№48 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის „ფსალმუნების“ ხშირად კითხვას?
პასუხი: „ფსალმუნების“ კითხვა ადამიანისგან განაგდებს ბოროტ სულს და მის სულში სულიწმიდას ჩაასახლებს. როგორც წმიდა მამები ამბობენ: „ფსალმუნთა კითხვითა და მოწყალების გაღებით სული განიწმინდება ცოდვებისგან“. ამიტომ ხშირად იკითხეთ „ფსალმუნები“.
კითხვა: მოქმედებს თუ არა ცოდვების გამომწვევი საგნები ოჯახში მცხოვრებთა სულებზე?
პასუხი: რა თქმა უნდა, არათუ მოქმედებს, არამედ ამახინჯებს კიდეც ოჯახის წევრების სულებს, განსაკუთრებით მოზარდებისა და ბავშვების – ისინი ხომ გამორჩეულად მგრძნობიარენი არიან. ამიტომ, ეცადეთ, ღვთისმგმობი ლიტერატურა, ბანქო, სიგარეტის კოლოფები, ეროტიკული ჟურნალები სახლში არ იქონიოთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, შუაღამისას საკვები მიიღონ მათ, ვინც ღამით მუშაობს და უნდა წაიკითხონ თუ არა მათ „ძილად მისვლის ლოცვები“?
პასუხი: სიტუაციიდან გამომდინარე, ღამით საკვების მიღება დასაშვებია. შეგიძლიათ, წაიკითხოთ ლოცვაც, თუნდაც მოკლე. ის დაგიცავთ საცდურისგან და გაგაძლიერებთ.
კითხვა: ვისთან გავარკვიოთ ამა თუ იმ ხატის კანონიკურობა და რომელი წმიდანების ხატები უნდა ვიქონიოთ სახლში?
პასუხი: ხატები უძველესი დროიდან ხატმწერთა მიერ იქმნებოდა, რომელთაგან ბევრი ბერი იყო. ხატის შექმნამდე ხატმწერი ბევრს ლოცულობდა და მარხულობდა. ამიტომაც, ბევრი ხატი სასწაულებრივ ძალას იძენდა. ხატებზე დღესაც დიდი მოთხოვნილებაა და ისინი სხვადასხვა ხერხით იქმნება. მიუხედავად იმისა, ვისი შესრულებულია, ხატებს კრძალვით უნდა მოვეპყრათ. ხატების შეძენა უმჯობესია ტაძრებსა და მონასტრებში, რათა არ შეგეშალოთ და მაღაზიაში არამართლმადიდებლური ხატი არ იყიდოთ. ხატი აუცილებლად აკურთხებინეთ მოძღვარს და სახლში ისე მიაბრძანეთ. თუ შეძენილი ან საჩუქრად მოძღვნილი ხატი ეჭვს იწვევს თქვენში, ამის თაობაზე აუცილებლად დაელაპარაკეთ მოძღვარს. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ხატები უნდა ვიქონიოთ სახლში: მორწმუნეებს, როგორც წესი, აქვთ მაცხოვრის, ღვთისმშობელი მარიამის, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, თავიანთი მოსახელე წმიდანების ხატები და ასე შემდეგ. რაოდენობრივად თქვენ არ ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ, იმდენი ხატი გქონდეთ, რამდენიც მოგესურვებათ, თუმცა, მთავარია, მათზე ილოცოთ და პატივი მიაგოთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხატი დაზიანდა, ის უნდა დაიწვას ან სუფთა ადგილზე ჩაიფლას.
კითხვა: თუ შეიძლება, გვესაუბრეთ შობის მარხვის შესახებ.
პასუხი: შობის მარხვა ორმოცდღიანია, ის უძრავია, ყოველთვის იწყება 28 ნოემბერს (თუ 27 ნოემბერი ოთხშაბათს ან პარასკევს უწევს, მაშინ მარხვა ერთი დღით გადმოინაცვლებს) და სრულდება 7 იანვარს – შობას. შობის მარხვა განსაკუთრებული სიმკაცრით არ გამოირჩევა, ოთხშაბათსა და პარასკევის გარდა, შეგიძლიათ, თევზითაც გაახსნილოთ. ასევე, პატრიარქის კურთხევით, თევზით ხსნილი არის ხოლმე 1 და 2 იანვარს – ახალ წელს.