№47 რა ბიზნესი წამოიწყო ირაკლი მაქაცარიამ უკრაინაში და როგორ იკლებენ ადამიანები წონაში მისი დახმარებით რამდენიმემილიონიანი აუდიტორიის წინაშე
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
ირაკლი მაქაცარიამ, ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი ამპლუა მოირგო – „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრის როლი. გარდა ამისა, მან უკრაინაში საკუთარი სამკაულების ხაზი გამოუშვა, რომლის გაყიდვიდან მიღებული თანხის გარკვეული ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება. თუმცა, მისი საქმიანობის სფერო მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და რაც მთავარია, ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ის ხელს ჰკიდებს, წარმატებულად ართმევს თავს. ამაში კი ირაკლის საკუთარი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ეხმარება.
ირაკლი მაქაცარია: როდესაც ნოემ მითხრა, რომ ამ სეზონზე „ცეკვავენ ვარსკვლავები“ იქნება და მინდა, ჟიურის წევრობაზე შენი კანდიდატურა შევთავაზოო, თავიდან ცოტა ვინერვიულე. საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან თვითკრიტიკული ვარ. როცა რაღაცას ვაკეთებ, ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ საკუთარ თავს, დიდხანს ვფიქრობ ხოლმე. არ მინდოდა, საზოგადოების გაღიზიანება გამოეწვია, რადგან ამ პროექტში მონაწილეობა კი მაქვს მიღებული როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, მაგრამ სუპერფინალისტი ვიყავი და არ მომიგია. ჩემს ბევრ მოცეკვავე მეგობარს გავუზიარე აზრი: რამდენად მისაღები იქნებოდა მათთვის ჩემი ჟიურის წევრობა და მათი მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა იყო.
– რა რეაქცია გექნებოდა, ამ ყველაფერს საზოგადოების გაღიზიანება რომ მოჰყოლოდა?
– მოხარული ვარ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო. მე თუ გადაწყვეტილებას მივიღებ, ესე იგი, მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების და იმაზე აღარ ვფიქრობ, ვინ რას იტყვის. პირველი ეთერის შემდეგაც მივედი მათთან, ვისი აზრიც მაინტერესებდა, ვთხოვე, ობიექტურად ეთქვათ პლუსიც და მინუსიც. მოვისმინე ისეთი აზრები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. როცა „პრაიმ შოუში“ დავიწყე წამყვანობა, მაშინაც არ მქონდა გამოცდილება და რა თქმა უნდა, ბევრი რამ გავითვალისწინე და აზრიც ვიკითხე.
– შენთან ერთად ჟიურის ერთ-ერთი წევრი ხუაკინ კორტესია. შენთვის, ალბათ, ეს ფაქტორიც საკმაოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია.
– ხუაკინი არის ადამიანი ლეგენდა, რომელიც დღემდე ყველაზე დიდ დარბაზებს ავსებს. როდესაც უკრაინაში საერთაშორისო ტური გვქონდა და მე ფლამენგო ავარჩიე, ხუაკინი იყო ჩემთვის ინსპირაცია – ცეკვის ღმერთია. ის, რომ ხუაკინ კორტესთან ერთად ერთ მაგიდასთან ვზივარ და ორივე ჟიურის წევრი ვართ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ეთერის შემდეგ თვითონ მოვიდა და მითხრა: ბრავო, ძალიან კარგი იყოო. ასეთი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კი გავიცანი, მაშინვე ვუთხარი, რომ ჩემი ინსპირაცია იყო და მიხარია, რომ ახლა მაქვს შესაძლებლობა მასთან ერთად ვიყო ჟიურიში. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება, სკოლაა. პირველი მე ვაკეთებ შეფასებებს, ვწერ ქულებს და ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი შეფასებები ერთმანეთს დაემთხვა.
– ყველა პროექტი, სადაც მონაწილეობდი, შენთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კი, ალბათ, დიდი შრომის ფასად მოვიდა.
– ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. მართლაც არ ვიშურებ ენერგიას, დროს, თავდადებას იმისთვის, რომ რაღაც გავაკეთო. აქედან გამომდინარე, ადეკვატური შედეგიც მოჰყვება ხოლმე.
– ცოტა ხნის წინ საიუველირო ბრენდი დააარსე და ძალიან ლამაზ სამკაულებს ამზადებთ.
