№48 ბროწეული – სიბერის მტერი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ბროწეულის კურკა შეიცავს ზეთებს, რომლებიც ორგანიზმში ჰორმონულ ბალანსს აღადგენს. განსაკუთრებით კარგია ქალებისთვის, რამდენადაც ხსნის თავის, ასევე, მენსტრუალურ ტკივილებს, ეხმარება მათ კლიმაქსის დროს. ასრულებს ბუნებრივი ინსულინის ფუნქციას – ძალიან სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს. ნახევარი ჩაის კოვზი ბროწეულის წვენი დღეში 4-ჯერ სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.
ბროწეული იცავს ორგანიზმს კიბოსგან, მისი რეგულარული მიღება რამდენადმე ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ბროწეულის წვენი პროსტატის მტერიცაა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბროწეული და მისი წვენი იწვევს პროსტატის კიბოს უჯრედების კვდომას. როგორც გაირკვა, ბროწეული ეფექტური საშუალებაა, ზოგადად, სიმსივნური სტადიების პროგრესირების დასაბრკოლებლად, ასევე, პრევენციისთვის.
ბროწეული ხელს უშლის ართროზის განვითარებას. ის მდიდარია K ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის ათვისებაში, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას ძვლებსა და შემაერთებელ ქსოვილებში. ბროწეული აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაციას, ხსნის ანთებასა და ამცირებს შეშუპებას.
ვინაიდან ბროწეული ბევრ მჟავას შეიცავს, მისი კონცენტრირებული წვენის მიღება კბილის მინანქარს აზიანებს. ამიტომაც, ჯობია, ბროწეულის წვენი წყალში გაზავებული მივიღოთ, ხოლო მისი დალევის შემდეგ პირში წყალი გამოვივლოთ. ბროწეულის მჟავე წვენის მიღება რეკომენდებული არ არის 8 წლამდე ბავშვებისთვის. მაღაზიაში შეძენილ, უკვე გამზადებულ ბროწეულის წვენს არანაირი სასარგებლო თვისება არ გააჩნია. ბროწეულის წვენის მიღება უკუნაჩვენებია ჰემოროისა და ქრონიკული ყაბზობის მქონე პირებისთვის.
ბროწეული, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის სიბერეს. აქედან გამომდინარე, თუ მიირთმევთ საკმაო რაოდენობის ბროწეულს, ახალგაზრდულ გარეგნობას უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ.
არის არტერიული წნევის მარეგულირებელი. თუ მაღალცხიმიანი საკვები თქვენს წნევაზე უარყოფითად იმოქმედებს, მხსნელად ბროწეული მოგევლინებათ. მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით ის აუცილებლად დაარეგულირებს თქვენს არტერიულ წნევას. ბროწეულის მარცვლების ჭამა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.
ბროწეული ამაგრებს გულს. მასში უხვადაა პუნიკალაგინი (Punicalagin). ეს ნივთიერება ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ზრდის ანტიოქსიდანტურ სტატუსს. ის ასევე ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.
დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ბროწეულის წვენი ეხმარება წონის ნორმალიზებას. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ეფექტი წვენში არსებული მადის დამთრგუნველი პოლიფენოლებით მიიღწევა.
ბროწეულის ნაყოფში არის C და PP ვიტამინები, ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება და მაკროელემენტი. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. ბროწეულს შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება.
ბროწეულის კანი უნდა იყოს სუფთა, პრიალა, გლუვი, თანაბრად შეფერილი, მუქი წითელი, ხელის დაჭერისას უნდა იდრიკებოდეს. ნუ შეიძენთ კანდახეთქილ ნაყოფს. გადაავლეთ წყალი და გაფცქვენით სუფთა დანით, რომ ბაქტერიები შიგნით არ შეიტანოთ. ბროწეულის ნაყოფი ზამთარშიც შეგვიძლია მივიღოთ. თუ შენახვის წესებს დავიცავთ, სასარგებლო თვისებები მოემატება კიდეც, მწკლარტე გემოს დაკარგავს, ხოლო ვიტამინებსა და ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეინარჩუნებს.