლარი გადამიხადოს, ან ვუჩივლებ და დავაჭერინებო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში