№47 რა ისტორიული შედეგი დადო მერაბ დვალიშვილმა საბრძოლო სამბოში და რომელ ტურნირზე დაესწრო დონალდ ტრამპი
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა „კომბატ სამბოში“ ქართული ისტორია დაწერა. მან 2019 წლის საბრძოლო სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მერაბი პირველი ქართველი მმს მებრძოლია, რომელიც საბრძოლო სამბოში მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკლზე ავიდა.
მერაბ დვალიშვილი: საქართველოში ძალიან კარგი სამბოს გუნდი გვყავს, იგებენ ევროპის, მსოფლიო, ჩემპიონატებს, მაგრამ კომბატ სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგი არ ჰქოდნათ დადებული. ეს არის საბრძოლო სამბო, სადაც ჭიდაობასთან ერთად საბრძოლო მოქმედებებსაც იყენებ. ამ სახეობაში პირველად გამოვედი ჩემპიონატზე და პირველი ოთხი შეხვედრა მოვიგე, ფინალში დავმარცხდი. მსგავსი შედეგი საქართველოს ჯერ არ ჰქონია. მზად ვიყავი ჩემპიონატისთვის, უბრალოდ, ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ ათი წელია სამბოში აღარ ვჭიდაობ და წესები დავიწყებული მქონდა. ფინალში გამოცდილი მოწინააღმდეგე შემხვდა, თან, ფინალური ბლოკი სამი საათის მერე იყო. მოწინააღმდეგე თავის მწვრთნელთან ერთად უყურებდა ჩემს ოთხ შეხვედრას და როგორც ჩანს, ჩემი სტილი კარგად შეისწავლეს (იცინის). ის ცდილობდა, ეჭიდავა ჩემთან და არ მეჩხუბა. ჭიდაობაში არ მეყო ქულა და 4:1 მომიგო.
– რატომ დაბრუნდი სამბოში?
– იანვრამდე UFC ჩხუბი არ მქონდა, შესაბამისად, დრო გამომიჩნდა. ბოლო პერიოდში გავძლიერდი, ვიცოდი ჩემი შესაძლებლობები და მინდოდა, ჩემი ქვეყნისთვის ამ სახეობაშიც მომეტანა სახელი. ეს კარგი შანსი იყო, თავისუფალი დრო რომ გამომეყენებინა, ამიტომ გავედი ჩემპიონატზე.
– ასპარეზობისას ტატამზე ფაფახითა და ქართული ელემენტებით გადიხარ. ამით რამდენად ინტერესდებიან უცხოელი გულშემატკივრები?
– ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ საქართველო მიყვარს და მინდა, ჩემი ქვეყნის ტრადიციები, ისტორია მსოფლიოს გავაცნო. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, ჩემმა გამოსვლამ ხაზი გაუსვას ჩემს წარმომავლობას. ჩემი ნებაა, ამერიკის სახელით გამოვალ თუ საქართველოსი, მაგრამ ჩემი მთავარი მოტივაცია ჩემი ქვეყანაა. გულშემატკივრები ხვდებიან, რომ ეს ტრადიციულია. სხვათა შორის, ყველას მოსწონს. მეკითხებიან ხოლმე კონკრეტული დეტალის ისტორიას. ამ დროს საშუალება მეძლევა, რაც შეიძლება, მეტი ვილაპარაკო საქართველოზე. ჩემ გარშემო ყველამ იცის ფაფახის, დროშის, ჩოხის ისტორია. სპორტის ამ სახეობას ბევრი მაყურებელი ჰყავს, საკმაოდ პოპულარულია. ახლახან ჩატარდა ორთაბრძოლა, რომელსაც დონალდ ტრამპი დაესწრო, სპეციალურად ჩამოვიდა ამ ტურნირისთვის. ასევე, ესწრებიან „ჰოლივუდის“ ვარსკვლავები და ასე შემდეგ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბევრი ადამიანია ამ სპორტის ირგვლივ შემოკრებილი და ეს ყველაფერი საკუთარი ქვეყნის წარმოჩენის კარგი შესაძლებლობაა.
– რა სირთულის გადალახვა მოგიწია წარმატების მისაღწევად?
