კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ნინო მეუნარგია: არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი იღუპებოდა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  განებივრებული გოგოს ვარსკვლავური ცხოვრება მაშინ, როცა თავს ყველაზე ბედნიერად თვლიდა, ძალიან დიდმა განსაცდელმა და ოთხწლიანმა ტკივილით სავსე პერიოდმა შეცვალა. თუმცა, შეძლო, არსებული რეალობა მიეღო და საკუთარ თავში სიცოცხლის გასაგრძელებლად ძალა ეპოვა.
  ნინო მეუნარგია: 29 წლის წინ მივედი ტელევიზიაში „მეორე არხზე“. ეს ჩემი ცხოვრების საოცარი პერიოდი იყო, რომელსაც დიდი პოპულარობა მოჰყვა. ისე მივეჩვიე ამ რეალობას, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლო, ვერც წარმომედგინა. ეს გახდა ჩემი ნარკოტიკი. თუმცა, შემდეგ დავქორწინდი, ორი წელი ბარსელობაში ვცხოვრობდი და ეს პერიოდი ტელევიზიას ჩამოვშორდი. გოგონა ორი წლის იყო, ვაჟს ველოდი, როცა უკან დავბრუნდით.  ბუნებრივია, ჩემი ნარკოტიკის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებდი და ძალიან მალე დავუბრუნდი მედიასაც (იცინის). მას შემდეგ არაერთი გადაცემა წავიყვანე. პირადზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ისე მოხდა, რომ განვქორწინდი. პირველი ქორწინებიდან ორი შვილი მყავს – 24 წლის ანა და 22 წლის ვახტანგი. ხუთი წლის შემდეგ მეორედ, კვლავ სიყვარულით, შევქმენი ოჯახი. ძალიან კარგი მეუღლე მყავს და ჩვენი პატარა – დაჩი, ათი წლისაა. ბევრს უკითხავს, რთული არ იყო მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმაო? მეორედ ოჯახი განქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ შევქმენი და რთული არ იყო, რადგან ჩემს ახლანდელ მეუღლეს იმდენად ვუყვარდი, რომ ყველა სირთულე დასძლია. ჩემთვის ამოსავალი ის გახდა, რომ მას ძალიან უყვარდა და უყვარს ჩემი შვილები. მეც ძალიან შემიყვარდა ეს ადამიანი და გადაწყვეტილებაც მივიღე. ძალიან ბევრი სირთულე გადავლახეთ ერთად და ვფიქრობ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ საზოგადოებისთვისაც. მოტივაცია ჩემი დაჩიკოა – მას ცერებრალური დამბლა აქვს.
– თუმცა, დაჩიკო არ დაბადებულა ამ მდგომარეობით.
– დაჩიკოს დაბადებამდე, როცა შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი, მამა გარდამეცვალა. სამოცი წლის იყო. საღამოს მასთან ვიყავით, სუფრა გაიშალა, მომავლის გეგმებზე ვსაუბრობდით... დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ მამა აღარ იყო... სამსახურში უცაბედად, გაღიმებული გარდაიცვალა... თრომბით. ეს იყო ძალიან დიდი სტრესი. ორ თვეში დაიბადა დაჩიკო. არანაირი პრობლემა, ჯანმრთელი ბავშვი. მეხუთე დღეს მე უკვე ეთერში ვიჯექი. ცხოვრება თავიდან დავიწყე, გავახალგაზრდავდი. მე თვითონ განებივრებული ბავშვი ვიყავი. არ ვიცოდი, რა იყო გაჭირვება და უცებ, ეს განებივრებული გოგო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. დაჩი დაბადებიდან ერთი კვირის თავზე ძალიან ცუდად გახდა. ბავშვი საკვებზე უარს ამბობდა და ისტერიულად ტიროდა, თან ძალიან ყვითელი იყო. სიყვითლე მეორე დღიდანვე შევატყვეთ. სასწრაფოდ გადავიყვანეთ ღუდუშაურის კლინიკაში. მე მაშინ ამას ვინ მეტყოდა, მაგრამ თურმე, ბავშვს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ჰქონდა. დიდი მადლობა გელა მეცხვარიშვილს, მან გაუკეთა დაჩის ჩანაცვლებითი თერაპია, მაგრამ იმდენად მაღალი ჰქონდა ბილირუბინი, რომ ექიმი გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდა. ჩანაცვლებითი თერაპია ურთულესი ოპერაციაა, ბავშვს თავის მოწამლული სისხლისგან ცლიან და პარალელურ რეჟიმში ახალი სისხლი შეჰყავთ. ეს ხდებოდა ბარბარობის ღამეს – 17 დეკემბერს. მახსოვს ძალიან