№48 ექიმის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, თუ შეიძლება, ვარიკოცელე იყოს მამაკაცის უშვილობის მიზეზი? ერთი შვილი გვყავს – 10 წლის. ერთი წელია, ორსულად არ ვრჩები. მეუღლეს აქვს ვარიკოზი, იმკურნალა და ექიმმა უთხრა 6 თვეში თუ შედეგი არ იქნა, ოპერაცია დაგჭირდებაო. თქვენ რას მირჩევთ? არის ოპერაცია გამართლებული?
პასუხი: მეუღლემ უნდა ჩაიტაროს სპერმის გამოკვლევა. თუ სპერმის ანალიზი ნორმაშია, მაშინ ამ ეტაპზე უშვილობის მიზეზი ვარიკოცელე ვერ იქნება. თუმცა, დროთა განმავლობაში ვარიკოცელე სპერმის ხარისხს აფუჭებს, რაც უშვილობას იწვევს. ოპერაციის ჩვენებად ითვლება სპერმოგრამის დარღვევები, მეორე-მესამე ხარისხის ვარიკოცელე, რომელიც იწვევს სათესლე ჯირკვლის ატროფიას, ტკივილს.
კითხვა: ფეხები ყოველთვის ცივი და ნამიანი მაქვს. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?
პასუხი: ანემია, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ჰიპოტონია, ჰიპოთირეოზი, ვეგეტოდისტონია – ეს არის ის პათოლოგიები, რომელიც ასევე, შეიძლება, იყოს მცივანობის მიზეზი.
კითხვა: მქონდა დაბალი კალციუმი და ბიოკალცით ნორმამდე ავწიე, თუმცა მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ ისევ დაბლა დაიწია, ანუ ორგანიზმმა კალციუმი ვერ შეინარჩუნა. მაინტერესებს, რა იწვევს ამას და ვის უნდა მივმართო გამოსაკვლევად?
პასუხი: კალციუმის შემცველობის დაქვეითება, ანუ ჰიპოკალციემია ვითარდება ოპერაციული ჩარევის შედეგად ფარისებრახლო ჯირკვლების მიერ ჰორმონის პროდუქციის დაქვეითების შემთხვევაში. ხშირია D ვიტამინის დეფიციტის დროსაც. D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია საკვებში მის უკმარისობასთან ან მზის სხივების ზემოქმედების ნაკლებობასთან. ამ ვიტამინის დეფიციტს იწვევს, ასევე, ზოგიერთი კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება, თირკმელების დაავადებები. ჰიპოკალციემია ვითარდება სეფსისის, ჰიპოფიზის წინა წილის ჰიპოფუნქციისას და სხვა... დიფერენცირების მიზნით კი ოჯახის ექიმს ან თერაპევტს უნდა მიმართოთ.
კითხვა: ჩემი მეუღლე ძილში ოფლიანობს, თეთრეულს სულ ასველებს. ავარიაში მოყვა და ეს მის შემდეგ დაეწყო. რისი ბრალი იქნება? არის 30 წლის მამაკაცი.
პასუხი: ზუსტი მიზეზის თქმა არ შეგვიძლია, კვლევებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს. აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზი, სისხლში გლუკოზის გამოკვლევა, ფილტვების რენტგენოგრაფია, მუცლის ღრუს ექოსკოპია. სხვა კვლევების აუცილებლობა შემდეგ დადგინდება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე