№48 რატომ ატყუებენ პოლიტიკოსები საზოგადოებას და არწმუნებენ შეუთავსებელთა შეთავსებაში
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
გაერთიანებული ოპოზიციის ერთობაში, ანუ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათგან ნაშობი „ევროპული საქართველოს“ გვერდით ისეთი პოლიტიკური ძალები და პერსონები აღმოჩნდნენ, რომ გაოცებისგან შესაძლოა, ყბაც ჩამოგივარდეს, იმიტომ რომ ლოგიკურად შეუთავსებელია, მაგალითად, ელისაშვილისა და ბესელიას დაახლოება, მაშინ, როდესაც ელისაშვილი ბესელიას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა კონკრეტული პირის შეწყალებაზე დაყოლიების მიზნით; ნათელაშვილის, ბერძენიშვილებისა და „ნაციონალების“ დამეგობრება, როდესაც ეს უკანასკნელები მათ სამშობლოს ღალატში სდებდნენ ბრალს; ბურჯანაძისა და ზოდელავას ერთობა, იმ ნინო ბურჯანაძის, რომლის მომხრეებიც 26 მაისს სიკვდილზე დადეს, თავად მას კი სამშობლოს ღალატიც წაუყენეს ბრალად და პოლიციელის მკვლელობაც, იმის პარალელურად, რომ თავად ბურჯანაძე მიშა სააკაშვილს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა... ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, იმას გარდა, რომ აწ უკვე ერთად არიან, ეგრეთ წოდებული, პრორუსულებიც და პროდასავლელებიც. ამიტომაც, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, არის კი პროპორციული საარჩევნო სისტემა ის საკითხი, რომ ამის გამო შეუთავსებლებიც კი შეეთავსონ ერთმანეთს, თუ რატომ ცდილობენ საზოგადოების დაჯერებას ამ არაგულწრფელ თანამშრომლობაში – ამ თემაზე რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– ხომ არსებობს რაღაც წესები, დაუწერელი თუ დაწერილი, რის მიხედვითაც, ამ მიზნით ასეთი პოლიტიკური ძალების გაერთიანება არის ფარისევლობა, თუ იმაზეა გათვლილი, რომ ამდენს ამომრჩეველი მაინც ვერ მიხვდება?
– ალბათ, რაღაც ამგვარია, ყველაზე კარგ მაგალითს მოვიტან, როდესაც მშობლები შვილს ატყუებენ, ბავშვი როგორ ჩნდება.
– მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, მაინც არაა კარგი ასეთი ტყუილიო?
– აბა, მაშინ აუხსნან შვილებს ფსიქოლოგებმა, ბავშვი როგორ ჩნდება... პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ადამიანებმა არ იციან, რა ხდება, არ არიან ჩახედული პოლიტიკურ სამზარეულოში, სადაც, როგორც თქვენ ბრძანეთ, ყველაფერი „მოსულა“. და ეს არ არის მხოლოდ ამ პოლიტიკოსების მახასიათებელი, ასეთი წარმოდგენა საკუთარ ხალხზე ყველა ქვეყანაში აქვთ პოლიტიკოსებს, რომ მხოლოდ მათ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ და სხვამ – არავინ. ამიტომ ხალხი, როგორც ასეთი, პოლიტიკოსისთვის უმეტესად უფრო ინსტრუმენტია, ვიდრე საფიცარი სახატე, ეს ჩვენ გვგონია, რომ ვირჩევთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენზე ლოცულობენ და ამ დროს არ ლოცულობენ ისინი ჩვენზე. ასე რომ, ტყუილსაც ამბობენ, იმავე მოტივით, როგორც მშობლები, რადგან უბრალოდ, მიაჩნიათ, რომ ჯერ ადრეა ბავშვისთვის იმის ცოდნა, თუ როგორ ჩნდებიან ბავშვები.
– ანუ გვინდობენ პოლიტიკოსები?
– მე კარგი ვარიანტი ვთქვი, რომ გვინდობენ. რატომ გამიჩნდა ამ კარგი ვარიანტის ასოციაცია? ისეთ დაუჯერებელ ნაბიჯებს დგამენ და ისეთი დარწმუნებული სახით, რომ დაფიქრებული ადამიანი ასე თავდაჯერებული არ მოიქცეოდა.
– მაგალითი რომ მოიტანოთ, რას გულისხმობთ, რომ თავდაჯერებულად გვატყუებენ?
– ერთადერთ რამეს ამბობენ, გავერთიანდეთ ერთის წინაააღმდეგ. სხვა არგუმენტი ხომ არ აქვს მათ გაერთიანებას?! და რატომ უნდა გაერთიანდნენ ერთის წინააღმდეგ? მათ მიაჩნიათ, რომ მოსახლეობა მათსავით ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა მოიცილონ ივანიშვილი? არც კი წამოსცდენიათ, მოვიშორეთ ივანიშვილი და ვინ მოგვყავს?!
