№47 როლანდ ოქროპირიძე: ჩემი პირველი ცოლის საყვარელს ვთამაშობ
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ახალი სერიალი დაიწყო – „მისამართის გარეშე“. ერთ-ერთ მთავარ როლს კი ყველასათვის საყვარელი მსახიობი, როლანდ ოქროპირიძე თამაშობს. მისი პერსონაჟი – ლევანი, დაწინაურების მოლოდინში სამსახურის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც ოჯახში არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა... როლანდს მის გმირზე და პირად ამბებზე ვესაუბრეთ.
როლანდ ოქროპირიძე: პროდიუსერებმა დამირეკეს, რამდენჯერმე გავიარე ქასთინგი და ასე აღმოვჩნდი სერიალში. ამ როლზე ჩემ გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი გასინჯეს, ბოლოს დავრჩით მე და ვანიკო თარხნიშვილი. სინამდვილეში, ვანიკო აარჩიეს, მაგრამ ვანიკოს წასვლა მოუწია და ასე დავრჩი მე. მინდა ვთქვა, რომ ამ გუნდთან საოცრად კომფორტულად ვგრძნობ თავს. ვგულისხმობ ადამიანურ ურთიერთობებს კადრს მიღმა. მიხარია ერთი რამ, ბევრი ახალი მსახიობი თამაშობს, მაგარი გოგო-ბიჭები არიან და მჯერა, რომ მალე მათ საზოგადოება ძალიან შეიყვარებს. ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ასე კარგად, მე მგონი, არსად ვყოფილვარ. ეს მათი დამსახურებაც არის და ალბათ, ცოტა ჩემი გამოცდილებისაც.
– შენს პერსონაჟს ბევრი პრობლემა აქვს ოჯახში. თავად თუ აღმოჩენილხარ მსგავს სიტუაციაში?
– არა, მსგავსი პრობლების წინაშე არასოდეს აღმოვჩენილვარ. ჩემმა პერსონაჟმა, ლევანმა, სამსახური დაკარგა და ამას ისე განიცდიან, რომ უკვე პირად ურთიერთობას ეხება. ეს ძალიან რუტინულ ოჯახს ჰგავს და არაა კარგი. საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევში მსგავსი რამ არ მომხდარა და არც არავის ვუსურვებ. ვერ წარმომიდგენია, ცოლთან მსგავსი პრობლემები მქონდეს, რაღაც მატერიალურმა, მარტივმა საკითხებმა გამოიწვიოს უთანხმოება. უფრო მეტიც, არ შეიძლება, ცოლ-ქმარი მსგავს საკითხებზე დაობდეს. შესაძლოა, იმ მომენტში წაიწუწუნო რაღაცაზე, მაგრამ ამას სერიოზული პრობლემა არ უნდა მოჰყვეს. ყველას ვურჩევ, რომ მსგავსი საკითხები არ გააპრობლემონ. თუ მსგავსი მდგომარეობა დღევანდელ რეალობაშიც არის, ეს უგუნურებაა. მე კი არ მინდა, ჩემს ხალხს ვუყურებდე და ვფიქრობდე, რომ უგუნურება სჭირთ.
– ლევანს ჰყავს შვილი, რომელსაც მეტ-ნაკლებად იცნობს. თავად როგორი ურთიერთობა გაქვს შვილებთან?
– სამი შვილი მყავს: გიორგი, საბა და ნესტანი. თითოეულთან განსხვავებული ურთიერთობა მაქვს. უფროსი, გიო 14 წლისაა, თბილისში არ ცხოვრობს და ამიტომ ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებით, მაგრამ როცა ერთად ვართ, გარკვეული ურთიერთობა გვაქვს. მას, ძირითადად, დედა ზრდის. შუათანა, საბა, პირველი ქორწინებიდან მყავს და ისიც დიდ დროს დედასთან ატარებს. რაც შეეხება ყველაზე პატარას, ნესტანი ორი წლისაა და ის ჩემთან არის სახლში. ორი ბიჭის შემდეგ გოგოს მამობა მაგარი რამეა. რაღაც პრინცესასავითაა. რაც გოგო შვილი მყავს, იმის მერე გოგოებს ახლიდან ვიცნობ და მივხვდი, სინამდვილეში გოგონები ვინც ხართ (იცინის). გოგოებთან მიმართებაში სულ აღმოჩენაში ვარ. გადის დრო და რომ გგონია, უკვე ყველაფერი, – არა! ქალი შეუსწავლელი მდგომარეობაა. ქალის თვალებში ყოველ წამს საოცრებები ხდება.