ბევრი ხალხი, მამაკაცების ულევი რაოდენობა. ვფიქრობდი, რა უნდა ამდენ ხალხს? სამარისებული დუმილი... არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი იღუპებოდა, არც ჩემმა მეუღლემ იცოდა. მახსოვს, ექთანი გამოვიდა და მითხრა: გესმის როგორ ტირის? ეს კარგია – შენი შვილი იბრძვისო. მაგრამ ვერაფრით დავუშვებდი, რომ ჩემი შვილი განწირული იყო და სიცოცხლისთვის იბრძოდა. მანამდე მოძღვარიც მოიყვანეს დაჩის მოსანათლად, მაგრამ მსგავსი რამ მაინც ვერ დავუშვი. ჩემი მეგობრისთვის უთქვამთ, რამე მიზეზით დედა გაარიდეთ აქაურობას, რომ ამ ფაქტის შემსწრე არ გახდესო. მეგობარმა წამიყვანა სახლში. დამარწმუნა, ერთი საათით მაინც გამოიძინე, ოპერაცია რომ დასრულდება შვილს დასჭირდებიო. მერე მიყვებოდა, ტელეფონმა რომ დარეკა, ვიფიქრე, ღმერთო, ახლა რა ვქნათო?! მახსოვს მისი და მისი მეუღლის ყვირილი, მოვრბივართო, როცა უთხრეს, რომ ბავშვი გადარჩა. ექიმს კისერზე ჩამოვეკიდე, დიდი მადლობა-მეთქი. მე არა, მადლობა უფალსო. მაშინ მივხვდი, რას გადავრჩი. მითხრეს, ბავშვს იმდენად ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა, მისი ყველა ორგანო სიცოცხლისთვის იბრძოდაო. შემდეგი სამოცდათორმეტი საათი ურთულესი იყო, მაგრამ გადავლახეთ. არ ვიცოდი, რა შედეგი შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. რადგან გადარჩა, ჩავთვალე, რომ ყველაფერი დასრულდა. შემდეგ დაიწყო კვლევები. აღმოჩნდა, რომ ცერებრალური დამბლა ჰქონდა. ამ დაავადებას ძალიან ბევრი ფორმა აქვს, დაჩის აქვს დაჭიმულობა. ნებისმიერ ემოციაზე მისი ყველა კიდური იჭიმება, როგორც გარეგნულად, ისე ორგანულ დონეზე. ათი წელია, ვიბრძვით. ახლობლების დახმარებით ბევრი რამ გავაკეთეთ, სხვა ქვეყნებშიც ვიყავით. დაჩის ისეთი ფორმა აქვს, თანდართული პრობლემებით, რომ სისტემატური მკურნალობა და კვლევებია საჭირო. ერთი რამის თქმა შემიძლია – ბედნიერებაა, როცა გვერდით ისეთი ადამიანები გყავს, როგორიც მე, ყველა გვერდით დამიდგა.
  ამასობაში კიდევ ერთი ტრაგედია გადავიტანე, დედა დამეღუპა. დაჩი მაშინ ორი წლის იყო. ჩემ თვალწინ დაარტყა მანქანამ. ამნეზია დამემართა, იმ მომენტში აღარაფერი მახსოვდა. ერთადერთი რამ მახსოვს, არ გადააფაროთ-მეთქი, ვყვიროდი. ეტყობა, ეს თავდაცვის მექანიზმი იყო. მაშინ გარდამეცვალნენ გამზრდელი ბებიებიც. უმძიმესი ოთხი წელი იყო. მშობლები და ბებიები რომ წავიდნენ ამ ქვეყნიდან, მივხვდი, რომ ძალიან გავიზარდე.
– ამ ყველაფრის შემდეგ როგორ შეძელით თავის ხელში აყვანა?
– დაჩიკოს ძლიერი დედა სჭირდებოდა, უფროს შვილებს დედა სჭირდებოდათ – ბევრი პასუხისმგებლობა მქონდა. როცა შვილები გყავს, უფლება არ გაქვს, გატყდე. შვილები ჩემი მოტივატორები იყვნენ. ჩემი მეუღლისთვის ეს იმხელა სტრესი იყო, იქით გახდა მდგომარეობიდან გამოსაყვანი. ინფორმაცია არაფერზე მქონდა. ათწლეულების წინ შეზღუდულ შესაძლებლობებზე ვინ საუბრობდა? ეს ადამიანები ქუჩაშიც არ გამოდიოდნენ. მეზობელი მყავდა დაუნის სინდრომის მქონე და თვალს ავარიდებდი ხოლმე. ახლა რომ ვფიქრობ – რას ჰქვია თვალს აარიდებდი? ეს აბსოლუტურად უცხო სამყარო იყო ჩემთვის, რომელთანაც არანაირი შეხება არ მქონდა. მოვიტყუები, რომ ვთქვა, ერთ დღეში გადავლახე ყველაფერი-მეთქი. მაგრამ მადლობა უფალს, ფსიქოლოგის დახმარების გარეშე, ყველაფერი გავაცნობიერე. საკუთარ თავს ვუთხარი: ნინო, ადვილია ჯანმრთელი შვილების გაზრდა? ახლა ჩემს შვილს ძალიან უჭირს და ფეხზე დაყენება სჭირდება-მეთქი. მაშინ მე მორალურად გარდავიცვალე, მოვკვდი. მაგრამ მივხვდი, რომ თუ იმ მდგომარეობაში დავრჩებოდი, ჩემი შვილების მომავალს გავანადგურებდი. გადავწყვიტე ინტერნეტ-სივრცის საშუალებით მე თვითონ გავრკვეულიყავი ყველაფერში. გავარკვიე, რომ ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ჩემი შვილი მთელი ცხოვრება იქნება, მაგრამ არსებობს გზები მის გასაუმჯობესებლად. მე ვისწავლე ამ მდგომარეობასთან ერთად ცხოვრება. დღეს ვერც წარმომიდგენია, რომ შეიძლება, დაჩიკო სხვანაირი იყოს. არ ვიცი, ეს რა იყო, ექიმების შეცდომა თუ უფლის ნება, ამაზეც არ მიფიქრია დიდხანს. დამნაშავის ძებნა რომ დამეწყო, იქ ჩავრჩებოდი და შვილს ვერაფრით დავეხმარებოდი. ეს აზრები მოვიშორე და მასთან ერთად ცხოვრება ვისწავლე. მედიიდან წამოვედი და მთლიანად დაჩით ვიყავი მოცული. შემდეგ ვნახე ადამიანი – ეკა, რომელსაც ჩემი შვილი მივანდე და მე რომ სახლში არ ვარ, ის დაჩიკოსთვის დედაა. ოთხი წლის შემდეგ დავუბრუნდი აქტიურ ცხოვრებას. გადავწყვიტე, მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მიმართულებით მემუშავა და უკვე შვიდი წელია, რადიო „იმედის“ ეთერში გადის ჩემი საავტორო გადაცემა „ჩვენ აქ ვართ“. დიდი მადლობა ჩვენი პროგრამების დირექტორს – დავით მაღლაფერიძეს, რომ ეს პროექტი ეთერშია. ეს გადაცემა არა მარტო ამ თემის სამსახურში დგას, მთელი საზოგადოებისთვისაა. ჩვენ, ყველამ ერთად, ვისაც ამ თემასთან შეხება აქვს, ნელ-ნელა შევძელით ადამიანების ცნობიერების შეცვლა. ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებულ შშმ პირებზე აქცენტების გაკეთება. ამავდროულად, რადიო „იმედის“ დილის წამყვანიც ვარ, რაც უძილო ღამეების შემდეგ ჩემთვის უდიდესი რელაქსია.
– მატერიალური პრობლემები...  ყველაფერთან ერთად, ამასთანაც მოგიწევდათ გამკლავება.
– ჩემმა ხასიათმა მიშველა, ძალიან მიყვარს სიცოცხლე. ძალიან ბევრი რამ გავყიდეთ, შეიძლებოდა, უსახლკაროდაც დავრჩენილიყავით. მაგრამ მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: მე ვიწყებ თავიდან-მეთქი და ასეც მოვიქეცი. იმ ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი, ჩემი მდგომარეობის სიმძიმე ჩემს შვილებს არ ეგრძნოთ. ისინი ხედავდნენ დაჩის, მაგრამ ჩემს სულიერ მდგომარეობას მათ თავს არ ვახვევდი. მზრუნველი და ხალისიანი დედა ვიყავი. არც მეუღლეს ვაკლებდი ყურადღებას. მე და ჩემი მეუღლე ერთად გავდიოდით ამ ეტაპებს. ჩემს თავს ვეუბნებოდი, შენ ვინ მოგცა დეპრესიის უფლება, დეპრესია ფუფუნებაა. როგორ, დაჩი ამ მდგომარეობაშია, ანუცის და ვატოს გარდატეხის ასაკი ეწყებათ, ამხელა მატერიალური პრობლემებია და რა დროს დანებებაა?! სამეგობრო, და-ძმა, ახლობლები – ყველანი გვერდით გვედგნენ და საკუთარ თავს სისუსტის უფლებას არ ვაძლევდი. პირიქით, ძალიან გავძლიერდი.
– დღეს თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელიც ხართ.
– რატი იონათამიშვილმა მითხრა წლების წინ, არ გინდა პარასპორტით დაინტერესდეო? სიხარულით შევხვდი ამ წინადადებას. პარალიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანთან, რევაზ რევაზიშვილთან მივედი და მასთან ერთად რამდენიმე პარასპორტსმენი ჩავწერე. ძალიან მოტივირებული და შრომისუნარიანი ადამიანების სახით აბსოლუტურად სხვა სამყარო აღმოვაჩინე. რამდენიმე სტუმრობის შემდეგ ბატონმა რევაზმა შემომთავაზა, მათ პიარზე მეზრუნა, რასაც სიხარულით დავთანხმდი. პიართან შეხება არ მქონია, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს თემა ძალიან კარგად ვიცოდი. მიხარია, რომ ჩემი კოლეგებისგან პრობლემა არ შემხვედრია და დღეს პარასპორტი საქართველოში პოპულარულია. რომ არა სახელმწიფოს ძალიან დიდი მხარდაჭრა, ამხელა წარმატებას ვერ მივაღწევდით. დიდი მადლობა ბატონ რევაზ რევაზიშვილს და მთელ გუნდს ამ წარმატებისთვის!
  დიდი მადლობა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს- შალვა მაისურაძეს, ბატონ რევაზ რევაზიშვილს და მთელ გუნდს ამ წარმატებისთვის.


скачать dle 11.3