– დავით ბერძენიშვილმა თქვა, აი, იმ დიდი პატიებისა და შერიგების შემდეგ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის გარეშე ჩვენ ივანიშვილს ვერ დავამარცხებთო. სავარაუდოდ, ამასვე ფიქრობენ სხვებიც, მაგრამ არ მგონია, დავით ბერძენიშვილი ვერ ხვდებოდეს, რომ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლით მიზანს მიაღწევს, „ნაციონალური მოძრაობავე“ იხეირებს ამ შედეგით, ბერძენიშვილს რატომ დაუთმობს? დანარჩენებს გადაუგდებს ერთ-ორ ადგილს და ისინი ვერ იქნებიან პასუხისმგებლები, თუ რას ჩაიდენს „ნაციონალური მოძრაობა“?
– რა თქმა უნდა. როდესაც თავის დროზე მიშასთან გაერთიანდნენ „რესპუბლიკელები“, შემხვდა დათო, ვკითხე, ასე რატომ მოიქცა და მიპასუხა, არა უშავს, მოვუვლით მას ჩვენო. ვერ ისწავლეს, რომ, როდესაც გააძლიერებ, რაც უნდა, შტერად გეჩვენებოდეს, მერე იმას ვეღარ მოუგებ. ბრეჟნევი რომ ფეხზე დააყენა გარკვეულმა ჯგუფმა, იმ იმედით, რომ მართავდნენ, აღმოაჩინა, რომ ის ბრეჟნევი ყოფილა სწორედ უკვდავი და ვერაფრით მოიშორეს თავიდან. იმიტომ რომ ეს ასე მარტივი არ არის. ზურაბ ჟვანიასაც ეგონა, რომ შეძლებდა სააკაშვილის მართვას, მაგრამ შედეგი ვიცით. ამ დროს იგივე ბერძენიშვილები, ის პარტიები, რომლებიც დღეს იქ დგანან, იჩაგრებოდნენ მიშას პერიოდში და ვერაფერი მოუხერხეს, სანამ ივანიშვილი არ გამოჩნდა. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, როგორ ახერხებენ ამის დავიწყებას. არის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ტრადიციულად მარცხდებიან, უფრო ზუსტად, ყველა პოლიტიკურ ძალასთან მარცხდებიან. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს კეთილშობილი ტყუილია, რადგან ამდენი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვო და არ გესმოდეს, რაც ხდება. თან – ჭკვიან ადამიანებზეა ლაპარაკი.
– დიახ, იმიტომაც ვთქვი, მე არ მჯერა, რომ მათი გონებრივი შესაძლებლობებით ვერ აანალიზებდნენ რეალობას.
– ამიტომ მგონია, მათ; უბრალოდ, მიაჩნიათ, რომ რაღაცებს ითვლიან უკეთესად, რაც, სამწუხაროდ, ასე არ არის და შედეგიც აშკარაა. ამ დაბალრეიტინგიანი პარტიების გვერდით მოსახლეობა არ დგას.
– მაშინაც კი, თუ ეს გაერთიანება შედგება, ყველას ეყოფა ადგილი ხელისუფლებაში?
– ზოგიერთმა ისიც კი თქვა, ახლა ივანიშვილი მოვიშოროთ და მერე მივხედოთ სააკაშვილსო...
– და როგორ მიხედავენ, ვისი ელექტორატით? ახლა ივანიშვილს მიხედავენ სააკაშვილის ელექტორატით და მერე სააკაშვილს მიხედავენ ივანიშვილის ელექტორატით?
– თქვენ მეტისმეტად ლოგიკურ კითხვებს სვამთ საიმისოდ, რომ გიპასუხოთ.
– უფრო ზუსტად, ქართულმა პოლიტიკურმა რეალობამ რომ უპასუხოს.
– უამრავ გაუგებრობაში არიან გახვეული და ამ გაუგებრობებიდან გამოსავალს რომ ვერ აჩვენებენ ამომრჩეველს, იმიტომაც არ მიუწევს გული ამ ამომრჩეველს და რეიტინგის ძირში არიან, გაჩნდა ასეთი მოსაზრებაც, რადგან რეიტინგი არ აქვთ, მიეწებნენ „ნაციონალებსო“, მაგრამ არც თუ ისე უზადო მეხსიერება უნდა იმის გახსენებას, რა დღეში იყო ოპოზიცია „ნაციონალების“ დროს.