– მეორედ დაქორწინდი, გაგვაცანი შენი მეუღლე.
– ჩემი მეუღლე არის სალომე გვენეტაძე. 2017 წელს შევქმენით ოჯახი და გვყავს პატარა გოგონა. სალომე ძალიან კარგი და საოცარი გოგოა. ის არ არის მსახიობი. ამ ადამიანმა ჩემი ცხოვრება სასიამოვნოდ შეცვალა და დაამშვიდა. ახლა ჩემთან ყველაფერი ნორმალურად არის. ყოველდღე – დილით, შუადღით, საღამოს, როცა გავიფიქრებ, რომ ჩემი მეუღლე სალომეა, გულწრფელად ვამბობ, ძალიან ბედნიერი ვარ.
– როცა ერთხელ არ გამოსდით ოჯახური ურთიერთობა, მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირთ ხოლმე...
– მე არ ვარ ასეთი ადამიანი და ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ერთხელ არ გამოდის, მეორედ უნდა სცადო. ძალიან რთული იყო ჩემთვის პირველი ოჯახის დაშლა, განვიცადე და არავის არ ვუსურვებ ამ მდგომარეობას. ცუდია, როცა ადამიანი გიყვარს, უყვარხარ, მაგრამ ურთიერთობა ყოველი მცდელობის მიუხედავად, არ გამოდის. ახლა მასთან ჯანსაღი ურთიერთობა მაქვს, კარგი მეგობრები ვართ. ცოლქმრობა არ გამოგვივიდა, მეგობრობა – კი (იცინის). გვიყვარს ერთმანეთი ისე, როგორც ადამიანებს. ჩემი შვილის დედაა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომ ხანდახან ვკამათობთ კიდეც რაღაცებზე (იცინის).
– სალომესთვის რამდენად მარტივია, იყოს მსახიობის მეუღლე? ხომ არ ეჭვიანობს ხოლმე?
– მე მგონი, არ არის რთული და მიეჩვია. თავიდან უცხო იყო მისთვის. ძალიან ჩქარა ავუხსენი და მოვუყევი, როგორ ვცხოვრობ. თავიდან დაიბნა, მაგრამ ჭკვიანი გოგოა და მიხვდა ყველაფერს. არ ეჭვიანობს, რადგან იცის, მსგავს ამბებს როგორ უნდა მიუდგეს.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– ჩვენი ურთიერთობა ძალიან უცნაურად დაიწყო. პანაშვიდზე გავიცანით ერთმანეთი, იქ შევხვდით პირველად. რომ დაინახავ და მიხვდები – აი, ეს ადამიანი გაინტერესებს და მორჩა, მსგავსი რამ დამემართა. იმ დღიდან დავიწყეთ ურთიერთობა, დაახლოებით, ორ წელიწად-ნახევარი ერთად ვიყავით. უბრალოდ, ამ ურთიერთობას ოფიციალური სახე არ ჰქონდა. მერე გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა. მარტში გახდება ხუთი წელი, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ამდენი ხანი ერთ გოგოსთან არასდროს ვყოფილვარ. ამით კიდევ იმის თქმა მინდა, რომ საოცრად კომფორტულად ვგრძნობ მასთან თავს.
– კიდევ რა ხდება შენს კარიერაში?
– მეორე სერიალში ვმონაწილეობ, რომელიც „ფორმულას“ ეთერში გავა. ეს არის დრამა, ცოტა მისტიკური ამბებით – გამოგონილ ქალაქში მიმდინარეობს მოქმედება. აქ ვთამაშობ ჩემი პირველი ცოლის საყვარელს, ასეთი უცნაური ამბავი ხდება ჩემს თავს (იცინის). პროფესიულად საკმაოდ დატვირთული პერიოდი მაქვს.
– როგორ შედგა თქვენი პარტნიორობა გადასაღებ მოედანზე?
– ჩვენ საერთოდ პირველად ვთამაშობთ ერთად და მგონი, ძალიან კარგად გამოგვივიდა. ეს, ალბათ, მაყურებელმა უნდა შეაფასოს. არანაირი დისკომფორტი არ გვქონია, პირიქით, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო მასთან თანამშრომლობა. ვიცი, რომ სოფოს მოსწონს ეს პროფესია. ჩვენთვის ცოტა სახალისო ამბავიც არის.