№47 რატომ დაენგრა ოჯახი თორნიკე ყიფიანს და როგორ დაიწყო მან ყველაფერი ნულიდან
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
„საქართველოს ვარსკვლავის“ ათეულის ერთ-ერთი წევრი „X ფაქტორის“ გამარჯვებული თორნიკე ყიფიანია, მუსიკოსი, რომელიც საკუთარი ნიჭის წყალობით, მსმენელის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და შესაბამისად, მისდამი მოლოდინი ამჯერადაც დიდია.
თორნიკე ყიფიანი: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მუსიკალური შოუ – „საქართველოს ვარსკვლავი“, ძალიან კარგი პროექტია. ამ კონკურსზე ბევრი შესანიშნავი ადამიანი მუშაობს: პროდიუსერები, მასწავლებლები, ჟიური, მემონტაჟეები და აბსოლუტურად ყველა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კონკურსის მეორე სეზონს, ეს ერთადერთი შანსია იმისთვის, რომ საქართველო „ევროვიზიის“ კონკურსზე წარვადგინო. ახლა უკვე ცნობილია ძირითადი ათეული და აქვე გეტყვით, რომ ჟიურიმ მშვენიერი არჩევანი გააკეთა. მართლაც რომ, ძალიან კარგი მომღერლები შეარჩია, თუმცა ვფიქრობ, „ევროვიზიაზე“ გამარჯვების უფრო მეტი შანსი მე მექნება.
– რატომ ფიქრობ ასე? რა მიგაჩნია შენს მთავარ პლუსად?
– ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი პლუსი ხმა არის. სხვა რა უნდა იყოს, შვარცენეგერის ტანი მე არ მაქვს და ბრედ პიტის ღიმილი (იცინის). იმიტომ მსურს ამ კონკურსში გამარჯვება, რომ მერე საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ გავიმარჯვო და შემდეგი „ევროვიზია“ ჩვენს საყვარელ საქართველოში ჩატარდეს, რაც თვითონ ქვეყნისთვის იქნება ძალიან მომგებიანი.
– შარშანდელმა გამარჯვებულმა, დიდ მხარდაჭრასთან ერთად, სამწუხაროდ, ბევრი ნეგატივიც მიიღო. შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და მზად ხარ იგივე განწყობისთვის?
– როგორც მივხვდი, ოთო ნემსაძეს გულისხმობთ. ბევრს ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი აზრით, ოთოს ბრალი არ არის, ის ძალიან კარგი მომღერალია და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. ვფიქრობ, თვითონ სიმღერა იყო სუსტი.
– წერდი, გული მიგრძნობს, მალე გამოვვარდებიო, რატომ?
– ჰო რა ვიცი, მაინც ვფიქრობ, რომ მალე გამოვვარდები.
– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც „X ფაქტორში“ გაიმარჯვე?
– ბევრი რამ შეიცვალა და უფრო მოხდა, რადგან მას შემდეგ უკვე ხუთი წელიწადი გავიდა. კონცერტებს და ჩემს გამოჩენას რაც შეეხება, რამდენიმე კონცერტზე ვიმღერე: თიანეთობაზე, ბორჯომობაზე, საახალწლო კონცერტებში მივიღე მონაწილეობა, ბათუმში მქონდა რამდენიმე კონცერტი, გურიაში, კახეთში, თბილისის რამდენიმე კლუბსა და ბარებშიც ვუკრავდით მე და ჩემი ჯგუფი. ყველგან ძალიან თბილად დაგვხვდა ხალხი. ამ დღეების ბედნიერი მოგონებები ცხოვრების ბოლომდე გამყვება, როგორც რაღაც ულამაზესი ზღაპარი. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, ოკუპაცია, გაჭირვება და უამრავი პრობლემა, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია და რაც ხელს უშლის ხელოვნების ნებისმიერი დარგის განვითარებას და არსებობასაც კი. მე გადავწყვიტე, მესწავლა ელექტრონული პროგრამები, რომ დამოუკიდებლად შემექმნა ჩემი საავტორო მუსიკა. ბოლო 4 წელია, სწორედ, ამას ვაკეთებ და ასე თუ ისე, შედეგი უკვე მაქვს. ჩემი არაერთი ნამუშევარი ჩემს YouTube არხზე შეგიძლიათ, მოისმინოთ. ხარისხს ნელ-ნელა ვაუმჯობესებ და სამომავლოდ უკეთესებსაც ავტვირთავ. ასევე, ვმუშაობ ქართულენოვან ალბომზეც, რომელსაც დასასრულებლად კიდევ ორი წელიწადი დასჭირდება. ასე რომ, ნამდვილად არ გავჩერებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პრობლემებიც მქონდა. საერთო ჯამში, რასაც ველოდი, იმაზე კარგი რეალობაა. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მეტი რა უნდა მოხდეს.