– შრომის გარეშე არაფერი ხდება, ნემისმიერ სფეროში აუცილებელია ბევრი შრომა. ამერიკაში როცა ჩამოვედი, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ჩვეულებრივი ტურისტული ვიზით წავედი და დავრჩი, რომ სპორტი გამეგრძელებინა. საქართველოშიც შემეძლო ვარჯიში, თუმცა დაბალ დონეზე მომიწევდა ჩხუბები და ამიტომ ვამჯობინე ამერიკაში დარჩენა. არავინ მიცნობდა, ჩემზე არავინ არაფერი იცოდა. ვარჯიშის პარალელურად, მშენებლობაზე ვმუშაობდი. ხუთი წელი დამჭირდა, რომ სახელი მომეპოვებინა და დიდი ბრძოლები მეჩხუბა. სირთულე იყო იმ მხრივ, რომ არ ვიცოდი ენა, არც გამოცდილება მქონდა და მარტო ვცხოვრობდი. ეს ამერიკაა – ქვეყანა, სადაც ყველას თავისი საქმე აქვს. მე კი ცხოვრებისეული გამოცდილებაც არ მქონდა. ამ გამოუცდელობისა და არცოდნის გამო მომატყუა ადვოკატმა და საბუთების პრობლემა ხუთი წლის განმავლობაში ვერ მოვაგვარე. ხუთი წელი არალეგალი ვიყავი, მაშინ, როცა ჩასვლიდან ექვს თვეში შემეძლო ამ პრობლემის მოგვარება. ადვოკატს თანხა გადავუხადე და გაუგებრობის გამო საქმე ვერ გავაკეთე.
– ერთხელ თქვი, ბრძოლებზე ჩემს გამარჯვებას არავინ ელოდებოდაო. რატომ?
– კი, ასე იყო, რადგან არ მიცნობდნენ. არ იცოდნენ, რა შემეძლო. სხვები ჩემზე პოპულარულები და გამოცდილები იყვნენ. მაჩხუბებდნენ მათთან, ვინც გამორჩეული იყო, შესაბამისად, მათ უკვე ჰყავდათ თავიანთი გულშემატკივარი, მე კი ახალი ვიყავი. საორგანიზაციოში ყოველთვის ცდილობენ, გამოცდილ სპორტსმენს ნაკლებად ძლიერი მოწინააღმდეგე შეურჩიონ, რადგან ის შემდეგ რეიტინგში დაწინაურდეს. ჩემზეც ასე ფიქრობდნენ და რჩეულებს მახვედრებდნენ.
– ერთ-ერთმა ცნობილმა მებრძოლმა მეტ სერამ შენი ფოტო დარბაზში დაკიდა. როგორ აღმოჩნდი მასთან?
– მეტ სერა UFC-ის ყოფილი ჩემპიონია. თავიდან მეგობართან ერთად რამდენიმე დარბაზში დავიწყე ვარჯიში, მაგრამ მივხვდით, რომ აზრი არ ჰქონდა, რადგან არ იყო ყურადღება, სწორი ვარჯიში. ბოლოს თავად მეტ სერამ მიგვიწვია თავინათ დარბაზში. დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია, მასთან ვარ, ჩემი მწვრთნელია. ამის მერე დავდე მნიშვნელოვნი შედეგები. გარკვეული წარმატების შემდეგ მან ჩემი სურათი დაკიდა დარბაზში. ეს ჩემთვის სიამაყე და მოტივაციაა.
– ჯო როგანთან მეგობრობის ისტორიაც მოგვიყევი...
– ჯო როგანს ადრე ფოტოს გადაღება ვთხოვე და მან ეს ფოტო საკუთარ ინსტაგრამგვერდზე ატვირთა. ამის მერე დავახლოვდით, გადაცემაშიც მიმიწვია, მაგრამ ძალიან დაკავებული ვიყავი და მისვლა ვერ მოვახერხე. მოსწონს ჩემი სტილი, მგულშემატკივრობს და ვმეგობრობთ.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ჯერჯერობით არ მინდა, რამე ურთიერთობა მქონდეს, კონცენტრირებული ვარ კარიერაზე. როცა ადამიანთან ვარ, მინდა, რომ ბოლომდე მასთან ვიყო. ამ ყველაფერს კი ყურადღება და დრო სჭირდება. ალბათ, არც შევხვედრივარ ისეთ ადამიანს, რომელზეც სერიოზულად ვიფიქრებ.
– შენი რჩეული ქართველი უნდა იყოს?
– ძალიან მინდა, რომ ქართველი იყო, მაგრამ, თუ ქართველი არ იქნება, ქართული აზროვნება აუცილებლად უნდა ჰქონდეს – ეროვნებით შეიძლება, პოლონელი იყოს, თუმცა საქართველოში დაბადებული. ჩემი რჩეული, პირველ რიგში, უშუალო და დამოუკიდებელი, თანამედროვე აზროვნების, რეალისტი ადამიანი უნდა იყოს.