– Makatsaria jewelry – ასე ჰქვია და შექმნის იდეა 6 თვის წინ გაჩნდა. ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი კიევში, ვსაუბრობდით ქველმოქმედებაზე. ამ კუთხით, ერთჯერადად, ბევრ პროექტში ვარ ჩართული – მსიამოვნებს ხოლმე სიკეთის გაკეთება. ჩემი მეგობარი უკრაინაში მრავალი წელია, საუველირო ბიზნესშია და საუბარში ეს იდეა წამოვიდა. მივხვდით, რომ საინტერესო იქნებოდა, თან, მინდოდა, პირველი კოლექცია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის მიგვეძღვნა. მოკლედ, ჰანტელამდე მივედით... სპორტი, წარმოიდგინე, რა მაგარია და მეორე დღესვე დავიწყეთ დიზაინზე მუშაობა.
საბოლოოდ, გაკეთდა კოლექცია. უკრაინაში იყიდება, თუმცა, შეუძლიათ, ინტერნეტის საშუალებით საქართველოშიც იყიდონ. პრეზენტაცია მექნება კიევში, ოდესაში და შემდეგ მინდა, თბილისში გავაკეთო. სამკაულების გაყიდვიდან მიღებული თანხის გარკვეული ნაწილი მიდის საქველმოქმედო ფონდში, რომელიც უკრაინაში დავაარსე და ყოველ ჯერზე კონკრეტულად ვამბობთ, ვის ვეხმარებით, რა ტიპის დახმარება იქნება. იდეა კარგია, ხარისხი ძალიან კარგია: ვიყენებთ ოქროსა და თეთრ, შავ ბრილიანტებს. ქალის კოლექციაც არის და მამაკაცისაც. თან, ვინც იყიდის, უკვე ქველმოქმედებაში მონაწილეობს.
საბოლოოდ, გაკეთდა კოლექცია. უკრაინაში იყიდება, თუმცა, შეუძლიათ, ინტერნეტის საშუალებით საქართველოშიც იყიდონ. პრეზენტაცია მექნება კიევში, ოდესაში და შემდეგ მინდა, თბილისში გავაკეთო. სამკაულების გაყიდვიდან მიღებული თანხის გარკვეული ნაწილი მიდის საქველმოქმედო ფონდში, რომელიც უკრაინაში დავაარსე და ყოველ ჯერზე კონკრეტულად ვამბობთ, ვის ვეხმარებით, რა ტიპის დახმარება იქნება. იდეა კარგია, ხარისხი ძალიან კარგია: ვიყენებთ ოქროსა და თეთრ, შავ ბრილიანტებს. ქალის კოლექციაც არის და მამაკაცისაც. თან, ვინც იყიდის, უკვე ქველმოქმედებაში მონაწილეობს.
– უკრაინაში პრესტიჟული ჯილდო გადმოგცეს.
– ამ დაჯილდოებას ჟურნალი Elle-ის რედაქცია ატარებს. სხვადასხვა ქვეყანაში ყოველ წელს გამოვლინდებიან ყველაზე მოდური ადამიანები. მე ერთ-ერთ ნომინაციაში გავიმარჯვე – ყველაზე მოდური მამაკაცი. არასდროს მივილტვი ასეთი რაღაცებისკენ. უბრალოდ, პატივია იმ კუთხით, რომ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაცია 50-მილიონიან ქვეყანაში წარგადგენს. ძალიან სასიამოვნოა. ხმას მკითხველები გვაძლევდნენ. მე არც მოდის ბლოგერი ვარ, არც კრიტიკოსი და არ არის ეს ის მიმართულება, რაზეც ვმუშაობ. არც სტილისტი მყავს, არც დიზაინერი, ჩემით ვარჩევ სტილს და ეს ჩემი თვითგამოხატვაა. ეს ჯილდო უკრაინაში ყველა დაჯილდოებას შორის საუკეთესოა.
– სატელევიზიო პროექტში მწვრთნელის როლი გაქვს.
– საერთაშორისო ფორმატის პროექტია, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში წარმატებულად გადის. უკრაინაში უკვე მეცხრე სეზონია და შეიძლება, ითქვას, რომ ყველაზე რეიტინგული გადაცემაა. მოდიან ჭარბწონიანი ადამიანები და 17 კვირის განმავლობაში, ყველაფერს მოწყვეტილები, დახურულ ბაზაში ცხოვრობენ.. ორ გუნდად არიან დაყოფილები და ვართ ორი მწვრთნელი. მე ჩემი გუნდი მყავს და მეორეს – თავისი გუნდი. 17 კვირის განმავლობაში ვავარჯიშებთ. დიეტოლოგიც ჩართულია, ფსიქოლოგიც მუშაობს. სწორი დასვენება, სწორ კვებაზე გადადიან. ყოველი კვირის შემდეგ იწონებიან. მერე ხდება ხმის მიცემა და გუნდის წევრები წყვეტენ, ვინ უნდა დატოვოს პროექტი. სახლში დაბრუნების შემდეგაც აგრძელებენ გახდომის პროცესს, რომელშიც აქტიურად ვარ ჩართული. ბოლოს საფინალო აწონვა ხდება და ორი გამარჯვებული გამოვლინდება.