– მუსიკალურ სფეროში ახერხებ თავის იმდენად რეალიზებას, რომ, საკუთარი და ოჯახის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სხვა სამსახურის, სხვა საქმის შეთავსება არ დაგჭირდეს?
– ეს ჯერჯერობით, უბრალოდ, შეუძლებელია. ზოგადად, მუშაობა არ არის სათაკილო, ასე თუ ისე, რაღაცას მივაღწიე. მანამდე, სანამ „X ფაქტორში“ გავიდოდი, თურქეთში ვუკრავდი, ზღვის სეზონზე – ქობულეთშიც, ბათუმშიც. ეს საქმე, რატომღაც, ყველას უბრალო გართობა ჰგონია. თუ პატიოსნად შრომობ ერთ და ორ წელიწადში ფული არ იშოვება. ისე, რომ ფეხი ფეხზე გადაიდო და მატერიალური პრობლემები არ გაწუხებდეს, არც ერთ საქმეში ეგრე არ ხდება, რა თქმა უნდა, თავიდანვე დაფინანსება თუ არ გაქვს. მე ეს საქმე ნულიდან დავიწყე. ჩემი პირველი გიტარა ცხრამეტი წლისამ ვიყიდე, არქიტექტურულზე ვსწავლობდი და ხარფუხის დასახლების აღრიცხვა დამავალეს, რაშიც 130 დოლარი გადამიხადეს.
– სხვათა შორის, წინა კონკურსზე სერიოზული პრიზები მიიღე, ავტომობილიც – ისწავლე მართვა? ბინა – გუდაურში, როგორ იყენებ მას და აქვე, მოგზაურობის შესახებაც მომიყევი, რაც, ასევე, როგორც გამარჯვებულს, გერგო.
– მართლაც მშვენიერი პრიზები მხვდა წილად, რისთვისაც დღემდე მადლიერი ვარ. ავტომობილის მართვა კი ვიცოდი, მართვის მოწმობა არ მქონდა. თუმცა მას შემდეგ, რაც „ჰიუნდაის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს შესანიშნავი მანქანა მაჩუქა, ავტოსკოლაში შევედი, წესებიც ვისწავლე და მართვის მოწმობაც ავიღე. ეს მანქანა ბიზნესკლასის გახლდათ, ფული უფრო გვჭირდებოდა და ამიტომ გავყიდე. ჩემთვის იაფფასიანი მანქანა ვიყიდე და დარჩენილი ფული ოჯახს მოვახმარე. გუდაურში ნაჩუქარ ბინას სეზონურად ვაქირავებდით. ცოლთან გაშორების შემდეგ ორი წელი ყადაღა ედო. ახლა, რაც სასამართლო პროცესები დასრულდა ალბათ, ისევ გავაქირავებ. საგზურებიც ძალიან კარგი იყო, ჩემს ყოფილ ცოლთან ერთად ვიმოგზაურე პარიზსა და ამსტერდამში. არაერთი ბავშვობის ოცნება ავიხდინეთ მეც და მანაც.
– მეუღლეს დაშორდი?
– მე და ჩემმა ცოლმა 2017 წელს გავაწერეთ ხელი. ბავშვები ზუგდიდში ცხოვრობენ – დედასთან და მის მშობლებთან. მათთან სასამართლოს წესით დადგენილი დროით მაქვს ურთიერთობა. ძალიან მიყვარს ჩემი შვილები და მათაც ძალიან ვუყვარვარ. ბავშვების შესახებ ამ ეტაპზე მეტად საუბარი არ მსურს. დიდი ბოდიში. ბავშვების ნახვაში შეზღუდული ვარ. ზუგდიდში ცხოვრობენ, შორია და ახლა, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ჩავდივარ. თუმცა, 2018 წლამდე ბავშვები ჩემთან ცხოვრობდნენ და მათ აღზრდაშიც დიდი წვლილი შემქონდა. არც მომავალში მოვაკლებ ყურადღებას. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება.
– სოციალურ ქსელში წერდი: „მერე რა, რომ სუსტი, მახინჯი და დებილი ვარ. არც მე მომწონს, მაგრამ ამის გამო, არ ვდარდობ და თავს არ მოვიკლავ“. რას ერჩი შენს თავს ან სხვა რას გერჩის?
– არც ვინმე მერჩის და არც მე ვერჩი საკუთარ თავს. მადლობა ღმერთს, რომ ვართ ცოცხლები. უნდა გვახსოვდეს, რომ ხანდახან სუნთქვაც კი მტკივნეულია და არც ერთმა ადამიანმა თავი არ უნდა მოიკლას, მით უმეტეს, თავისი გარეგნობის გამო – ამის თქმა მინდოდა ხალხისთვის. უბრალოდ, ცოტა სასაცილოდ ვთქვი. თან, მართლა სუსტი და მახინჯი ვარ (იცინის).