– ლოგიკურად ვერ ვხსნი ამ ამბავს, მაგრამ შეიძლება, აიხსნას მსხვერპლი-მოძალადის მიჯაჭვულობის ფსიქოლოგიური მექანიზმით? ცნობილია, რომ მსხვერპლი ეძებს მოძალადეს, იმიტომ რომ ქცევის სხვა მოდელი არ იცის?
– მსხვერპლი რომ მოძალადეს ეძებს, იქ ბევრი ფსიქოლოგიური მომენტია, რომ ძალა ხიბლავს მოძალადეში და ამ ძალის ხიბლის გამო იწევს მისკენ, მისი ძალის განცდა სიამოვნებთ.
– და იქნებ მათაც სიამოვნებთ აი, ის ძალადობა, რასაც მათდამი იჩენდა სააკაშვილი?
– ჩავთვალოთ, რომ სიამოვნებთ, მაგრამ ამ გამოცდილების პოლიტიკური პარტიების მიერ ასეთი ემოციებით, სიამოვნების მიღების მოტივით მოქმედება პოლიტიკაში გაუგებარია.
– გაუგებარია თუ გასაგებია, რაც ხდება, ფაქტია. ეს იმის მანიშნებელი ხომ არ არის, რომ დღეს არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები? მეტი არ იცის. აქციების დონეც ძალიან დაეცა, უშინაარსოა გამოსვლები, უხამსობით გაჯერებული და სჭარბობს ისტერიკა. თავს ვეღარ თოკავენ, თუ ფიქრობენ, რომ გინება და ხავილი დადებითად მოქმედებს ამომრჩეველზე?
– ახლახან აქციის რომელიღაც ფრაგმენტს ვუყურებდით და გაგვეცინა, საკმაოდ მხარდაჭერილი და წინწამოწეული მომიტინგე ლაპარაკობდა და არც ერთი „ლ“ არ გამოტოვა დარბილების გარეშე. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამ ტიპის აქციების დროს, როდესაც გინდა, რომ შენი უპირატესობა აჩვენო შენს ამომრჩეველს იმისადმი, ვისაც უპირისპირდები, ასეთი რამის დაშვება არ შეიძლება. თავის დროზე ლ-ს გამოთქმის პრობლემა კალაძესაც ჰქონდა, მაგრამ იმუშავა თავის თავზე და ეს პრობლემა აღარ აქვს. თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ ეს არსებითი მომენტია პოლიტიკაში.
– იგინება ყველა, ქალიან-კაციანად, დედა-წულიანად, სოციალურ ქსელსა თუ სატელევიზიო ეკრანიდან. ამ სტანდარტს ამკვიდრებენ, თუ რაღაც ბავშვობისდროინდელი ტრავმების ამბავია?
– ახლახან ვილაპარაკეთ, აზრობრივი კი არადა, ფონეტიკური დონეა პრობლემა. არ იციან ლაპარაკი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. გეთანხმებით, რომ დონის პრობლემა არის, ოღონდ, თუ ამას აღვნიშნავთ, გვეშველება ამით რამე?! თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ამ მორიგმა რაუნდმა ისეთი რაოდენობა ვერ შეკრიბა, როგორიც სურდა.
– უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ჰყავს ამომრჩეველი, მაგრამ ვეღარ კრებს ხალხს აქციისთვის? რით ხსნით ამ ფაქტს?
– ჯერ ერთი, მე მგონია, რომ ის ციფრი, 800 000 ხმა, გაყალბებული იყო და იმიტომ რომ ვერც ერთმა მიტინგმა ვერ დატოვა ის შთაბეჭდილება, რომ ამ პარტიის გვერდით 800 000 კაცი დგას. მეორეც – ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოკლე შინაარსი, რაც ჩაბეჭდილია ქართველი კაცის ცნობიერებაში, ასეთია: იგი იყო მოძალადე, კანონს არ იცავდა, დანაშაულს სჩადიოდა, ომი წააგო და ასე შემდეგ. დადებითი მხარე, მიუხედავად ექსპერტების თქმისა, რომ ბევრი რამ მიშამაც გააკეთა, მოსახლეობის თვალსაწიერში თითქმის არ არის, ამიტომ არ უნდათ ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამიტომაც გვაქვს ვარიანტი, ვირს პიტნა სძულდა და აჩეჩებდნენო. მაგრამ არც ის მოსწონთ, რაც ახლა არის, ოღონდ, რაც ახლა არის, სახიფათო მაინც არ არის მათი სიცოცხლისთვის. ესაა პრობლემა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი იყო სახიფათო. არ არის აქ დიდი ფილოსოფია, ელემენტარული თავდაცვის ინსტინქტი მოქმედებს.