– უნდა მოიგო?
– ჩემთვის პროექტის მოგება არ არის მთავარი პრიორიტეტი. ჩემთვის მთავარია, მათ საკუთარ კომპლექსებზე, პრობლემებზე გაიმარჯვონ და ცხოვრება რეალურად შეეცვალოთ.
– ხშირად იმარჯვებ საკუთარ თავზე, ამარცხებ შენს კომპლექსებს?
– ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარ თავთან რაღაცაში ვიმარჯვებ. სინამდვილეში, ზარმაცი ვარ. მეც მიყვარს ძილი, თბილი ლოგინიდან ადგომა არც მე მინდა ხოლმე, ხანდახან არ მაქვს ხასიათი, რომ წავიდე და ვივარჯიშო. მაგრამ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ყოვედღიურ რეჟიმში, რასაც ვხვდები, რის ხარჯზე ვაკეთებ. თუ დავისახავ მიზანს, ვიცი, რომ უნდა მივიდე და გავიმარჯვო. წინააღმდეგობები ყოველთვის არსებობს და ეს არ მაშინებს. წინააღმდეგობა სულ უნდა იყოს, რომ წარმატების გემო გაიგო. წარუმატებლობის შიში უნდა გქონდეს, რადგან ეს უფრო მეტ მოტივაციას გაძლევს. ჩემი მამოძრავებელი, სამოტივაციო ძალა არის ის, რომ წარმოვიდგენ რაღაც დავისახე და არ გამოვიდა, ამ დროს უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება, რაც არ მინდა. საკუთარ თავთან ძალიან მაქსიმალისტი ვარ.
– შენი პირადი ცხოვრებაც მუდმივად აქტუალურია. არის რამე სიახლე?
– პირადში სიმშვიდეა. ამ რეჟიმში რთულია. რა თქმა უნდა, ვხვდები მანდილოსნებს, პერიოდულად სადღაც მივდივართ-მოვდივართ, მაგრამ ურთიერთობა არავისთან მაქვს. ერთ-ერთი მთავარი დროა, რადგან დღესდღეისობით ჩემი რეჟიმი საგიჟეთია, ორ ქვეყანაში გადაღებები – გადაფრინდი-გადმოფრინდი, პროექტები. ჩემს თავს მეტი დრო რომ დავუთმო, კაფეებში ვაირო, თეატრებში, მეტი შანსია, ვიღაც გაიცნო. ისეც შეიძლება, ვინმეს გადაეყარო, გაიცნო, მთავარია, გრძნობა იყოს, სურვილი, ჯერ ასეთი შეგრძნება არ მქონია.
– კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა შენს ცხოვრებაში – შენი დის გათხოვებას ვგულისხმობ.
– უმნიშვნელოვანესი. გოგა საოცრად კარგი ადამიანია. ჩემმა სიძემ გაცნობისთანავე უდიდესი სიმპათია დაიმსახურა. მეორე ის, რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი და ამაზე დიდი ბედნიერება არ არის. მინდა, ბედნიერები იყვნენ და მალე გავხდე ბიძა. ბავშვებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, ყველა მიყვარს. ღმერთის წყალობით, ალბათ, გავხდები ბიძაც და შემდეგ მამაც.
– და ახლა კიდევ უფრო აქტუალური გახდებოდა შენი დაოჯახების თემა...
– სწორია. როცა 30 წელს გადააბიჯებ, ლოგიკურია და არავის თქმა არ მჭირდება, მეც ვხვდები, სურვილიც მაქვს – ღიად ვაცხადებ. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ 30 წლის გახდი და ცოლი უნდა მოიყვანო, დააწერო „შესრულებულია“, ამის გამო ვერ გავაკეთებ. რეალური გრძნობა უნდა იყოს, რომ მერე ოჯახი მყარი გახდეს, თორემ, დარწმუნებული ვარ, ბევრი მსურველი იქნება.