№48 როგორ გადაურჩა ბერიას მიერ მოწყობილ ტერაქტს სერგო ორჯონიკიძე
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ბერიას ულტრანაციონალიზმისა და ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობაში დასდეს ბრალი. თუმცა, რასაც აბრალებდნენ, ვერ დაუმტკიცეს. სამაგიეროდ, იმ პროცესზე სიტყვაც კი არავის დაუსველებია 1925 წლის 22 მარტს თბილისში მომხდარ ავიაკატასტროფაზე, რომლის დროსაც ხუთი კაცი დაიღუპა: სოლომონ მოგილევსკი, ალექსანდრე მიასნიკოვი, გიორგი ათარბეგოვი, იოსებ შპილი და ამბაკო საღარაძე. თვითმფრინავმა „იუნკერს F-13-მა“ ზუსტად შუადღეზე – 12 საათზე განიცადა კატასტროფა და ყველა იქ მსხდომი იმსხვერპლა.
შპილი გერმანელი იყო და ქართველ საღარაძესთან ერთად თვითმფრინავს მართავდა. მოგილევსკი, ათარბეგოვი და მიასნიკოვი კი საბჭოთა პარტიული მაღალჩინოსნები იყვნენ. მიასნიკოვის ნამდვილი გვარი მიასნიკიანი იყო, რომელიც მარტუნის ფსევდონიმით მოღვაწეობდა. ის ლიტერატორი იყო და ბოლშევიკურ შეკვეთებს ასრულებდა. გეორგ ათარბეგოვიც ეთნიკური სომეხი იყო. „ჩეკაში“ მუშაობდა და აქტიურად მონაწილეობდა 1918 წლის სოხუმის აჯანყებისა და განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ კავკასიასა და 1924 წლის აგვისტოს ქართული აჯანყებების უსასტიკესად ჩახშობაში, რითაც გაითქვა კიდეც სახელი. სოლომონ მოგილევსკი კი ამიერკავკასიის პოლიტიკური სამმართველოს უფროსი იყო და საქართველოს ჯალათად იყო მონათლული, რადგან მისი უშუალო მონაწილეობით გამოასალმეს სიცოცხლეს უამრავი ქართველი პატრიოტი. სამივე ბოლშევიკი სოხუმში მიფრინავდა. 23 მარტს იქ აფხაზეთის საბჭოების ყრილობა უნდა ჩატარებულიყო და ისინი საპატიო სტუმრებად იყვნენ მიწვეული. მათთან ერთად უნდა გაფრენილიყო საქართველოს მეთაური სერგო ორჯონიკიძეც, თუმცა, ბოლო მომენტში, გაურკვეველი მიზეზების გამო, მან გაფრენაზე უარი თქვა და სიკვდილს გადაურჩა... ბერიას თანაშემწე კორნელი ელიავა ყვებოდა: „ეს ისტორია, ანუ ბერიას მოგილევსკისთან და ათარბეგოვთან დაპირისპირება 22 მარტის კატასტროფამდე თითქმის ერთი წლით ადრე დაიწყო, ხოლო უკიდურესი სიმწვავე 1924 წლის აგვისტოში მიიღო. იმ პერიოდში ბერია საქართველოს „ოგეპეუს“ საიდუმლო-ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო და უშუალოდ სოლომონ მოგილევსკის ექვემდებარებოდა. 1924 წლის აჯანყებამდე ცოტა ხნით ადრე მოგილევსკის კაბინეტში საგანგებო თათბირი გაიმართა. იქ ლაპარაკი იყო მოსალოდნელ შეიარაღებულ გამოსვლაზე მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის თაობაზე მოხსენებას ბერია აკეთებდა და მოგილევსკის მან უთხრა: „ყველა ძაფი ჩვენს ხელთაა. დავაპატიმრებთ აჯანყების მოთავეებს, გაზეთებსა და რადიოში გამოვაცხადებთ, რომ გახსნილია ეს აჯანყება და დიდ სისხლისღვრას ავიცილებთ თავიდან...“ მოგილევსკიმ კი ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ბერია უკიდურესად დაამცირა და მტკიცედ თქვა: ეს აჯანყება ისეთ სისხლში უნდა ჩაიხრჩოს, რომ ქართველებმა სამუდამოდ დაივიწყონ დამოუკიდებლობაზე ფიქრიო... ბერიას კი დაემუქრა: თუ კიდევ ნაციონალისტებს დაუდგები გვერდით, მათთან ერთად დაისჯებიო...“
მიუხედავად „ოგეპეუს“ უფროსის მუქარისა, ბერიამ თავისი არხებით შეატყობინა მომავალ აჯანყებულებს, რომ ისინი გაშიფრულები იყვნენ და ამით ათასობით ადამიანი იხსნა სიკვდილისგან. ხოლო 7 თვის მერე კი გოგლიძისა და სხვა სანდო „ჩეკისტების“ მეშვეობით უნდა მოესპო სოხუმში მიმავალი ბოლშევიკური ოთხეული, რომელსაც ორჯონიკიძე მეთაურობდა. მაგრამ სერგო ორჯონიკიძე გაფრენაზე უარმა იხსნა. დანარჩენები კი (მათ შორის ორი უდანაშაულო პილოტი) საათის მექანიზმიანი ბომბით ჰაერში აფეთქდა და ღრმაღელესთან ჩამოვარდა...